Accessibility links

აშშ-ის ტეხასის ხელისუფლება არ აპირებს ბრალი წაუყენოს რუსეთში ნაშვილები ბავშვის, მაქს შატოს, მშობლებს. იანვარში 3 წლის ბავშვის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვა საერთაშორისო მასშტაბის ტრაგედიად იქცა.


მაქს შატოს მშობლები და მათი მომხრეები ამ ვერდიქტს რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდნენ. ტეხასის შტატის ეკტორის საგრაფოს საოლქო პროკურორმა ბობი ბლანდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „შატოს სიკვდილის თაობაზე დაწყებული სისხლის საქმე დაიხურა“:

„მაქსიმ შატოს სიკვდილთან დაკავშირებით არც ერთი მხარის დანაშაული არ გამოვლინდა. აღნიშული საქმე ჩვენ წარვუდგინეთ ნაფიც მსაჯულთა დიდ საბჭოს და მას მივეცით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მათ, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაადგინეს, რომ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი. ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები გავაცანით საქმის ძიებაში ჩართულ ყველა პირს, რათა დაედგინათ, ხომ არ იყო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. ყველამ აღნიშნა, რომ ამ საქმეში არ იკვეთება დანაშაულებრივი ქმედება“.

3 წლის ნაშვილები ბავშვის, მაქს შატოს სიკვდილის გამო ამერიკელი ცოლ-ქმრის - ალან და ლორა შატოების - გასამართლებას რუსეთის ხელისუფლება მოითხოვდა. მაქსი (მაქსიმ კუზმინი) ამერიკელმა წყვილმა რუსეთში იშვილა. ბავშვი 21 იანვარს ტეხასის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. პროკურორი ბობი ბლანდი ადასტურებს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უყურადღებოდ მიტოვებული მაქს შატო საბავშვო მოედანზე თამაშის დროს თვითდაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა რუსეთში მაქს შატოს (მაქსიმ კუზმინის) გარდაცვალებას დიდი ხმაური მოჰყვა. მარტის დასაწყისში მოსკოვში კრემლის მომხრე ათასობით აქტივისტმა დემონსტრაცია გამართა. სწორედ მაქს შატოს სიკვდილის შემთხვევა გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი საიმისოდ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამერიკის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილება აეკრძალა.

თავად ამერიკელი ცოლ-ქმარი - ალან და ლორა შატოები - გამოძიების მსვლელობისას მედიასთან საუბარს თავს არიდებდნენ. მათ კომენტარი არც 19 მარტს, ტეხასის ნაფიც მსაჯულთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, გაუკეთებიათ. თუმცა ცოლ-ქმრის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მაიკლ ბრაუნმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლომ ერთადერთი სწორი ვერდიქტი გამოიტანა:

„ცხადია, ჩვენ ამან ძალიან, ძალიან გაგვახარა, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გავუკვირვებივართ. მე არასოდეს მიფიქრია, რომ ლაურა შატოს რაიმე დანაშაულებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ხოლო ნაფიც მსაჯულთა დიდმა საბჭომ განიხილა თავის მიერ მოპოვებული ყველა შესაძლო მტკიცებულება და დაეთანხმა ჩემს აზრს“.

თუმცა, როგორც ტეხასის შტატის ბავშვთა დაცვის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ კრიმინსმა უთხრა „ასოშიეიტედ პრესს“, მათი ორგანიზაცია განაგრძობს გამოძიებას იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი მაქს შატოზე ფიზიკურ ზემოქმედებას. გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაცია დაკვირვებას აწარმოებს მაქს შატოს 2 წლის ნახევარძმაზე, კრისტოფერზე, რომელიც შატოების ოჯახს ასევე ჰყავს ნაშვილები.

რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა აშშ-ს კრისტოფერ შატო სამშობლოში დააბრუნონ.
XS
SM
MD
LG