Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ვერ ხედავს „მაყურებლებს“?


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობასთან დაკავშირებით. სასჯელაღსრულების მე-8 და მე-2 დაწესებულებებში მოთავსებულმა ორმა პატიმარმა არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატს განუცხადა, რომ მათზე ხორციელდება ფიზიკური ძალადობა და ძალადობის მუქარა იმ მსჯავრდებულების მხრიდან, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, ზეწოლას განიცდის გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმარი შავლეგ გურგენიძე, რომელმაც ე.წ. „მუყურებლების“ არსებობის ფაქტი გაახმაურა. რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში „მაყურებლების“ სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, 2014 წლის 16 ივლისს, გააკეთა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისაკენ მოუწოდა. განცხადება ეფუძნებოდა პატიმარ შავლეგ გურგენიძის ახსნა-განმარტებას, რომლის მიხედვითაც, მე-8 დაწესებულებაში მოთვსებული კონკრეტული მსჯავრდებულები, ციხის ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ მყოფნი, სხვა პატიმრებს აიძულებდნენ დამორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს. 2014 წლის 21 ივლისს ასოციაციის ადვოკატმა მიხეილ ღოღაძემ კვლავ მოინახულა პატიმარი შავლეგ გურგენიძე, რომელმაც ამჯერად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო მას საპყრობილის უფროსის მოადგილე დაემუქრა:

„როგორც თვითონ პატიმარი განმარტავს, ადმინისტრაციის თანამშრომელმა მას უთხრა, ვნახოთ, ვის დაუჯერებენ! არ გინდა ციხიდან გასვლა?! თუ არ გინდა გასვლა, გააგრძელე დავა! აქედან გამომდინარე, გაუჩნდა შიში იმისა, რომ მის ჯანმრთელობას ან თავისუფლებას შეექმნება საფრთხე“.

ახსნა-განმარტებაში პატიმარი შავლეგ გურგენიძე მართლაც გამოთქვამს ვარაუდს, რომ შეიძლება დააბრალონ ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენია, მაგალითად, აკრძალული ნივთის შენახვა, და ამ გზით გაუხანგრძლივონ პატიმრობა.

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პატიმარი შავლეგ გურგენიძე ერთადერთი არაა, ვინც საპყრობილეების თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობასა და ე.წ. „მაყურებლებთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში იხდის სასჯელს პატიმარი ტრისტან ვასაძე, რომელიც ქუთაისში გადაყვანამდე სასჯელს მე-8 დაწესებულებაში იხდიდა. ტრისტან ვასაძემ ახალგაზრდა იურისტების ადვოკატს ახსნა-განმარტებით 2014 წლის 22 ივლისს მიმართა.

არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახდენს იმ პატიმრების მიერ გავრცელებული სიცრუის ტირაჟირებას, რომელთა არალეგიტიმური მოთხოვნები არ კმაყოფილდება...
გიგა გიორგაძე

„პატიმარი ამბობს, რომ დაუწყეს ცემა ხელებით, ფეხებით, ორლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით. ასახელებს კონკრეტულ პირებს, სახელებსა და გვარებს... საყურადღებოა ის, რომ ტრისტან ვასაძე ასევე ასახელებს მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელსაც ხელს ადებს შავლეგ გურგენიძე და ამბობს, რომ სწორედ ის სცემდა მას და მისი მითითებით სცემდნენ სხვები, რომლებიც მის წინაშე იწონებდნენ თავს“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.

კახა კოჟორიძის თქმით, ახსნა-განმარტებებში ასახული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს დროულ გამოძიებას. ვითარებაში გარკვევის მიზნით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს, გიგა გიორგაძეს, რომელმაც ერთი კვირის წინ პატიმარ შავლეგ გურგენიძის ბრალდების პასუხად განაცხადა:

„ეს არის აბსურდული განცხადება. არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახდენს იმ პატიმრების მიერ გავრცელებული სიცრუის ტირაჟირებას, რომელთა არალეგიტიმური მოთხოვნები არ კმაყოფილდება და ამის გამო ცდილობენ პროვოკაციები მოაწყონ".

ამჯერად გიგა გიორგაძემ და სასჯელაღსრულების სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი იმის გამო განაცხადეს, რომ მინისტრის მოხსნის შემდეგ უფლებამოსილება შეუჩერდათ, თუმცა საპყრობილეებში ეგრეთ წოდებული „მაყურებლებისა“ და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ფლობს სახალხო დამცველი უჩანა ნანუაშვილი:

„პრობლემები არსებობს გარკვეულ დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ცხადია, არსებობს ციხის სუბკულტურა და შესაბამისი იერარქიები. ეს არ არის ახალი. მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გავლენა ამ კულტურის და გადადგმული იქნეს სწორი ნაბიჯები, რათა ციხე იმართებოდეს თანამედროვე მეთოდებით“.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მანკიერი პრაქტიკის სახით ჩამოყალიბდა პატიმრების დაუსაბუთებელი გადაყვანა ერთი საპატიმროდან მეორეში.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი არასამთავრო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სკეპტიკურად ეკიდებიან. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მზად არის აამუშაოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ ხელთ ექნება მართლა სარწმუნო ფაქტები. თუმცა პასუხად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების მიხედვით, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, თუკი მედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG