Accessibility links

logo-print

საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების დახურვას მოითხოვს და აცხადებს, რომ იქ არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, უსაფრთხოების ღონისძიებების გადაჭარბებული გამოყენების პრაქტიკა, არასათანადო სამედიცინო მომსახურება, სარეაბილიტაციო აქტივობების არარსებობა, ოჯახის წევრებთან და, ზოგადად, გარე სამყაროსთან საკმარისი კონტაქტის უქონლობა შეუძლებელს ხდის პატიმრების მიერ სასჯელის მოხდას მათი ღირსების პატივისცემის პირობებში. N7 დაწესებულების დახურვის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს ომბუდსმენმა ჯერ კიდევ 2013 წელს, ციხეში ვიზიტის შემდეგ, მისცა. სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ამავე დაწესებულებაში არსებული პირობები 2015 წლის ზაფხულში ისევ შეისწავლა და დაადგინა, რომ იქ ვითარება არათუ გამოსწორდა, არამედ, პირიქით, მკვეთრად გაუარესდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პატიმრები ნაკლებად ჩივიან, თუმცა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ის პირობები, რომლებშიც მათ პატიმრობის ვადის მოხდა უწევთ, წესრიგის დაცვას ეჭვქვეშ აყენებს და ფიზიკური ძალადობის საფრთხეს ზრდის.

პირველ სართულზე, რომელიც მიწაშია, არის უმძიმესი მდგომარეობა და იქ ისევ რჩებიან პატიმრები. იქ ბუნებრივი განათება თთქმის არ არის. სარკმელსაც ვერ დავარქმევ, იმდენად პატარა ზომის სივრცეა, საიდანაც სინათლე და ჰაერი აღწევს...

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ციხეში სავალალო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებია. ძირითადი საცხოვრებელი საკნების ფართი არ შეესაბამება პატიმრობის კოდექსის მოთხოვნებს. გაუმართავი სავენტილაციო სისტემის გამო პატიმრები სუფთა ჰაერით ვერ სუნთქავენ, საკნებში არ არის ბუნებრივი განათება, საპირფარეშო არის მეტად მცირე ზომის, მცირეა სასეირნო ფართიც.

„გაუმჯობესებული, ფაქტობრივად, არაფერი დაგვხვდა. ყველა საკანში ისევ იყო ვენტილაციის პრობლემა. პირველ სართულზე, რომელიც მიწაშია, არის უმძიმესი მდგომარეობა და იქ ისევ რჩებიან პატიმრები. იქ ბუნებრივი განათება თთქმის არ არის. სარკმელსაც ვერ დავარქმევ, იმდენად პატარა ზომის სივრცეა, საიდანაც სინათლე და ჰაერი აღწევს“, - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და შესაბამის უწყებას სთხოვს დახურვამდე დაწესებულების პირველი სართული მაინც განტვირთონ.

ვითარების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო დროს მეშვიდე დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობის გაორმაგებაა. კანონით დადგენილი სტანდარტი, რომ თითო პატიმარზე 4 კვადრატული მეტრი უნდა მოდიოდეს, ამ დაწესებულებაში დარღვეულია.

გადაუჭრელი პრობლემაა სამედიცინო მომსახურება, განსაკუთრებით ფსიქიკური პრობლემის მქონე პატიმართათვის, დაწესებულებაში არ მიმდინარეობს ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები.

„ციხის საერთაშორისო რეფორმა - საქართველოს“ წარმომადგენელი, იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ასევე იცნობს N7 საპყრობილეში არსებულ ვითარებას, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ ომბუდსმენის ანგარიში ზუსტად ასახავს იქ არსებულ მდგომარეობას. ამ დაწესებულების დახურვა საჭიროა იმიტომ, რომ მისი გადაკეთება შეუძლებელია, - ასე ხსნის ნაზი ჯანეზაშვილი სახალხო დამცველის მოთხოვნას და იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც ლაპარაკობს, რომელთაც N7 საპყრობილე ვერ აკმაყოფილებს:

ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

„ამ დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები არღვევს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც კი პატიმართა უფლებებს შეეხება. ასეთი სტანდარტები ჩაწერილია არაერთ კონვენციაში, რომლებსაც საქართველოც არის მიერთებული, თუმცა ეს ჩვენთან არსებული სამწუხარო პრაქტიკაა, რომ ხელს ვაწერთ ასეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მაგრამ არასოდეს ვასრულებთ“.

ციხეში არსებული ვითარების თაობაზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 23 სექტემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილსაც შეხვდა და ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიში პირადად გააცნო. როგორც ნათია კაციტაძემ უთხრა ამ შეხვედრის შედეგებზე საუბრისას რადიო თავისუფლებას, სასჯელაღსრულების მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ პატიმრებს დაწესებულების პირველ სართულს დაატოვებინებენ, თუმცა მეშვიდე დაწესებულების დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG