Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნუსების წყვილის მძიმე განაჩენი


ბაქო
ბაქო

ბაქოში სასამართლომ მძიმე განაჩენი გამოუტანა ცოლ-ქმარს, იუნუსების უფლებადამცველ წყვილს. ლეილა იუნუსს რვა-ნახევარი წლით აღეკვეთა თავისუფლება, მის ქმარს, მძიმედ დაავადებულ არიფს, - შვიდით.

ხუთშაბათს გამოტანილმა ვერდიქტმა დაასრულა პროცესი, რომელიც მართლმსაჯულების ფარისევლობად იყო შერაცხული როგორც განსასჯელების, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ.

პროკურორები 11-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ ლეილა იუნუსისთვის, რომელსაც ბრალს სდებდნენ ეკონომიკურ დანაშაულებში, მათ შორის, თაღლითობაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და უკანონო ბიზნესაქტივობაში, მისი ქმრის, თაღლითობაში ბრალდებული არიფ იუნუსისთვის კი ცხრაწლიან პატიმრობას ითხოვდნენ.

პროცესის გახსნისას არიფ იუნუსმა სასამართლოს განუცხადა, „ჯალათებს მოვუწოდებ ის გააკეთონ, რასაც მოისურვებენო“. ამ განცხადების შემდეგ იუნუსმა გონება დაკარგა.

წყვილის სასამართლო პროცესი დაიწყო 27 ივლისს. არიფ იუნუსი პროცესზე ძლივძლივობით ახერხებდა წამოჯდომას, მას მუდმივად ექიმების დახმარება სჭირდებოდა, ნემსების ჩათვლით.

სასამართლომ რამდენჯერმე თქვა უარი დაცვის მხარის თხოვნაზე არიფ იუნუსი შინაპატიმრობაში ჰყოლოდათ, რათა მკურნალობის გავლა შეძლებოდა. არიფ იუნუსს გულის დაავადება აქვს და ბოლო 18 თვის განმავლობაში ორი ინსულტი გადაიტანა.

უცხოეთის დიპლომატიურ მისიათა წარმომადგენლებს, უფლებადამცველებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების საშუალება არც ხუთშაბათს მისცეს, ისევე როგორც არ აძლევდნენ მთელი პროცესის განმავლობაში.

59 წლის ლეილა იუნუსი, რომელმაც არარეგისტრირებული ორგანიზაცია „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“ დააარსა, მწვავედ აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას. ვიდრე შარშან, ივლისში, დააპატიმრებდნენ, მუშაობდა პროექტზე აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების შესახებ.

60 წლის არიფი ცნობილი ისტორიკოსია და კავკასიის კონფლიქტებზე მუშაობს. მის კვლევებში ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა მთიან ყარაბაღს, ძირითადად სომხებით დასახლებულ რეგიონს, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანს ადრეულ 1990 წლებში ომის შედეგად წაართვეს სომხური ძალების მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა.

არიფ იუნუსი გასული წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას შემდეგ ის და მისი მეუღლე განცალკევებით ჰყავთ დაკავებული, სხვადასხვა საკანში.

წყვილი აქტიურად გამოდიოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შერიგებისა და მშვიდობის დამყარების მოწოდებებით.

ეკონომიკურ ბრალდებებთან ერთად, იუნუსებს სამშობლოს ღალატის ბრალდებაც წაუყენეს, მათი სამუშაოს გამო. სამშობლოს ღალატის ბრალდებას მომავალი სასამართლო პროცესი განიხილავს.

თავად იუნუსები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ყველა ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

წყვილის წინასწარი პატიმრობა, რომლის დროსაც ორივეს ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა, დაგმეს და მწვავედ გააკრიტიკეს აშშ-მა და ევროკავშირმა, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა - „ჰიუმან რაიტს უოჩმა“, „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ.

წყვილის შვილმა, დინარამ, ივნისში განაცხადა, რომ დედამისს დიაბეტი და C ჰეპატიტი აწუხებს.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ დინარამ ფეისბუკზე დაწერა, „ჩემს მშობლებს დღეს სიკვდილი მიუსაჯეს, დღესვე მათი უკანასკნელი შეხვედრა შედგაო“.

ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ განაჩენს „სრული ფარისევლობა“ უწოდა. მისმა წარმომადგენელმა, ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების მკვლევარმა ტანია ლოკშინამ შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ნათელია, რომ პროცესი არ ეხება გადასახადებს, რაიმე მნიშვნელოვან რეგულაციებს ან უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების რეგულაციებს. საქმე გვაქვს ადამიანების დასჯასთან, მათ განადგურებასთან - ადამიანებისა, რომლებიც ძალიან სუსტად გრძნობენ თავს, რომელთა ჯანმრთელობა ისეა შერყეული, რომ შეიძლება ცოცხლებმა ვერც მოიხადონ სასჯელი“.

აზერბაიჯანის მთავრობამ განაჩენი უნდა გააუქმოს და წყვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოსო, ტვიტერით დაწერა რეიჩელ დენბერმა, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ.

ვერდიქტი დაგმო ეუთომაც. მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზაციის წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა ასევე ტვიტერით გაავრცელა შეტყობინება, ლეილა და არიფ იუნუსებისთვის განაჩენის გამოტანით აზერბაიჯანი კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე დაეცაო.

იუნუსების წყვილი იმ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მთავრობის კრიტიკოსებს შორისაა, რომლებიც აზერბაიჯანის ციხეებში სხედან. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სისტემატურად ატარებს დისიდენტების გაჩუმებისკენ მიმართულ კამპანიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG