Accessibility links

logo-print

მეცხვარეები მთის საძოვრებზე ადგილის გამოყოფასა და საიჯარო ხელშეკრულებების დროულად გაფორმებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ცხვარი თუ ზაფხულის საძოვრების გარეშე დარჩა, ბარში უმეტესი მათგანი დაიხოცება. რა პასუხი მიიღეს მეცხვარეებმა და დაიწყებენ თუ არა ისინი ქუჩის აქციებს?

ელდარ სამხარაძე შიშობს, რომ წელს საკუთარ ცხვრის ფარას მთის საძოვრებზე ვეღარ აძოვებს. მიზეზი მთაშიუადგილობაა. მეცხვარე ამბობს, რომ ლაგოდეხის მთის საძოვრები რამდენიმე მეცხვარემ მიისაკუთრა და ამიტომ მის ფარას ზაფხულის გატარება ბარში მოუწევს:

„თუ საძოვრად ვერ წავიყვანე, ბანკში მივიყვან, რადგან 17 ათასი ლარი მაქვს გადასახადი... აბა, რა ვქნა, რა გავაკეთო, სად წავიყვანო? მეცხვარეთა ნაწილი ამბობს, რომ საძოვრები მათია, თუმცა საკუთრების დამადასტურებელი საბუთები არ აქვთ. ეს მთა ყველასია...“

სამხარაძის მსგავსად, პრობლემა ლაგოდეხში კიდევ რამდენიმე ათეულ მეცხვარეს აქვს. არსებულ ვითარებაში ყოველი მათგანი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

მთის საძოვრების გადანაწილება და საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება - მეცხვარეებმა ეს მოთხოვნები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობას და ადგილობრივ თვითმმართველობას სამუშაო შეხვედრაზე გააცნეს. შეხვედრა, რომელსაც ათეულობით მეცხვარე დაესწრო, ურთიერთდაპირისპირებისა და ბრალდებების ფონზე 2 საათს გაგრძელდა.

მეცხვარე: „დღევანდელ შეხვედრაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ ზაფხულის საძოვრებთან დაკავშირებით. სად უნდა წაიყვანოს მოსახლეობამ ცხვარი, ამ დრომე არ ვიცით. არადა, თუ ბარში დაგვრჩა, მათი უმეტესობა დაგვეხოცება“.

მეცხვარეთა მოთხოვნების გათვალისწინებას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მომავალ წელს გეგმავს. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბერიძე ამბობს, რომ უწყება საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებას 2016 წლიდან დაიწყებს, მანამდე კი მთის საძოვრებით სარგებლობა ყველა იმ მეცხვარეს შეუძლია, რომელთა რეგისტრაციასაც თვითმმართველობა მოახდენს. ბერიძის თქმით, „საძოვარი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და მისი მითვისება კონკრეტული მეცხვარეების მხრიდან უკანონოა“:

„გამგეობამ, საკრებულომ და საკრებულოში არსებულმა კომისიამ ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა მოახდინონ იდენტიფიცირება, ვის და როგორ უნდა გადაუნაწილონ ეს მიწები. ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაკრესის“ წარმომადგენელი მეცხვარეებს ცხვრის შემცირების რეკომენდაციას აძლევს. კახა არცივაძის სიტყვებით: „ლაგოდეხში მთის საძოვართა დიდი ნაწილი დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს“. მისივე თქმით, ორგანიზაციამ აღნიშნულ ტერიტორიებზე გასულ წელს კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გადაეგზავნება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამჟამად ლაგოდეხში 15 ათას სულამდე ცხვარია, რომელიც 10 ათასამდე უნდა შემცირდეს, რადგან საძოვრების ნაკლებობაა.

„15 ათასი სული ცხვარი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ძოვს და ამას ემატება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ზედმეტია დააუცილებლად უნდა შემცირდეს ან სხვა ტერიტორიებზე გადანაწილდეს. სხვა შემთხვევაში აქ არსებული ფართობები ამ რაოდენობის ცხვრის მოსაძოვებლად არასაკმარისია“.

ლაგოდეხის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მეცხვარეთა რეგისტრაციის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და ყოველი მათგანის ინტერესი გათვალისწინებული იქნება. მათი ინტერესების დროულ დაცვას მოითხოვენ მეცხვარეებიც, თუ არადა, ქუჩის აქციებს გამართავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG