Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი უარს ამბობს ტელევიზიაზე


თუ ტელეკომპანია „მე-9 არხსა“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ს“ 1 სექტემბრამდე არ გამოუჩნდა ახალი მფლობელი, ისინი შეწყვეტენ საქმიანობას - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ტელეკომპანია „მე-9 არხი“ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიხსნა და მისი მფლობელი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა. ტელეკომპანიაზე უარის თქმის მიზეზად პრემიერ-მინისტრი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს და განმარტავს, რომ მის ოჯახს, ამ თვალსაზრისით, ტელევიზიის ფლობა „უხერხულობას უქმნის“. გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიის თანამშრომლებმა დღევანდელ თათბირზე შეიტყვეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადების ტექსტი, რომელშიც მისი და მისი ოჯახის გადაწყვეტილებაა ახსნილი, ასე სრულდება:

„დღეიდან, 19 აგვისტოდან, 1 სექტემბრამდე კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს.

თუ 1 სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია.

მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს“.

ვფიქრობ, ჯობდა შენარჩუნებულიყო და ყოფილიყო კიდევ ერთი თავისუფალი მედიასაშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პრემიერის ოჯახის მფლობელობაში, რაც აჩენს კითხვებს და ეჭვებს...
ნინო ლომჯარია
ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებების გასხვისების მიზეზებსაც ხსნის და განმარტავს:
„რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნას აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს სასათბურე პირობებს უქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს“, ის უარს ამბობს ტელევიზიაზე.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დღიდან სურდა ტელეკომპანიაზე უარის თქმა, მაგრამ მედიასაშუალების მყიდველი ვერ მოიძებნა, ბოლოს კი ერთ-ერთმა მყიდველმა 16 აგვისტოს თქვა უარი. ბიძინა ივანიშვილი არხის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს მადლობას უხდის მათ მიერ გაწეული მუშაობისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ როდესაც ტელევიზია აწყობილია, პოპულარულია და მის გადაცემებს და თოქ-შოუებს მაყურებელი ჰყავს, სულ მცირე, ძალიან გულდასაწყვეტია მისი დახურვა. ნინო ლომჯარიას სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერის ოჯახს საინფორმაციო არხი ექნებოდა, ეს ვერ შეფასდებოდა ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ ფაქტად, ვინაიდან არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ ჩნდებოდა:

„ვფიქრობ, ჯობდა შენარჩუნებულიყო და ყოფილიყო კიდევ ერთი თავისუფალი მედიასაშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პრემიერის ოჯახის მფლობელობაში, რაც აჩენს კითხვებს და ეჭვებს, მაგრამ, მის მიერ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, განსაკუთრებულად არ ესმებოდა ხაზი იმას, რომ ის იყო ძალინ მიკერძოებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, თვითონ ქვეყნის მედიაგარემოსთვის უმჯობესი იყო არსებულიყო და გაეგრძელებინა მუშაობა“.

საქართველოში რაც მეტი არხი იქნება, მე ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემ დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი, რაც ყოფილა. რაც უფრო მეტი არხი იქნება, მით უფრო მეტი საშუალება ექნება ადამიანს, მიიღოს თუნდაც არასწორი ინფორმაცია...
მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ შესაძლო დახურვის თემას გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც და განაცხადა, რომ ცუდია ტელევიზიების დახურვა და ისიც დასძინა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში ტელევიზიები მხოლოდ იხსნებოდა:

„საქართველოში რაც მეტი არხი იქნება, მე ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემ დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი, რაც ყოფილა. რაც უფრო მეტი არხი იქნება, მით უფრო მეტი საშუალება ექნება ადამიანს, მიიღოს თუნდაც არასწორი ინფორმაცია, მერე ბევრ არასწორ ინფრომაციას რომ შეადარებს, რაღაც სწორი ინფორმაცია გამოვა“.

განცხადებას, რომ ტელევიზიის გასხვისება სურდა, პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე აკეთებდა და ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად არხის „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შერწყმასაც განიხილავდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. საბოლოოდ, პრემიერი იძულებული გახდა ამ განზრახვაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ის არხის უმტკივნეულოდ გასხვისების თაობაზეც საუბრობდა. როგორც ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, გადაწყვეტილების შესახებ, რომ არხი 1 სექტემბრიდან მაუწყებლობას შეწყვეტს, თუ ახალი მფლობელი არ გამოჩნდა, მათ მხლოდ დღევანდელ თათბირზე შეიტყვეს:

„ცოტა ხნის წინ იყო თათბირი. ჩაატარა არხის გენერალურმა დირექტორმა და ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ 10 დღის განმავლობაში არხი აგრძელებს მუშაობას. ამ ათი დღის განმავლობაში ჟურნალისტები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას - უნდათ, გააგრძელებენ მუშაობას, უნდათ, არ გააგრძლებენ, თუმცა არ არის მფლობელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ აქ ტრაგედია არაფერი არ არის, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და თავისი დასასრული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ათი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ. აქ არის გუნდი შეკრებილი, ძალიან მაღალი პროფესიონალები, და მათ არ გაუჭირდებათ სხვა ტელევიზიებში გადანაწლება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში არხის შესაძლო დახურვას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ეს მედიაგარემოზე უსათუოდ იმოქმედებს:

„ჩვენ მუდმივად ვიღებდით სიგნალებს, რომელიც უკავშირდებოდა „მე-9 არხზე“ განხორციელებულ შემცირებებს, ხელმძღვანელობის ცვლილებებს დ ა.შ. რა თქმა უნდა, პლურალისტური გარემო მედიის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის - და არა მარტო წინასაარჩევნოდ, ზოგადადაც - და ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთი რამ ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაანალიტიკოსის მამუკა ანდღულაძის აზრით კი, მიღებული გადაწყვეტილების ერთმნიშვნელოვანი შეფასება გაჭირდება. ერთი მხრივ, ცუდი არ არის, როცა პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო პერიოდში უარს ამბობს მედიის ფლობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, იქ დასაქმებული ადამიანები დროებით ან გარკვეული დროით უმუშევრად დარჩებიან. ამასთან, მამუკა ანდღულაძის სიტყვებით, ზოგადად, „მე-9 არხის“ მომავალი ბურუსით იყო მოცული, ღიად არასოდეს თქმულა, რომ იყიდებოდა არხი, რაც, გარკვეულწილად, პრობლემას ქმნის.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG