Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მე-9 არხის” შეძენის მსურველები ჩნდებიან


„მე-9 არხის“ გაუკვეველი მომავალი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00
გადმოწერა
მიუხედავად იმისა, რომ 19 აგვისტოს საღამოს 9 საათიდან ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა, ტელევიზიის ჟურნალისტები დღეს ისევ შეიკრიბნენ მათთვის უკვე ყოფილ სამუშაო მაგიდებთან. განცხადება ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ლიკვიდაციის შესახებ - იმ შემთხვევაში, თუ მას 1 სექტემბრამდე მყიდველი არ გამოუჩნდა - პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გაავრცელა, დღეს კი უკვე არხის შეძენის მსურველთა განცხადებები გაჩნდა. რა პროცესები ვითარდება ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გარშემო?

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ რამდენიმესართულიანი შენობის პირველ სართულზე დამლაგებლები მუშაობენ. შენობის მესამე სართულზე მდებარე საეთერო სტუდია ჩაბნელებულია, თუმცა სტუდიის მომიჯნავე - შუშით გამოყოფილ - ნიუსრუმში რამდენიმე ჟურნალისტი ჩართული კომპიუტერის განათებულ მონიტორზე გამოსახულ ფეისბუკის გვერდს ათვალიერებს. მათ სიუჟეტებზე მუშაობა 19 აგვისტოს შეწყვიტეს.

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე სემინარზე იმყოფებოდა, როცა მობილურზე მიიღო კოლეგის გზავნილი, რომ არხი იხურება. მიუხედავად იმისა, რომ ხმები არხის შესაძლო გასხვისების შესახებ სმენოდა, მობილურის ეკრანზე ამოკითხული ტექსტი მისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა:

„იგეგმებოდა ახალი სეზონიდან ახალი პროექტები, ახალ ჟურნალისტებთან იგეგმებოდა ხელშეკრულებების გაფორმება და, შესაბამისად, არანაირად არ იყო იმის წარმოდგენა შესაძლებელი, რომ არხი შეიძლებოდა დახურულიყო“.
სამაგიეროდ, არხის გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ამბობს, რომ არხის გასხვისების თაობაზე ყველამ ყველაფერი იცოდა, ტელევიზიის სამომავლო გეგმებში კი, მისი თქმით, სატენდერო პირობების მომზადებაა. არ არის გამორიცხული, რომ არხის ტექნიკა ლიცენზიის დაბრუნების ეტაპზე მყოფ ტელეკომპანია „იბერიას“ შესთავაზონ:

რა მნიშვნელობა აქვს ამას?! იყო გასაყიდად გატანილი. რაღაც სპეციალური საიტები იყო, სადაც ეს ინფორმაცია იდო. იქ ვიღაცებმა ნახეს, ვიღაცებს მოეწონათ, ვიღაცებს არა და მერე, საბოლოო ჯამში, თქვეს უარი...
ლუბა ელიაშვილი
„’იბერია’ იბრუნებს თავის სიხშირეს, რამდენადაც მე ვიცი, და, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ გაიხსნას და შესაძლებელია, რომ „მე-9 არხის“ ბაზა „იბერიასაც“ შევთავაზოთ“.

ლუბა ელიაშვილისვე სიტყვებით, მანამდე არხის - და არა მისი სახელის - გაყიდვას მისი მესაკუთრე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი კარგა ხნის განმავლობაში ცდილობდა, კითხვაზე კი, რატომ არ იყო ეს პროცესი საჯარო, პასუხობს, „საჯარო რატომ უნდა ყოფილიყო, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხომ არ იყოო?!“

„რა მნიშვნელობა აქვს ამას?! იყო გასაყიდად გატანილი. რაღაც სპეციალური საიტები იყო, სადაც ეს ინფორმაცია იდო. იქ ვიღაცებმა ნახეს, ვიღაცებს მოეწონათ, ვიღაცებს არა და მერე, საბოლოო ჯამში, თქვეს უარი. ყიდვის მსურველი ზოგი ქართველი იყო, ზოგი ბალტიისპირელი და ა.შ.“.

ლუბა ელიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არხს მყიდველი გამოუჩნდა, ის, იმ პირობით, რომ შეინარჩუნებს თანამშრომლებს, მიიღებს ფასდაკლებას - ტელეკომპანიის საერთო ღირებულების მესამედ ფასად შეიძენს ტელევიზიას. არხის ტექნიკური ბაზის საერთო ღირებულება კი, დაახლოებით, 47 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს იქნება ძალიან სერიოზული პრეცედენტი და დემოკრატიისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ეს იქნება გაცილებით მეტი გარანტია,- ამაზე შეუძლებელია კამათი იყოს, - ვიდრე ერთი ან ორი მილიონერის ხელში რომ მოხვდეს...
საინიციატივო ჯგუფი
არხის შეძენის სურვილი გამოთქვა საინიციატივო ჯგუფმა. როგორც მისი წარმომადგენელი, „მე-9 არხის“ ყოფილი თანამშრომელი ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, სოციალურ ქსელში უკვე 3 ათასს მიაღწია იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც, არხის შეძენის მიზნით, სააქციო საზოგადოებას შექმნის. მათი სურვილის შესახებ საინიციატივო ჯგუფმა უკვე აცნობა პრემიერ-მინისტრს წერილობით:

„ეს იქნება ძალიან სერიოზული პრეცედენტი და დემოკრატიისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ეს იქნება გაცილებით მეტი გარანტია,- ამაზე შეუძლებელია კამათი იყოს, - ვიდრე ერთი ან ორი მილიონერის ხელში რომ მოხვდეს“.

არხის სიმბოლურ ფასად გადაცემის სურვილს გამოთქვამს ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილიც.

წინასწარ მოფიქრებული პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს „მე-9 არხის“ შესაძლო დახურვას თსუს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია. მისი სიტყვებით, პრობლემა, რომელიც ამ ხელისუფლებას შეექმნა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისაა, რომ მან ვერ მოახერხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მაყურებლის წართმევა. მათ კარგად გააანალიზეს, რომ ტელეკომპანია, რომელშიც ისინი ხარჯავდნენ ძალიან დიდ ფულს, მაინც ვერ იყო „რუსთავი 2“-ის საპირწონე. ამასთან, კორნელი კაკაჩიას მიაჩნია, რომ ხელისუფლება ცდილობს შექმნას ერთი დიდი, სუპერტელევიზია, ანუ მხარდამჭერი, რომელიც დააბალანსებს „რუსთავი 2“-ს.

როგორც ვითარდება ქართული ბიზნესი, როგორი კონკურენტული გარემოც აქვს ქართულ ბიზნესს, იმის პარალელურად განვითარდება ქართული ტელევიზია და იმ ფულს დახარჯავს, რომელიც არის კომერციულ სივრცეში...
ზვიად ქორიძე
„მეჩვენება, რომ თითქოს მიმდინარეობს „იმედის“ გაძლიერება, გამომდინარე იქიდან, რომ „მე-9 არხი“ მაინც ვერ გახდა „რუსთავი 2“-ის საპირწონე, როგორადაც შეიძლება თავიდან იყო ჩაფიქრებული. სწორედ ამიტომ ისმება აქცენტი იმაზე, რომ იქნებ „იმედი“ გახდეს „რუსთავი 2“-ის საპირწონე და კონკურენციის პირობებში ცოტა წინ წამოიწიოს. ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანს“.

კორნელი კაკაჩიას სიტყვებით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა „მე-9 არხის“ ჟურნალისტები და ახლა, როცა აღარ სჭირდება, ერთი ხელის მოსმით იშორებს მათ, მედიის მიმართ ამგვარმა დამოკიდებულებამ კი შეიძლება საზოგადოებაში საერთოდ ჟურნალისტებისადმი ნდობის დეფიციტი შექმნას.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე კი, პირიქით, ფიქრობს, რომ პრემიერის ამგვარმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს ქართულ მედიაზე: ამის შემდეგ ქართული მედია, სავარაუდოდ, აღარ წავა პოლიტიკური ფულისკენ და იქნება ორიენტირებული ბიზნესგარემოზე, რაც მედიის თანაბარ პირობებში ყოფნას შეუწყობს ხელს:

„როგორც ვითარდება ქართული ბიზნესი, როგორი კონკურენტული გარემოც აქვს ქართულ ბიზნესს, იმის პარალელურად განვითარდება ქართული ტელევიზია და იმ ფულს დახარჯავს, რომელიც არის კომერციულ სივრცეში - არ წავა პოლიტიკურ ბაზარზე და პოლიტიკოსებისგან არ წამოიღებს ფულს. და მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს, აი, ახლა“.

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ მფლობელი შპს „აქცეპტია“ რომლის 80 პროცენტი ეკუთვნის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს. არხი ლიკვიდირებული იქნება, თუ 1 სექტემბრამდე მყოდველი არ გამოუჩნდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG