Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია და პოლიტიკა ბრიტანეთში


მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი ჩვენებას აძლევს ეთიკის საკითხების კომისიას
მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი ჩვენებას აძლევს ეთიკის საკითხების კომისიას
ბრიტანეთში გრძელდება გამოძიება ამ ქვეყნის მედიასთან პოლიტიკოსების კავშირში გასარკვევად. უკვე ნათელია, რომ კავშირი მჭიდროა, რის გამოც ხშირად ისმის შეკითხვა: ხომ არ ზარალდება ქვეყანა საინფორმაციო საშუალებებთან გავლენიანი პოლიტიკოსების მჭიდრო ურთიერთობით?

მიმდინარე კვირაში რამდენიმე ბრიტანელი პოლიტიკოსი გამოცხადდა ეთიკის საკითხთა საგანგებო კომისიაში. კომისიის წევრებმა, მათ შორის თავმჯდომარემ - მოსამართლე ბრაიან ლივსონმა - მოუსმინეს ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალის, ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებს: ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ჯონ მეიჯორს და გორდონ ბრაუნს, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ედ მილიბენდს. ხუთშაბათს დაკითხავენ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, დევიდ კამერონს.

ყოველ მათგანს უწევს ჩვენების მიცემა ჟურნალისტების უკანონო ქმედებით, პირველ რიგში, ტელეფონების მოსმენით გამოწვეული სკანდალის გამო შარშან
ჩვენ მართლაც ვიგებთ, რომ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ძალიან დაუახლოვდა პრესის ზოგ ელემენტს...
მარტინ მური

დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. მართალია, გამოცემა, რომლითაც ყველაფერი ეს დაიწყო, შარშან, ივლისში დაიხურა (საუბარია მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის კუთვნილ ტაბლოიდზე „ნიუს ოვ ზე ვორლდზე“), მაგრამ სკანდალი არათუ არ დასრულებულა, ის სულ უფრო ფართოვდება. დაპატიმრებული ან თანამდებობებიდან გათავისუფლებულია ათობით ჟურნალისტი და ოფიციალური პირი.

„ჩვენ მართლაც ვიგებთ, რომ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ძალიან დაუახლოვდა პრესის ზოგ ელემენტს, განსაკუთრებით (რუპერტ მერდოკის მედიაკომპანიებს) „ნიუს კორპორეიშნსა“ და „ნიუს ინტერნეიშნალს“, რადგან ისინი დომინირებდნენ, მათ ხელში იყო გაერთიანებული სამეფოს პრესის თითქმის 40 პროცენტი... მაგრამ მჭიდრო იყო ურთიერთობა ზოგ სხვა ორგანიზაციასთანაც“, - ამბობს დამოუკიდებელ ორგანიზაცია „მედია სტანდარტ ტრასტის“ ხელმძღვანელი, მარტინ მური, რომლის ჯგუფსაც ევალება მედიასთან ურთიერთობის ახალი სტანდარტების შემუშავება და მათს დაცვაზე ზრუნვა.

მურის განმარტებით, პოლიტიკოსებს ერთი მხრივ „შიში“, მეორე მხრივ “სარგებლის“ სურვილი ამოძრავებთ მედიასთან ურთიერთობისას.

რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს „შიში“, კარგად ჩანს ყოფილი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის მაგალითზე. რუპერტ მერდოკს ნათქვამი აქვს, რომ 2010 წელს მას თვით გორდონ ბრაუნმა დაურეკა და დაემუქრა, რომ ლეიბორისტული პარტია „ომს უცხადებდა მის კომპანიას“, რახან გაზეთმა „სანმა“ 2010 წელს ლეიბორისტების მხარდაჭერა შეწყვიტა და მისი პოლიტიკური მეტოქის, კონსერვატიული პარტიის მხარეს გადავიდა. თვით გორდონ ბრაუნი უარყოფს ბრალდებას.

თუმცა, ეთიკის საკითხების კომისიას ყველაზე მეტად „სარგებლის“ ასპექტი აინტერესებს. ამ კვირაში ცდილობენ დაადგინონ, ბრიტანეთის მმართველი კოალიცია (კონსერვატიული და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიები) მეტისმეტად ახლოს ხომ არ იყო რუპერტ მერდოკის მედიაიმპერიასთან, სწორედ სარგებლის მიღების იმედით.
ზედაპირს როგორც კი მოჩიჩქნი, ხვდები, რომ მართლაც ძალიან ძლიერია მჭიდრო ურთიერთობები ამ ორ ელიტას - პოლიტიკურ ელიტასა და მედიაელიტას - შორის. ეს კი ათასგვარ გავლენას ახდენს პოლიტიკის მიმართულებაზე, კანონების მიღებაზე, პოლიტიკურ დღის წესრიგზე, იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ პოლიტიკოსები...
ნატალი ფენტონი

გამოთქვამენ, მაგალითად, ვარაუდს, რომ კულტურის სამინისტრო ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა რუპერტ მერდოკს თავისი იმპერიის BSkyB-ით - ბრიტანეთში უდიდესი ფასიანი ტელევიზით - გასაფართოებლად.

მედიისა და კომუნიკაციის საკითხების ექსპერტი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ნატალი ფენტონი აღნიშნავს, რომ განვლილ ათწლეულებში ბრიტანული ტაბლოიდების გავრცელების შთამბეჭდავმა მასშტაბმა და წარმატებამ პოლიტიკოსები, უბრალოდ, დამოკიდებული გახადა მათგან მხარდაჭერაზე.

„ზედაპირს როგორც კი მოჩიჩქნი, ხვდები, რომ მართლაც ძალიან ძლიერია მჭიდრო ურთიერთობები ამ ორ ელიტას - პოლიტიკურ ელიტასა და მედიაელიტას - შორის. ეს კი ათასგვარ გავლენას ახდენს პოლიტიკის მიმართულებაზე, კანონების მიღებაზე, პოლიტიკურ დღის წესრიგზე, იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ პოლიტიკოსები - რა მიმართულება მისცენ პოლიტიკას, როგორ შეიძლება ეს მედიაში გამოჩნდეს, როგორ შეუძლიათ ამაზე გავლენის მოხდენა“, - განმარტავს ბრიტანელი ექსპერტი.

ეთიკის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებაში არ შედის იმის დადგენა, დაარღვია თუ არა კანონი რომელიმე პოლიტიკოსმა. მისი ამოცანაა, ნათელი მოჰფინოს მედიასთან პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ურთიერთობას და, როგორც ბევრი იმედოვნებს, დასახოს გზები პრობლემისთვის თავის დასაღწევად.

კომისია მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც ოქტომბერში გადასცემს მთავრობას.
XS
SM
MD
LG