Accessibility links

logo-print

მედია - სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობი


მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა

მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ინიციატივით, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტიკის როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში. როგორც ცნობილია, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩაკეტილი გზებისა და ოკუპირებული ტერიტორიების იზოლირების გამო, ოსურ და ქართულ საზოგადოებას შორის კონტაქტები სულ უფრო შემცირდა. არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც მხარეები პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ, და, ასევე, რამდენიმე სამოქალაქო ფორმატი. ორივე მხარის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მესამე ქვეყნებში ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს, თუმცა სრულფასოვანი ურთიერთობების აღსადგენად ეს საკმარისი არ არის. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა წაიკითხეს მოხსენებები ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რაიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც მედიის წარმომადგენლები მუშაობის პროცესში აწყდებიან და ასევე ბარიერებზე, რომლებსაც ცხინვალელ კოლეგებთან ურთიერთობისას ხვდებიან. სიძულვილის ენა, სტერეოტიპები როგორც ქართულ, ისე ოსურ მედიაში ჯერ კიდევ მრავლადაა. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონალური დირექტორი ბექა ბაჯელიძე აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია მზადაა ჟურნალისტებს დაეხმაროს.

შეხვედრაზე გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სამშვიდობო ჟურნალისტიკაში გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია. მისიის წარმომადგენელმა ან ვასენმა იმ პირობების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საკონკურსო მასალა უნდა აკმაყოფილებდეს. მაღალპროფესიული სტანდარტის გარდა, უმთავრეს კრიტერიუმად სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობი მედიაპროდუქცია მიიჩნევა.

შეხვედრაზე მყოფმა ჟურნალისტებმა კონფლიქტის ზონაში ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით სადამკვირვებლო მისიას საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები შესთავაზეს. „მაესტროს“ ჟურნალისტი ია თინიკაშვილი ფიქრობს, რომ ის გამოცდილება, რაც ადგილობრივ ჟურნალისტებს რეგიონში მუშაობისას დაუგროვდათ, გასათვალისწინებელია.

ინტერნეტგამოცემა qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც სამშვიდობო პროცესში არიან ჩართულნი, მნიშვნელოვანია ინფორმაცია პირველი წყაროდან მიიღონ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობას სხვადასხვა ფორმატში გააგრძელებს, ეს იქნება საჯარო დისკუსიები და ტრენინგ-სემინარები, რაც როგორც პროფესიული სტანდარტის, ისე სამშვიდობო პროცესში მედიის როლის გაზრდას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG