Accessibility links

ხუთ მილიონ დოლარზე მეტი რეგიონალური მედიაორგანიზაციებისთვის


„მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ პროგრამის პრეზენტაცია

„მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ პროგრამის პრეზენტაცია

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განაგრძობს საქართველოში მედიის განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების დაფინანსებას. პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში მოქმედი მედიაორგანიზაციების ხელშეწყობას, რაც გამოიხატება როგორც ტექნიკით უზრუნველყოფაში, ისე ტრენინგების გამართვაში. ხუთ წელიწადზე გათვლილი პროგრამის ბიუჯეტი ხუთ მილიონ დოლარს აღემატება.

პროგრამა „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ (M-TAG) პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის“ (TAG) ნაწილია. ახალი პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ახალი მედიის ინიციატივის (NMI) ეგიდით განხორციელებული პროექტები. ახალი პროგრამის ძირითადი სამიზნე ჯგუფი რეგიონებში არსებული მედიაორგანიზაციებია.

„აირექსის“ წარმომადგენელი ლია ჩახუნაშვილი ამბობს, რომ დაფინანსების მიღების შანსი ექნებათ მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციებს, რომლებმაც წლების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მაღალია როგორც მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე ჟურნალისტური სტანდარტები. არის კიდევ ერთი კრიტერიუმი - თუ რამდენად ცდილობენ რედაქციები მათი ორგანიზაციის დამოუკიდებელ ბიზნესსტრუქტურად ჩამოყალიბებას.

„ეს ჯგუფი 5 წლის განმავლობაში მიიღებს ფართო სპექტრის ტექნიკურ დახმარებას ჩვენგან და ჩვენი პარტნიორებისგან. მათ საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა მთელ რიგ ტრენინგებში, ასევე ჩვენს საგრანტო კონკურსებში კონტენტის წარმოებისთვის და ბიზნესიდეების დასაფინანსებლად“, - ამბობს ლია ჩახუნაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი აღწერს, თუ როგორ მოახერხა ცენტრმა დროთა განმავლობაში საგრანტო დაფინანსების შემცირება. მისი თქმით, ცენტრის საკუთარმა შემოსავლებმა უკვე 33 პროცენტი შეადგინა:

„2010 წლიდან 2013 წლის პირველ ნახევრამდე მხოლოდ მედიაპროდუქტს ვაწარმოებდით. შესაბამისად, ვერ ვშოულობდით ფულს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გადაგვერჩინა თავი იმ შემთხვევაში, თუ გრანტი აღარ გვექნებოდა. ამ დროის განმავლობაში დაგვიგროვდა უამრავი საკონტაქტო ინფორმაცია. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბევრისთვის ცნობათა ბიუროსთან ასოცირდებოდა, ამიტომ ხშირად რეკავდნენ და ჩვენ სრულიად უფასოდ გავცემდით ინფორმაციას. შემდეგ, „აირექსის“ დახმარებთ, ეს ზარები ფასიანი გახდა“.

მარინა კუპატაძე, რომლიც ბორჯომის ტელევიზიას წარმოადგენს, ამბობს, რომ G-Media პროგრამაში მონაწილეობამ მათი საქმე მნიშვნელოვნად წასწია წინ:

„დავიწყეთ პირველი ტელეხიდების გაკეთება, დავაფუძნეთ ტელევიზიასთან არსებული ტრენინგცენტრი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლების რიცხი თითქმის ათჯერ გაიზარდა“...

„აირექსის“ დემოკრატიის მმართველობისა და მედიაგანყოფილების ხელმძღვანელი ლეონ მორზე აცხადებს, რომ ტელევიზიებს ისევ დაეხმარებიან, ოღონდ თბილისგარეთ, ანუ რეგიონებში.

„დაახლოებით 15-20 მედიაორგანიზაციასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, რათა გაუმჯობესდეს როგორც მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის, ასევე ინფორმაციის მიწოდების ხარისხი. ვმუშაობთ ტელევიზიებთანაც, ოღონდ მხოლოდ რეგიონებში, რადგან ისინი უფრო ნაკლებად არიან ფინანსებით უზრუნველყოფილი. სჭირდებათ დახმარება ბიზნესდაგეგმარებაში და კიდევ მრავალ სხვა ასპექტში“.

ვფიქრობთ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გადავცემთ, მედიაორგანიზაციები შეძლებენ სახელმწიფოს ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოების მონიტორინგს...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ პროგრამა ხუთი წელი გრძელდება და ამიტომაც შესაძლოა რაღაცები გზადაგზა კიდევ უფრო დაიხვეწოს:

„ვფიქრობთ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გადავცემთ, მედიაორგანიზაციები შეძლებენ სახელმწიფოს ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოების მონიტორინგს და ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდას“.

„ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია“ პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია. მისი ხელმძღვანელი, თამარ რუხაძე, ამბობს, რომ ეცდება პროგრამის განსახორციელებლად საკუთარი გამოცდილება სწორედ ჟურნალისტური ეთიკის განვითარების კუთხით ჩადოს.

„რა არის შედეგი ამ თანამშრომლობის და, საერთოდ, იმის, რომ ქარტია არსებობს და ვინმე და, მათ შორის, „აირექსი“, ეხმარება ქარტიას? ეთიკური ცვლილებები არის ძალიან რთული და ამას არ ჰყოფნის არც ერთი და არც ხუთი წელი. მაგრამ ნელ-ნელა მივიწევთ და მივდივართ იქით, საითაც უნდა მიდიოდეს სწორი გზა პროფესიული და ეთიკური მედიისთვის“.

დაფინანსების მოპოვების მსურველთათვის ღია კარის დღე 26 ნოემბერს გაიმართება, განაცხადი კი „აირექსის“ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. წარმოდგენილ განაცხადებს „აირექსი“ და მისი პარტნიორები შეაფასებენ.

XS
SM
MD
LG