Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცენზორი ქვეყნების ათეული


3 მაისს მსოფლიოში აღინიშნება პრესის თავისუფლების დღე. ამის გამო ბოლოხანს ხშირად ეხება საუბარი პრესისა და, ზოგადად, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ 1 მაისს გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე. ამ ანგარიშის მიმოხილვა უკვე შემოგთავაზეთ. მომდევნო დღეს კი მედიის თავისუფლების ამსახველი კვლევის შედეგები გაავრცელა კიდევ ერთმა ავტორიტეტიანმა ჯგუფმა - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა. თუმცა, "ფრიდომ ჰაუსისაგან“ განსხვავებით, ამ ორგანიზაციის ანგარიშში ვეცნობით ინფორმაციას მხოლოდ ქვეყნებზე, რომლებშიც განსაკუთრებით მკაცრია მედიის ცენზურა.

ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ასახელებს 10 ქვეყანას, რომლებიც გამოირჩევიან მედიის ცენზურის სიმკაცრით. მათ შორის აღმოჩნდა ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაც - უზბეკეთი და ბელორუსია.

„უზბეკეთში არ მოქმედებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. დაბლოკილია ზოგი უცხოური ვებსაიტი და ზოგი საძიებელი სიტყვაც კი. ხუთი ჟურნალისტი იხდის ხანგრძლივ პატიმრობას. უცხო ჟურნალისტებს არ ეძლევათ ქვეყანაში მუშაობის უფლება“ - ამბობს "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" დირექტორის მოადგილე, რობერტ მეჰონი. მისივე თქმით, უზბეკეთში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს შორის ორი, ოპოზიციურ გაზეთ „ერკის“ რეპორტიორები მუჰამედ ბეკჯანოვი და იუსუფ რუზიმურადოვი ჯერ კიდევ 1999 დააპატიმრეს - ისინი მთელს მსოფლიოში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს შორის, ყველაზე დიდი ხანია, იმყოფებიან ციხეში.

ბელორუსიის მთავრობა რეიდებს აწყობს გაზეთებში, ახდენს აღჭურვილობის კონფისცირებას, აპატიმრებს ჟურნალისტებს და მოგზაურობას უკრძალავს რეპორტიორებს ...
რობერტ მეჰონი
ხანგრძლივი ვადით, ოღონდ მმართველობის ხანგრძლივი ვადით გამოირჩევა უზბეკეთის პრეზიდენტიც, ისლამ ქარიმოვი, რომელიც 1989 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. მის ქვეყანას მეექვსე ადგილი ერგო პრესის ცენზურის სიმკაცრით გამორჩეული ქვეყნების სიაში.

სიის შესადგენად ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა გამოიყენა კრიტერიუმები, როგორიცაა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლება, კერძო პირთა მფლობელობაში მყოფი მედიის არსებობა.

ცენზურის სიმკაცრით, პირველი ადგილი მიაკუთვნეს აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ერითრეას, რომელსაც მოჰყვებიან ჩრდილოეთი კორეა, სირია და ირანი. ბელორუსიას ბოლო, მეათე ადგილი ერგო.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის შეფასებით, მას შემდეგ, რაც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, წერტილი დაესვა ბელორუსიაში თავისუფალი პრესის არსებობას. თუმცა მანამდეც, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" წარმომადგენლის თქმით, იყო ჟურნალისტებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევები, გარდა ამისა, გამოუძიებელი დარჩა, სულ ცოტა, სამი ჟურნალისტის გარდაცვალება.

„ბელორუსიის მთავრობა რეიდებს აწყობს გაზეთებში, ახდენს აღჭურვილობის კონფისცირებას, აპატიმრებს ჟურნალისტებს და მოგზაურობას უკრძალავს რეპორტიორებს. ბელორუსიის დამოუკიდებელი პრესის ნარჩენები იატაკქვეშეთში მუშაობს. დამოუკიდებელი ვებსაიტები დაბლოკილია და ინტერნეტში შესასვლელად იდენტიფიკაციას გთხოვენ“, აღნიშნავს "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" დირექტორის მოადგილე, რობერტ მეჰონი.

პრესის ცენზურის სიმკაცრით გამორჩეული 10 ქვეყნის გარდა, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ანგარიშში დასახელებულია ექვსი ქვეყანა, რომლებსაც ცოტა დააკლდათ ათეულში მოსახვედრად. ამ ქვეყნებს შორისაც ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა - თურქმენეთი და აზერბაიჯანი.
XS
SM
MD
LG