Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიამონიტორინგი: პოლიტიკური რეკლამა და თემატური გაშუქება


დღეს ორმა ორგანიზაციამ, ”ადამიანის უფლებების ცენტრმა” და ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი, რომელსაც ”ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს”, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, ”იმედზე”, ”რუსთავი 2” -ზე, ”კავკასიაზე”, ”მაესტროსა” და ”მეცხრე არხზე” გასული პოლიტიკური და სოციალური რეკლამების დაკვირვებას ითვალისწინებს. ამჯერად „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მედიამონიტორინგის 30 ივლისი -26 აგვისტოს შედეგებს აქვეყნებს. მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში, წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და პროსახელისუფლებოდ მიჩნეულ დანარჩენ არხებზე შემცირდა სამთავრობო უწყებათა მიღწევების ან მათი მომსახურების ამსახველი სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

”გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სოციალური რეკლამები, რომელსაც ჰქონდა ფარული რეკლამის ნიშნები, შემცირდა“, გვითხრა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვებპორტალის მთავარმა რედაქტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა. მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ სარეკლამო ჭრებში ბალანსი ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდაა დარღვეული, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეკლამები თითქმის ყველა არხზე, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, გაცილებით მეტი სიხშირით გადის და, შესაბამისად, მეტი საეთერო დროც ეთმობა. რაც შეეხება უშუალოდ რეკლამის სუბიექტებს, ანუ მათ, ვის შესახებაც რეკლამა მოგვითხრობს, ამ თვალსაზრისით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის შედეგების თანახმად, ყველაზე მეტი სიხშირით შუქდება კოალიცია ”ქართული ოცნება”, თუმცა პროსახელისუფლებო არხებზე 80-90 პროცენტი - უარყოფითი ტონით. გამონაკლისი ამავე მიმართულებით, „ქართული ოცნების“ გარდა, აღმოჩნდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საუბარია მის უარყოფითად გაშუქებაზე ლეიბორისტული პარტიის მიერ.
სამწუხაროდ, ანგარიშის შედეგი აჩვენებს, რომ რეკლამის თანაბარი დროით გამოყენების ეს მნიშვნელოვანი საკითხი, ფაქტობრივად, დაუბალანსებელია, ერთი პარტიის სასარგებლოდ ...
უჩა ნანუაშვილი

”ადამიანის უფლებების ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ, წინასაარჩევნოდ პარტიების მიერ პოლიტიკური რეკლამის თანაბარი დროით გამოყენების უფლების აშკარა დარღვევის გარდა, სხვა საკანონმდებლო გადაცდომებიც აშკარაა:

”სამწუხაროდ, ანგარიშის შედეგი აჩვენებს, რომ რეკლამის თანაბარი დროით გამოყენების ეს მნიშვნელოვანი საკითხი, ფაქტობრივად, დაუბალანსებელია, ერთი პარტიის სასარგებლოდ. ასევე არის გამოყენებული ერთი პარტიის - კონკრეტულად, ”ქართული ოცნების” - წინააღმდეგ საკმაოდ არაეთიკური მიდგომებიც. შეიძლება ითქვას, კანონმდებლობით აკრძალულ ნიშნებს შეიცავს რამდენიმე რეკლამა. იმავე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას აქვს ადგილი, რაც არის, ფაქტობრივად, დარღვევა კანონმდებლობის. რა თქმა უნდა, ასეთი უარყოფითი ტონით გაშუქება ასევე არის საკმაოდ სერიოზული დარღვევა, რომელიც მოქმედებს უშუალოდ საარჩევნო გარემოზე.“

წინასაარჩევნო პერიოდის თემატურ მონიტორინგს, თავის მხრივ, 1 ივლისიდან აწარმოებენ ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და ”მემო 98”. მათი მონიტორინგის პირველი და მეორე შუალედური ანგარიში, მთლიანობაში, 4 კვირის შედეგებს მოიცავს. 11 ტელევიზიის („საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „მეცხრე არხი“, „რეალ-ტვ“, „25-ე არხი“, აჭარის ტელევიზია, „ტვ რიონი“ და „მეგა ტვ“) საუკეთესო საეთერო დროს დაკვირვების საგანი იყო წინასაარჩევნო მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა. ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორის თამარ კორძაიას თქმით, შეფასების ყველა კომპონენტი საბოლოოდ იმის განსაზღვრას ემსახურებოდა, არხი მიკერძოებულია თუ არა და იცავს თუ არა ბალანსს:
‘კავკასიის’ საინფორმაციო გამოშვებას, მაგალითად, აქვს პრობლემა, რომ მოკვლევითი ხასიათის მასალები ნაკლებია. დაბალანსებულობის საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა, სხვებთან შედარებით, საინფორმაციო გამოშვება ...
ზვიად ქორიძე

” ‘საზოგადოებრივი მაუწყებლის’ პირველი არხი - ზოგადი შეფასება არის კარგი ხარისხის, თუმცა არის, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როდესაც გამოვლინდა არასრულყოფილი ბალანსი. ფაქტების არასრულად წარმოჩენის შემთხვევებიც გამოვლინდა. ამ ორი მონიტორინგის პერიოდში ერთხელ გამოვლინდა გადაცემა ”აქცენტებში” მიკერძოებული შეკითხვის დასმის ფაქტი.”

მონიტორინგის შედეგების თანახმად, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მაჩვენებელი ”კარგ ხარისხს” უახლოვდება, თუმცა ამ ტელევიზიებს დაბალი მაჩვენებელი აქვთ ისეთ კომპონენტში, როგორიცაა ბალანსი. „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ საქმიანობის ხარისხი ასევე კარგ კრიტერიუმს უახლოვდება, თუმცა არხების მიუკერძოებლობის ხარისხს, ანგარიშის თანახმად, საგრძნობლად აამაღლებს პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ შეკითხვების მიუკერძოებლად დასმა. „რეალ-ტივი“ ყველაზე დაბალი შეფასებით გამოირჩევა და ”სუსტ ხარისხს” ვერ სცდება ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, გაშუქების ტონი, ბალანსი. რაც შეეხება „კავკასიას“, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ იგი დაბალანსების მაღალი ხარისხით გამოირჩევა:

” ‘კავკასიის’ საინფორმაციო გამოშვებას, მაგალითად, აქვს პრობლემა, რომ მოკვლევითი ხასიათის მასალები ნაკლებია. დაბალანსებულობის საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა, სხვებთან შედარებით, საინფორმაციო გამოშვება, თუმცა ამას ვერ ვიტყვით, მაგალითად, თოქ-შოუებზე - თემების შერჩევით, თემების აქტუალობით, კითხვის დასმის კულტურით და ასე შემდგომ.”

„საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის“ მედიამონიტორინგის პირველი და მეორე შუალედური ანგარიშების თანახმად კი, თემის შესაბამისობისა და აქტუალობის თვალსაზრისით, თერთმეტივე ტელეკომპანიის შედეგი დაახლოებით ერთნაირად მაღალია და ის კარგსა და მაღალპროფესიულ სტანდარტებს შორის მერყეობს.
XS
SM
MD
LG