Accessibility links

logo-print

მედიაპლურალიზმი და თანაარსებობა ძალადობის გარეშე


"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია

როგორი მედიაგარემო იქნება 2016 წლის არჩევნებისთვის საქართველოში და როგორ უნდა განიმუხტოს დაძაბულობა, რომელსაც პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი კრიზისის წინაპირობად მიიჩნევს? - ამ თემებზე დისკუსიები ბოლო დღეებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საქართველოში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომელიც აღნიშნავს, რომ დემოკრატიული მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეთა თავისუფლების დაცვა, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის წვდომაზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთრების უფლების საკითხზე, 26 ოქტომბერს გაგრძელდება. „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის დასრულებამდე, საქმის სამართლებრივ მხარეზე არაფერს ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მარკ ტონერი. იგი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად უდგება ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც ქვეყანაში მედიაპლურალიზმის რისკის ქვეშ დაყენების შთაბეჭდილებას დატოვებს. მარკ ტონერი ამბობს, რომ მთავარი ტელეარხის დახურვა ან პოტენციური დახურვა მნიშვნელოვნად შეავიწროებს მედიასივრცეს საქართველოში და ეს არის შეშფოთების მიზეზი.

“ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ხშირად შეგვიქია საქართველოს ღია მედიაგარემო. ის საერთაშორისო დონეზე აღიარებულია როგორც მოდელი რეგიონში და გვჯერა, რომ დემოკრატიული მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეთა თავისუფლების დაცვა, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია თავისუფალი და შეუზღუდავი მედიის წვდომაზე. ასე რომ, ზოგადად, ჩვენთვის იმედისმომცემია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის არსებული ღია გარემო. მთავრობამ ბევრი რეფორმა განახორციელა, მათ შორის ის, რაც ზრდის კონტროლსა და ბალანსს. ჩვენთვის ასევე იმედისმომცემია უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული პროკურატურის შექმნას. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, გვაშფოთებს ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი მთავარი მედიამაუწყებლის დახურვა საქართველოში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით, ეს განცხადებები ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც ხელისუფლების პირველი პირები ამბობენ:

“ტელევიზიის დახურვას არავინ არ დაუშვებს, მესაკუთრეთა შორის სამართლებრივ დავაში ხელისუფლება არ ჩაერევა, ტელევიზიას უნდა ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა და ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ, პირველ რიგში, მშვიდ, ნორმალურ და კარგ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა. ის, რაც ხელისუფლების მხრიდან არის ტვირთად ასაღები ისე, რომ არ ჩაერიოს ტელევიზიის შიდა საქმიანობაში, ეს იქნება უზრუნველყოფილი“.

თავის მხრივ კი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ბოლო დღეებში ოფიციალურ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებიდან სწორედ იმათი უპირატესობა გამოყო, რომლებიც დიალოგისა და სიმშვიდისკენაა მიმართული, კერძოდ, განცხადებები საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის. მათგან პირველი, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩართულია პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტორებთან დიალოგის რეჟიმში, მეორემ კი განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უნდა თქვას უარი ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებასა და ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციისა და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი.

თუმცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვის პარალელურად გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებს მოჰყვა ძალადობრივი ქმედებებიც: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა ორგანიზებული ხასიათი მიიღო და მასში, „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივისტებთან ერთად, სოფლის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. ამ ინფორმაციას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა თანახმადაც, ძალადობის გამართლებად და წახალისებად აღიქმება, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მადლობლები უნდა იყვნენ, რომ მათ ხალხმა ის არ გაუკეთა, რაც წამების ამსახველ ვიდეოებშიაო. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია მიანიშნებს ერთიან გეგმაზე, რომელიც მიმართულია მრავალფეროვანი და კრიტიკული საჯარო სივრცის დავიწროებისაკენ, ჩნდება სამოქალაქო დაპირისპირების რისკი და საფრთხე ექმნება მრავალპარტიულ დემოკრატიას, რაშიც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. რამდენად დროული და ეფექტურია შექმნილ ვითარებაში სამართალდამცავთა რეაგირება? - კომენტარისთვის განცხადების ერთ-ერთი ხელისმომწერი ორგანიზაციის - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ - წარმომადგენელს, სოფო ვერძეულს, მივმართეთ:

“როგორც ცნობილია, ამ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება გაკეთდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და გაჟღერდა, რომ ჩატარდება გამოძიება. ჯერჯერობით გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია თუ მსვლელობა არ არის ცნობილი. ცალკეულ შემთხვევებში ვიცით, რომ რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, თუმცა სრული სურათის გამოძიება, მისი ორგანიზებული ხასიათის შესწავლა, მთავარი ორგანიზატორების გამოკვეთა, როგორც ცნობილია, ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოებს არ გაუკეთებიათ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ იყო ცალკეული - ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ინდივიდუალური - შემთხვევები, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომსაგამოძიებო ორგანოები სრულ სურათს წარუდგენენ საზოგადოებას“.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ იკვეთება გარკვეული კავშირები ასევე წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების პროცესში, რაც შესაძლოა ასევე მის ორგანიზებულ ხასიათზე მიუთითებდეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ რადიკალური ჯგუფების მცირედი წახალისებაც კი შეიძლება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს და ამიტომ მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, სათანადოდ გაიაზრონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG