Accessibility links

logo-print

ჰომოფობია, სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოს მედიაში


სიძულვილის ენა და ქსენოფობია, ჰომოფობია და გენდერული იდენტობა და ანტიდასავლური პროპაგანდა მედიაში – ეს ის სამი მიმართულებაა, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი საქართველოს გაეროს ასოციაციის დახმარებით უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იკვლევდა. ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები კი 2 ივნისს კლუბ „ფრონტლაინში“ გახდა ცნობილი. ანგარიში სულ სამი გამოცემისგან შედგება და აერთიანებს დაკვირვებებს მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე, მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებზე, სასულიერო პირებსა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებზე. მედიის განვითარების ფონდმა ძირითადად 6 მოქმედი გაზეთი, 5 ტელევიზია, 6 საინფორმაციო პორტალი, მედია-კავშირი „ობიექტივი“ და ტელეკომპანია „ტაბულას“ ტოქ-შოუები შეისწავლა.

გაზეთები – „ასავალ-დასავალი“, „პრაიმ ტაიმი“, „კვირის ქრონიკა“, „ალია“, „კვირის პალიტრა“. ტელევიზიები – „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“, ასევე მედია კავშირი „ობიექტივი“ და ტელეკომპანია „ტაბულა“. საინფორმაციო პორტალები - „საქინფორმი“, „ინტერპრესნიუსი“, „ნეტგაზეთი“, „პირველი“, „რეპორტიორი“, „საქართველო და მსოფლიო“, Geoworld.ge– სწორედ ესაა ის მედია სივრცე, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი ერთი წლის მანძილზე აკვირდებოდა და ყველა იმ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ, სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამს, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის მაგალითებს აღრიცხავდა, რომელსაც თავად მედიის წარმომადგენლები და მათი რესპონდენტები იყენებდნენ.

მაგალითად, თურქოფობიული განწყობები სწორედ ანტიდასავლური კონტექსტის მატარებელია, რადგან ნატოში საქართველოს ინტეგრაცია წარმოჩენილია, როგორც თურქეთის ჯარის ექსპანსია საქართველოში...

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ანტიდასავლური განწყობების მთავარი წყაროც მედიაა, რასაც 325 გამოვლენილი შემთხვევაც მოწმობს. მათგან, ამ მხრივ, გამოკვლევის თანახმად, მოწინავეა მედია-კავშირი „ობიექტივი“. ბეჭდურ მედიაში ანტიდასავლური განწყობები ხშირია „გაზეთ „ალიასა“ და „კვირის ქრონიკაში“. საინტერესოა ის მესიჯებიც, რასაც, როგორც წესი, მედიაში ანტიდასავლური პროპაგანდა ებმის.

მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ როგორც ქსენოფობიურ, ისე ჰომოფობიურ განწყობებს სწორედ ანტიდასავლური კონტექსტი აქვს. ამიტომაც გამოიყო კვლევისას ეს ნაწილი ცალკე:

„მაგალითად, თურქოფობიული განწყობები სწორედ ანტიდასავლური კონტექსტის მატარებელია, რადგან ნატოში საქართველოს ინტეგრაცია წარმოჩენილია, როგორც თურქეთის ჯარის ექსპანსია საქართველოში. ეს კი, თითქოსდა, გამოიწვევს კონფლიქტებს სამცხე-ჯავახეთში, იმიტომ, რომ თურქები შემოვლენ და დაიკავებენ ამ ტერიტორიას. ცხადია, ეს არის სპეკულაციების თემა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური განზომილება და ამ თვალსაზრისით საყურადღებოა“.

„ე.წ. მეინსტრიმულ მედიაში უფრო სტანდარტების პრობლემა გვხვდება“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი. მისი თქმით, ამის გამოსწორება, თვითრეგულირების მექანიზმის შემუშავების შემთხვევაში, შესაძლებელია. დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება სხვა მედია საშუალებები, რომელთა რეიტინგი ჯერ არავის გაუზომავს. არავინ იცის ზუსტად, მაგალითად, რამხელა აუდიტორია ჰყავს „ობიექტივს“, სადაც, კინწურაშვილის თქმით, ძირითადად, ერთგვაროვან მოსაზრებებს ვისმენთ და განსხავებული აზრისთვის სივრცე არ რჩება“.

ჰომოფობიურ გამონათქვამებსაც ანტიდასავლური საფუძველი აქვს. გენდერული იდენტობის, ლგბტ თემის წევრობა – ეს სწორედ ის თემებია, რომლებიც დასავლეთის საწინააღმდეგო კონტექსტში გამოიყენებოდა...

მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილია ჰომოფობიური გამოხატვის 331 და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის 74 ფაქტი. საყურადღებოა, რომ წყაროებიდან მედია ლიდერობს, მედიას პოლიტიკური პარტიები, თანამდებობის პირები და სასულიერო პირები მოსდევენ. მედიის სიის სათავეში, ამ მხრივ, აქაც და სხვა ჭრილში კვლევის დროსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი დგას“. მას მოსდევს „კვირის ქრონიკა“, „ საქინფორმი“, „ობიექტივი“ და სხვ. პარტიებს შორის ჰომოფიობიური გამონათქვამებით პირველ სამეულში არიან „ბურჯანაძე – ერთიანი დემოკრატები“, „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“. კონკრეტული მაგალითების წაკითხვა გამოცემაშია შესაძლებელი.

მონიტორინგის ანგარიშის სწორედ ამ ნაწილის ავტორი, თამარ ხორბალაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოება, როგორც წესი, სათანადოდ ვერ აფასებს ხოლმე იმ უარყოფით გავლენას, რაც შესაძლოა, საჯაროდ თქმულ სიტყვასა თუ გამონათქვამებს მოჰყვეს. სიძულვილის ენით გამოწვეული საფრთხის გაცნობიერება კი, მისი სიტყვებით, არის მედიის, პოლიტიკოსების და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვისაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

„ჰომოფობიურ გამონათქვამებსაც ანტიდასავლური საფუძველი აქვს. გენდერული იდენტობის, ლგბტ თემის წევრობა – ეს სწორედ ის თემებია, რომლებიც დასავლეთის საწინააღმდეგო კონტექსტში გამოიყენებოდა. ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ კონტექსტსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში. ამით ბოლო რამდენიმე წელი წინა წლებისგან განსხვავდება, რადგან ადრე წამყვანი თემა უფრო ის იყო, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა და გადახრა იყო, დღეს კი მან ანტიდასავლური დატვირთვა შეიძინა“.

მე მგონია, ამ პრობლემასთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა ის, რომ ის მედია, რომელიც არ ეწევა ამ ტიპის პროპაგანდას, მეტად გაძლიერდეს. კონტრპროპაგანდის შექმნა არ მგონია გამოსავალი...

სიძულვილისა და ქსენოფობიური განწყობის გამოხატვის საერთო რიცხვი უკანასკნელ ერთ წელში 573-ს შეადგენს. მათგან ყველაზე მეტი, 200 შემთხვევა თურქოფობია/ისლამოფობიაზე მოდის, ყველაზე მცირე, 36 კი – არმენოფობიაზე. პოლიტიკურ პარტიებში, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური გამონათქვამების მხრივ, რიგითობა ასე ნაწილდება: „პატრიოტთა ალიანსი“, „სახალხო კრება“, „ქართული ოცნება“, „ბურჯანაძე-დემოკრატები“, „ლეობორისტული პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“, „სახალხო პარტია“.პოლიტიკური პარტიები სიძულვილის ენას, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იყენებდნენ, სასულიერო პირების სიძულვილის ადრესატი ლგბტ პირები იყვნენ.

მონიტორინგის შედეგები მოისმინა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ. მან აღნიშნა, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა მხოლოდ რამდენიმე მედიისათვის დამახასიათებელი ნიშანია და იმედოვნებს, რომ, ძირითად, მედია საშუალებებში იგივე ტენდენცია არ გადავა. თუმცა, მისთვის საინტერესო იქნებოდა იმის კვლევაც, თუ საზოგადოების რა ნაწილი არის სწორედ ამ მედიის მომხმარებელი.

„მე მგონია, ამ პრობლემასთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა ის, რომ ის მედია, რომელიც არ ეწევა ამ ტიპის პროპაგანდას, მეტად გაძლიერდეს. კონტრპროპაგანდის შექმნა არ მგონია გამოსავალი. გასაგებია, რომ დღეს ჩვენთვის დასავლური პროპაგანდა შესაძლოა, უფრო მისაღები იყოს, მაგრამ თავად პრინციპი პროპაგანდისა მაინც მიუღებელია. რეალურად სჯობს, რომ სიმართლით და ნამდვილი ახალი ამბებით ებრძოლო იმას, რასაც ანტიდასავლურ პროპაგანდას ვუწოდებთ“.

თამარ რუხაძე შენიშნავს, რომ ჟურნალისტური ქარტიის მე-7 მუხლი („ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით"),ყველაზე ხშირად საჩივრდება. თუმცა, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში არაერთჟურნალისტს თავად აქვს ჰომოფობიური თუ ქსენოფობიური განწყობა. თამარ რუხაძე მიიჩნევს, რომ თუ ჟურნალისტი ამ განწყობებს საკუთარი განათლებით, გამოცდილებით, საკუთარ თავზე მუშაობით ვერ დაძლევს, იმდენს მაინც უნდა ეცადოს, რომ ეს პრობლემა საკუთარ ჟურნალისტურ ნამუშევარში არ გამოავლინოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG