Accessibility links

logo-print

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აქვეყნებს ანგარიშს მედიის მდგრადობის ინდექსის შესახებ, რომელშიც 2016 წლის მონაცემებია შესული. გამოკვლევის შედეგები დაფუძნებულია როგორც მედიის წარმომადგენლების, ისე მედიის მომხმარებელთა შეფასებებსა და კომენტარებზე. რა გამოწვევებია ქართულ მედიაში და რა რეკომენდაციები აქვთ ფოკუსჯგუფების წარმომადგენლებს?

2,42 ქულა - ეს არის მაჩვენებელი იმ 4-ქულიანი მაქსიმუმიდან, რომელიც ქართულმა მედიამ მდგრადობის ინდექსის მიხედვით მიიღო და ამ მიმართულებით მდგომარეობა, შარშანდელთან შედარებით, მცირედით გაიუარესა.

მედიის მდგრადობის ინდექსი ხუთი კომპონენტით იზომება. ამ კომპონენტებს შორისაა სამართლებრივი გარემო, ჟურნალისტიკის ხარისხი და მედიის მენეჯმენტის პრაქტიკა. ეკა ბასილაია, მედიის მდგრადობის ინდექსის ამოცანათა თანაავტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მდგრადობის ინდექსი საქართველოში არასდროს ჩამოსულა არამდგრადი, არათავისუფალი პრესის ნიშნულამდე, თუმცა, ამასთანავე, არც არასდროს მიუღწევია მდგრადობის ნიშნულისთვის:

ეკა ბასილაია

ეკა ბასილაია

„თუ ავიღებთ ბოლო სამ წელიწადს, მედიის მდგომარეობა მერყეობს ერთსა და იმავე ნიშნულის ფარგლებში, რასაც შეიძლება ვუწოდოთ მდგრადთან მიახლოებული მედიასისტემა, რაც, კიდევ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გულისხმობს იმას, რომ გვაქვს ხელშეწყობა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მედიაპროფესიონალების მხრიდან, რომ გვქონდეს თავისუფალი მედიაინსტიტუტები და ისინი ფუნქციონირებდნენ გამართულად. თუმცა იმისათვის, რომ სისტემა იყოს მდგრადი, ამას სჭირდება ბევრი დრო“.

აღსანიშნავია, რომ მედიამდგრადობის ინდექსის გამოსავლენად გამოკვლევის ავტორები ფოკუსჯგუფებთან მუშაობენ, ფოკუსჯგუფებში კი შედიან როგორც პრაქტიკოსი ჟურნალისტები, ისე მედიაექსპერტები და მედიასივრცეში დასაქმებული ადამიანები. 2016 წლის მედიამდგრადობის ინდექსს, წინა წლებთან შედარებით, გამოარჩევს ის, რომ წელს ამ გამოკვლევას დაემატა კიდევ ერთი ფოკუსჯგუფი - ამჯერად უკვე მედიის მომხმარებლებით დაკომპლექტებული ჯგუფი. პასუხობს თუ არა მედია მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მოძიება იყო გამოკვლევის ავტორთა ერთ-ერთი მთავარი მისია. დამატებითი გამოკვლევა განხორციელდა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი, ანუ დადებითი, შედეგი საქართველომ აჩვენა. მეზობელ ქვეყნებს შორის კი საქართველომ თითქმის იმდენივე ქულა მიიღო, რამდენიც სომხეთმა და გაცილებით მეტი, ვიდრე აზერბაიჯანმა და რუსეთმა. თუკი მედიის წარმომადგენლებისა და მათი აუდიტორიის გამოკვლევებს დავუპირისპირებთ ერთმანეთს, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ მედიის მომხმარებლებმა მედია უფრო დაბალი ქულებით შეაფასეს, ვიდრე თავად ამ სექტორში დასაქმებულებმა.

ძალიან კარგი ტალღა იყო 2012 წელს, არჩევნების შემდეგ. ფაქტიურად, რედაქციებში მიდიოდა ყველა იმ წერილზე პასუხი, რომლებზედაც წლების მანძილზე პასუხი არ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა არა მხოლოდ საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის გვიან მიღების შემთხვევები, არამედ გამოიკვეთა მედიასთან ნაკლები გახსნილობის ფაქტები...

გამოკვლევის მონაწილეები მედიის სექტორიდან მიუთითებენ, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად იცავენ ჟურნალისტურ ეთიკას და რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა წარმატებით განხორციელდა, მაგრამ, მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ დავა კვლავაც რჩება მათი შეშფოთების საგნად, თუმცა, როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მხოლოდ ეს არ არის ის პრობლემური საკითხი, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. გამოკვლევის ავტორთა თქმით, წინა წლებთან შედარებით, გაუარესებულია მდგომარეობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამასვე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნათია კუპრაშვილი, „რეგიონალური მედიის ასოციაციის“ ხელმძღვანელი:

„მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციასაც აქვს ახლა შემთხვევა, რომ არ მიგვიღია გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია და დარღვეულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კანონი. გვიანდება ინფორმაციის მიღება, შემდეგ ეს ინფორმაცია კარგავს თავის ფასს. ძალიან კარგი ტალღა იყო 2012 წელს, არჩევნების შემდეგ. ფაქტიურად, რედაქციებში მიდიოდა ყველა იმ წერილზე პასუხი, რომლებზედაც წლების მანძილზე პასუხი არ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა არა მხოლოდ საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის გვიან მიღების შემთხვევები, არამედ გამოიკვეთა მედიასთან ნაკლები გახსნილობის ფაქტები“.

ლიონ მორზი, მედიის მდგრადობის ინდექსის მმართველი რედაქტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ რამდენიმე საკითხზე, რომლებიც მედიის მომხმარებელთა გამოკვლევამ აჩვენა. მათ შორის, მაგალითად, მისი თქმით, ნიშანდობლივია გამოკვლევის მონაწილის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ მედია და საზოგადოება ქალს უყურებს როგორც „არათანასწორ ობიექტს“, რაც ხელს უწყობს დისკრიმინაციას და საზოგადოებაში ამკვიდრებს არასწორ სტერეოტიპებს. სწორედ ამიტომ, ლიონ მორზს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ მედიამ უნდა შეასრულოს:

ლიონ მორზი

ლიონ მორზი

„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მედიააუდიტორიისგან მოვისმინე, ეს იყო სურვილი, უკეთესი კუთხით წარმოჩნდნენ მედიაში პროფესიონალი ქალები. ისინი შენიშნავენ, რომ როდესაც მედია აღწერს პროფესიონალ ქალს, ისინი ლაპარაკობენ, მაგალითად, მათ მშობლებზე, მათ ტანსაცმელზე, მათი თმის ვარცხნილობაზე, რასაც, ცხადია, ვერ მოისმენ მაშინ, როდესაც ისინი კაცებზე ლაპარაკობენ. და მე ვფიქრობ, რომ მედიისათვის საკმაოდ იოლია იტვირთოს ლიდერის ფუნქცია და შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება ქალების როლის მიმართ“.

გარდა ამ რეკომენდაციისა, ლიონ მორზი ლაპარაკობს კიდევ სხვა არაერთ რეკომენდაციაზე, რომელთა შესახებაც ფოკუსჯგუფების მონაწილეები შეჯერდნენ. მათ შორის, მაუწყებლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ქცევის კოდექსს და დაამკვიდრონ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები, უნდა მომზადდეს კვალიფიციური კადრები იმ თემების გასაშუქებლად, რომლებიც სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს, მეტი ძალისხმევაა საჭირო მედიის პოლიტიკური ან სამთავრობო ინტერესებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG