Accessibility links

logo-print
თბილისში გაიმართა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევის მეორე ეტაპის პრეზენტაცია. გამოკვლევაში, რომლის მიზანიც იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (საქართველო, მოლდავეთი, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია) მედიისა და ჟურნალისტთა თავისუფლების ინდექსის დადგენა, საქართველო, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, მეორე ადგილზე გავიდა რეგიონში, მაშინ როცა, პირველი კვლევის მიხედვით, ქვეყანა პირველ ადგილზე იყო. რა ფაქტორებმა განაპირობა ვითარების გაუარესება?

მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის - ასეთია მეორე ეტაპის შედეგები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მედიაქვეჯგუფის ფარგლებში მიმდინარე კვლევისა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დღემდე პერიოდს მოიცავდა. კვლევა სამი თვის წინ დაიწყო და პირველ ეტაპზე საქართველო, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ლიდერი იყო რეგიონის სხვა 5 ქვეყანას შორის. ესენია: მოლდავეთი, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია. კვლევის მეორე ეტაპის მიხედვით კი, საქართველომ ლიდერობა მოლდავეთს დაუთმო.

მიზეზებზე საუბრისას ასოციაცია „მწვანე ტალღის“ დირექტორი მაკა ჯახუა ამბობს, რომ ექსპერტთა შეფასებით, ამის მთავარი განმაპირობებელი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შექმნილი ვითარება, მათ შორის, ორი საავტორო გადაცემის, ეკა კვესიტაძის „აქცენტებისა“ და დავით პაიჭაძის დიალოგის, დახურვა გახდა.

„ერთი, ეს არის საზოგადოებრივ არხზე მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ძალიან მტკივნეულად იქნა აღქმული ექსპერტების მიერ იმის გამო, რომ ეს მოხდა, პირველ რიგში, არჩევნების წინ - ორი მნიშვნელოვანი ტელეშოუ დაიხურა - და, ამას გარდა, დირექციასა და სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია, რომ ინდექსმა დაიწია, და მეორე მიზეზი ის არის, რომ ექსპერტებს აქვთ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა, რა იქნება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და გარკვეული ჩამორჩენაც გვაქვს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო. ჩვენ ვიყოფთ პირველ და მეორე ადგილებს მოლდავეთთან და ეს არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ამან რაიმე გალენა მოახდინოს ვილნიუსის სამიტის წინ პროცესებზე“.

წმინდა ფაქტები რომ განვიხილოთ, სამეურვეო საბჭომ ორჯერ მოხსნა ექვსი თვის განმავლობაში ერთი და იგივე დირექტორი და ამ ადამიანს სულ სასამართლოში აქვს საქმე. ის, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა წინასაარჩევნო პერიოდში ორ წამყვანს არ დაუდო თავიდან ხელშეკრულება, ეს იგივეა, რაც გადაცემის დახურვა...
კვლევაში, რომლის მიზანიცაა იმის დადგენა, თუ რამდენად თავისუფალია მედია პოლიტიკური და სხვა გავლენებისგან, რამდენად თავისუფლად ხორციელდება საქმიანობა, თავისუფალია თუ არა მედია ცენზურისგან, ხომ არ ხდებიან ჟურნალისტები თავდასხმისა და მუქარის მსხვერპლნი, ხომ არ უწესდება მედიას ჯარიმები, რამდენად ხელმისაწვდომია მაუწყებლობის განხორციელება და ასევე რამდენად თავისუფალია ინტერნეტსივრცე, მონაწილეობს 10 ექსპერტი. ისინი ოთხი მთავარი ბლოკისგან შემდგარ კითხვარს ავსებენ დამოუკიდებლად და ქულების მინიჭებით აფასებენ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს. როგორც მედიაექსპერტი თამარ წილოსანი ამბობს, მისი გადაწყვეტილებაც სწორედ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებულმა საკითხებმა განაპირობა:

„წმინდა ფაქტები რომ განვიხილოთ, სამეურვეო საბჭომ ორჯერ მოხსნა ექვსი თვის განმავლობაში ერთი და იგივე დირექტორი და ამ ადამიანს სულ სასამართლოში აქვს საქმე. ის, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა წინასაარჩევნო პერიოდში ორ წამყვანს არ დაუდო თავიდან ხელშეკრულება, ეს იგივეა, რაც გადაცემის დახურვა, თან წინასაარჩევნო პერიოდში, და საზოგადოებისთვის ანუ მათი მომხმარებლისთვის ახალი, ანუ მათი სანაცვლო გადაცემები შეთავაზებული არ ყოფილა. ასევე ჩვენ, საზოგადოებამ, ვიცით, რომ ამ ორგანიზაციას აქვს მილიონობით ვალი და, შესაბამისად, ჩემი მამოტივირებელი ფაქტორი, რომ მე ქულა დამეწია, გახლავთ ეს“.

თამარ წილოსანის სიტყვებით, გამოკვლევაში დადებითი ასახვა პოვა იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ფლობაზე. ექსპერტთა შეფასებით, ეს გახდა მედიის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლების ნიშანი და, შესაბამისად, დადებითად აისახა კვლევაში.
კვლევა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მომდევნო შედეგები სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც კვლევაში მონაწილე ექსპერტები ამბობენ, პროცესზე დაკვირვება დინამიკაში ძალზე საინტერესო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ თუნდაც ორი გადაცემის დახურვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მედიის თავისუფლების ინდექსზე.
XS
SM
MD
LG