Accessibility links

logo-print

უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 25 პროცენტით გაუფასურდა. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, თუ პირველად მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა, ფასების შესანარჩუნებლად და შესამცირებლად სახელმწიფო დოტაციას მიმართავსო. მინისტრის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტებიდან მხოლოდ 100-მდე პრეპარატზეა ფასები გაზრდილი, საშუალოდ, 7-10 პროცენტით.

მედიკამენტების ფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარში მედიკამენტების ღირებულება 7.3%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2015 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები გაიზარდა მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები (12.2%), ტკივილგამაყუჩებლები (17%), ანტიბიოტიკები (14.89%), ვიტამინები (14.6%), საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები (20.31%), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (18.31%).

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ აზუსტებს, თუ სადამდე უნდა გაიზარდოს ფასები, რომ დოტაციით ჩაერიოს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს მათ მიერ შემუშავებული მედიკამენტების მოკლე სია, რომელშიც 100-მდე მედიკამენტი შედის, და გრძელი სია, სადაც დაახლოებით 300 მედიკამენტია. დოტაციის შემთხვევაში, სწორედ ამ სიებში შემავალ მედიკამენტებზე ფასის შენარჩუნებაზეა საუბარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ დოტაციის ნაცვლად აქცენტი სოციალურად დაუცველებზე უნდა გაკეთდეს. ამ მოსაზრების გასამყარებლად მთელი რიგი არგუმენტებიც მოჰყავს: უპირველეს ყოვლისა, დოტაცია სახელმწიფოს შესაძლოა ათეული მილიონობით ლარი დაუჯდეს; ამასთან, აფთიაქები მიიღებენ სტიმულს ფასები კიდევ უფრო გაზარდონ, რადგან სახელმწიფო ფასის ამ ზრდას მაინც დოტაციით დაუფარავს. აღნიშნული გარემოება მომგებიანი იქნება აფთიაქებისთვის, თუმცა დამატებითი წნეხი - ბიუჯეტისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, დოტაცია დაარღვევს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს და გამოიწვევს ბაზრის გამრუდებას.

დამატებით, მოსახლეობას შეექმნება მოლოდინი და მოთხოვნა სხვადასხვა სახის დოტაციაზე, ეს კი გაზრდის დანაკარგებს, რადგან ბაზარზე მომსახურება და საქონლის მიწოდება მოხდება საბაზროზე უფრო დაბალ ფასად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ დოტაციაზე გაცილებით მისაღები მიდგომა იქნება სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების დაწესება მედიკამენტებზე მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. ეს, ერთი მხრივ, გადაჭრის სოციალურ პრობლემას, ხოლო, მეორე მხრივ, არ შექმნის უარყოფით ტენდენციებს ბაზარზე; ამასთან, დაიზოგება საბიუჯეტო რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი და დანახარჯები მიიმართება მოსახლეობის მხოლოდ იმ ფენისკენ, რომელსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

XS
SM
MD
LG