Accessibility links

logo-print

დმიტრი მედვედევი ცხინვალს ესტუმრა


ლეონიდ თიბილოვი და დმიტრი მედვედევი

ლეონიდ თიბილოვი და დმიტრი მედვედევი

გუშინ ცხინვალში აგვისტოს ომის მე-4 წლისთავის აღსანიშნავად რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ჩავიდა. მთავრობის სახლთან მას წითელი ხალიჩა გაუშალეს, ჰალსტუხებსა და პიჯაკებში გამოწყობილი ოსი მოხელეები კი სტუმარს ხალიჩის გასწვრივ ელოდებოდნენ. მედვედევი ცხინვალში უჰალსტუხოდ, შავი ფერის პერანგით ჩავიდა და ლეონიდ თიბილოვთან ერთად რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ კი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ეს შეხვედრა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გადაიცა. მედვედევმა ღია ტექსტით უთხრა თიბილოვს, რომ რუსული ფინანსური დახმარებით უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო, ვიდრე ამჟამადაა გაკეთებული.

„ახლა ჩვენს წინაშე სხვა ამოცანები დგას. დიახ, ბოლო დროს რესპუბლიკაში გარკვეული საშუალებები მოვიდა და სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ბევრია გაკეთებული, რაც სწორად უნდა გაკეთებულიყო ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა მედვედევმა.

როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის აღდგენისთვის გამოყოფილი მილიარდობით რუბლი უკვალოდ არის გამქრალი, არ არის დასრულებული დაზიანებული სახლების და სამოქალაქო ობიექტების აღდგენა. კოკოითის ხელისუფლების მიერ მითვისებული ფულის კვალს ახლა თიბილოვის ხელისუფლება ეძებს. დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერს პირობა მისცა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის თვალში დაკარგულ ავტორიტეტს აუცილებლად აღიდგენს.

„გარწმუნებთ, დმიტრი ანატოლის ძევ, რომ ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც დღეს მოვიდა სამხრეთ ოსეთში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის უდიდესი დახმარება, რაც სამხრეთ ოსეთში მოდის, ხალხის კეთილდღეობას მოხმარდეს“, –თქვა ლეონიდ თიბილოვმა.

მე მინდოდა, რომ ის (პუტინი) ჩვენთან მოსულიყო, იმიტომ რომ, მართალია, მედვედევმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი პუტინმა დაიწყო ...

ექსპერტ კახა გოგოლაშვილის აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობამ კარგად იცის, რომ რუსული ფინანსები როგორც კრემლის, ისე კოკოითის მოხელეებმა მიითვისეს და მედვედევის განცხადება ცხინვალში დაუსრულებელ სამშენებლო სამუშაოებზე უფრო პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ჰგავს:

„მედვედევმა აქ, უბრალოდ, რაღაც მანევრი მოიმოქმედა, თითქოს ის არაფერ შუაში არ არის და თითქოს კრემლის ადმინისტრაცია აქ არაფერ შუაში არ არის. ანუ პრაქტიკულად ეს ყველაფერი გადააბრალა ადგილობრივ ხელისუფლებას და, თანაც, ყოფილ ხელისუფლებას, იმიტომ რომ თიბილოვი ამას ვერ მიითვისებდა, უფრო კოკოითიზე იყო ეს მინიშნება და ადვილია ამ შემთხვევაში ასეთი ქმედებით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილო.“

ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ცხინვალელები მედვედევზე უფრო მეტად დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჩასვლას ელოდნენ. ადგილობრივმა მცხოვრებმა ფელიქს თედეევმა მედვედევს სამხრეთ
ოსეთის ნათლიმამა უწოდა და დანანებით აღნიშნა, რომ პუტინმა ჩასვლა ვერ მოახერხა:

„მედვედევი სამხრეთ ოსეთის ნათლიმამაა, რადგან მან დამოუკიდებლობა აღიარა. იდეაში პუტინიც უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ეს რუსეთის სამხრეთი საზღვარია. მე ვფიქრობ, რომ სადღაც შემოდგომაზე ისიც ჩამოვა.“

ზოგიერთმა ცხინვალელმა კი პუტინს ოსების ღმერთი უწოდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მარინამ, ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ, მართალია, მედვედევმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ხალხმა იცის, რომ ყველაფერი პუტინმა დაიწყო:

„მე მინდოდა, რომ ის (პუტინი) ჩვენთან მოსულიყო, იმიტომ რომ, მართალია, მედვედევმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი პუტინმა დაიწყო. ჩვენ მას ძალიან ველოდებოდით.“

მე მგონი, აქ ადგილი აქვს გათავხედებას, იმიტომ რომ, თუ ადრე რაღაცნაირად ერიდებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმების პირდაპირი დარღვევის შესახებ - გინდა პუტინი, გინდა მედვედევი - რაღაც განცხადებების გაკეთებას, ახლა ისინი ძალიან გათავხედდნენ ...

იმ დროს, როცა მედვედევი და თიბილოვი ომის 4 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას, რუსეთის პრეზიდენტი რუს ჟურნალისტებს იმის შესახებ უამბობდა, რომ აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ 2006 წელს, რუსები ოს მებრძოლებს და მოხალისეებს ამზადებდნენ. ლიახვის ხეობის მცხოვრებლები მაშინ განგაშს ტეხდნენ, რომ ჯავის რაიონში რუსებს ფარული სამხედრო ბაზა ჰქონდათ, სადაც იარაღი შეჰქონდათ, რუსი ინსტრუქტორები კი ოსურ შეიარაღებულ ფორმირებებს ამზადებდნენ. მაშინ ჯავა კონფლიქტის ზონად არ ითვლებოდა, ამიტომ ეუთოს დამკვირვებლებს იქ არავინ უშვებდა. პუტინის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიის წინასწარგანზრახულ ხასიათს და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სრულ უგულებელყოფას. „პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი აღიარება, რომ 2008 წლის აგრესია წინასწარგანზრახული ხასიათისა იყო, კონფლიქტის არსის შეფასებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა. განცხადება ადასტურებს საქართველოს მყარ პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს მოქმედებები სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დაგეგმილი ღონისძიება იყო", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი უგულებელყოფდა მშვიდობისმყოფელის ვალდებულებებს. ამგვარად, რუსეთის მოქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო შეთანხმებებს და ურცხვად ხელყოფდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი პუტინის განცხადებას ცინიკურს და თავხედურს უწოდებს. მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი აღარაფრად აგდებს საერთაშორისო სამართალს და აცხადებს, რომ ძალაზეა დამყარებული მათი პოლიტიკური ნება.

„მე მგონი, აქ ადგილი აქვს გათავხედებას, იმიტომ რომ, თუ ადრე რაღაცნაირად ერიდებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმების პირდაპირი დარღვევის შესახებ - გინდა პუტინი, გინდა მედვედევი - რაღაც განცხადებების გაკეთებას, ახლა ისინი ძალიან გათავხედდნენ, განსაკუთრებით პუტინი, და პირდაპირ აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთი წაართვეს საქართველოს. მთავარი მისთვის არის ამ ძალისმიერი პოლიტიკის დამკვიდრება და ჩვენება, რომ არა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები არეგულირებენ სახელმწიფოთა ურთიერთობებს, არამედ ძალა და ძალისმიერი პოლიტიკა და რუსეთის ნება“, –აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG