Accessibility links

logo-print

მედვედევი: აშშ-თან ურთიერთობის „გადატვირთვა“ ახლა „აბსოლუტურად შეუძლებელია“


მედვედევი ტელეარხ CNBC-სთან ინტერვიუს დროს

მედვედევი ტელეარხ CNBC-სთან ინტერვიუს დროს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ხელახალი „გადატვირთვა“ „აბსოლუტურად შეუძლებელია“, სანამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში რჩება.

„არა, რასაკვირველია. ეს აბსოლუტურად შეუძლებელიაო“, - ასე უპასუხა მან ინტერვიუერის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა გადატვირთვა, მაშინ როცა აშშ-ის სანქციები მოქმედებს.

რუსეთის მთავრობის ვებსაიტზე 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუს ტექსტში მედვედევი „დესტრუქციულს“ უწოდებს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს.

აშშ-მა რუსეთს სანქციების რამდენიმე სერია დაუწესა მარტში ყირიმის ანექსირების გამო და იმ როლისთვის, რომელსაც ის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ასრულებს. კიევი და ნატო აცხადებენ, რომ მოსკოვმა იარაღით და სამხედროებით მოამარაგა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებიც მთავრობის ძალებს ებრძვიან.

რუსეთი უარყოფს კონფლიქტში მონაწილეობას.

ურთიერთობის „გადატვირთვა“ აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ პრეზიდენტობის პირველ ვადაში გატარებული კამპანია იყო. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო იყო დაძაბული.

2010 წელს ობამამ და მედვედევმა, რომელიც მაშინ რუსეთს პრეზიდენტი იყო, ხელი მოაწერეს საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის კონტროლის თაობაზე, თუმცა „გადატვირთვის“ პოლიტიკა მალე შევიდა ჩიხში ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და სხვა საკითხების გარშემო წამოჭრილი არაერთი უთანხმოების გამო, მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინმა ღიად გამოაცხადა, რომ პრეზიდენტად აპირებდა დაბრუნებას.

უკრაინის კონფლიქტმა ორ ქვეყანას შორის კავშირი იმდენად გააუარესა, რომ ბევრი დღევანდელ ვითარებას ცივი ომის დროინდელ მდგომარეობასაც კი ადარებს.

მედვედევმა, რომელსაც პრეზიდენტობის პერიოდში კარგი ურთიერთობა ჰქონდა ობამასთან, CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი გასულ თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმული სიტყვის გამო.

მედვედევის თანახმად, ობამამ რუსეთი მეორე პოზიციაზე მოათავსა კაცობრიობის წინაშე მდგარ სამ ძირითად საფრთხესა თუ გამოწვევას შორის - ებოლის ვირუსის შემდეგ და ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფომდე“.

თუმცა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი „კარს არავის უხურავს“, ანუ მიანიშნა, რომ აშშ-თან კავშირების გაუმჯობესება შესაძლებელია, ოღონდ საამისოდ აშშ-მა უნდა იმოქმედოს.

24 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ თქვა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირება მსგავსია ეპოქისა, რომელშიც „დიდი ქვეყნები პატარა ქვეყნებს თელავდნენ თავიანთი ტერიტორიული ამბიციების გატარებისას”. ამასთან, ობამამ თქვა, რომ აშშ რუსეთს ამ აგრესიისთვის საფასურს გადაახდევინებს.

ამასთან, ობამამ იმედი გამოთქვა, რომ საზავო შეთანხმება გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს და თქვა, რომ აშშ მოხსნის სანქციებს, თუ რუსეთი შეცვლის ქცევას.

მედვედევის თანახმად, პუტინის მიერ ახლახან გაცემული ბრძანება, რომლის თანახმადაც გადაადგილდნენ უკრაინის აღმოსავლეთში, კონფლიქტურ ზონასთან დისლოცირებული სამხედროები, მხოლოდ შიდაპოლიტიკური საქმე იყო და არ უნდა იქნეს მიჩნეული ვაშინგტონისთვის გაგზავნილ სიგნალად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც 14 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროები „უკან გადიან“, თუმცა დასძინა, რომ იმ ტერიტორიიდან კვლავ გასატანია „მძიმე შეიარაღება, ხოლო საზღვარს ქმედითი დაკვირვება და დაცვა სჭირდება“.

XS
SM
MD
LG