Accessibility links

logo-print

ქართული და ოსური მხარეები ერგნეთში პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ


რუსმა მესაზღვრეებმა 55 წლის ზაზა თავაძე ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს

რუსმა მესაზღვრეებმა 55 წლის ზაზა თავაძე ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცხინვალში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის გადაცემით დაიწყო. რუსმა მესაზღვრეებმა 55 წლის ზაზა თავაძე ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავაძე ბოლო 2 წლის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკვე მესამედ გადავიდა. ოსურმა მხარემ მისი გათავისუფლება კეთილი ნების საფუძველზე განახორციელა. დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ საუბარი შეხვედრაზეც გაგრძელდა. ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ორივე მხარეს ყველა დაკავებულის გაცვლის საკითხი პრინციპით - „ყველა ყველაზე“. ოსური დელეგაციის წარმომადგენლის რობერტ გაზაევის ინფორმაციით, ქართულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება ქართული ციხეებიდან დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა გათავისუფლების თაობაზე, მომდევნო შეხვედრაზე კი მხარეები ერთმანეთს გასათავისუფლებელთა სიებს გადასცემენ. გარდა ამისა, ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებასაც ითხოვს.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა შეხვედრა დროზე ადრე დატოვა. მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან არ გამორიცხა, რომ მომდევნო შეხვედრაზე საბოლოოდ შედგეს შეთანხმება დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენ პატიმარს გაათავისუფლებენ. ქართული მხარე დიდი ხანია ცხინვალიდან საქართველოს 4 მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს. დღეს სოფელ დვანში სარწყავი წყლის მიწოდება შეწყდა. დვანი წყალს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან იღებს და დღეს დილით სარწყავი არხი გადაიკეტა. ოსური მხარე ირწმუნება, რომ საკითხში გაერკვევა და პრობლემას მოაგვარებს. გარდა ამისა, წინა შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმება დანაღმული ტერიტორიების განაღმვის შესახებ უკვე მუშაობს. ოსური მხარის ინფორმაციით, მათ ომის ნარჩენებისგან უკვე გაწმინდეს მიწის ფართობები, უტიაშვილის თქმით კი, ქართველი გამნაღმველები, რომლებსაც ოსური მხრიდან ხელს არავინ შეუშლის, საქმიანობას შეუდგნენ.

ოსური დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ანჯეი ტიშკევიჩთან

ოსური დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ანჯეი ტიშკევიჩთან

დღესვე შეხვედრაზე ოსურმა დელეგაციამ ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ხოხ გაგლოითი რამდენიმე წლის წინ თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ქართულ-ოსური მოლაპარაკების პროცესში მას გამოცდილება არა აქვს. შეხვედრის ბოლოს გაგლოითიმ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა და მუდმივად მოითხოვს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანჟეი ტიშკევიჩმა ჟურნალისტებთან კომენტარზე დღეს მოულოდნელად უარი განაცხადა. ერგნეთის მომდევნო შეხვედრა ივლისის ბოლოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG