Accessibility links

logo-print

ჩიგოევმა ერგნეთის ბაზრობის გახსნის ინიციატივა წამოაყენა


ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთის შეხვედრა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში მილოცვებით და დამშვიდობებით დაიწყო. შეხვედრის მონაწილეები ოსური დელეგაციის ხელმძღვანელს მერაბ ჩიგოევს დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურორად დანიშვნას ულოცავდნენ და შეხვედრის ფორმატიდან ემშვიდობებოდნენ. ჩიგოევმა შეხვედრის ბოლოს განაცხადა, რომ მას გაწონასწორებული და განათლებული პირი შეცვლის, რომელიც ქართულ-ოსურ მოლაპარაკებეში გარკვეულია. მას დღეს შემცვლელის გვარი არ დაუსახელებია.

რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს, დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ტახტისძირში რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მწყემსი დააკავეს და ნახირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ ინციდენტზე რეაგირება ოპერატიულად მოხდა და შეხვედრის მიმდინარეობისას მწყემსიც და საქონელიც სოფელში დააბრუნეს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა წინათ დაპატიმრებული 4 ქართველის და რამდენიმე დღის წინ სოფელ კნოლევთან დაკავებული ადგილობრივი მცხოვრების - ზვიად კობერიძის - გათავისუფლება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ამ დაკავების შემდეგ კობერიძეს მეუღლე გარდაეცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს მერაბ ჩიგოევმა პირობა მისცა, რომ კობერიძის საკითხში გაერკვევა და მისი გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება.

დღესვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაღმვითი სამუშაოები დაიწყება და მხარეები იქ შესული გამნაღმველების უსაფრთხოების გარანტიებს იძლევიან. ბოლო პერიოდში ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ნაღმი ამოქმედდა, რამაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი გამოიწვია. უტიაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება უპრობლემოდ მოხერხდა.

შეხვედრის დასასრულს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა ქართველ და ოს ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა და ის პოზიტიურად შეაფასა. მისი თქმით, ბოლო ხანებში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა. ერთი თვის განმავლობაში ასეთი 15 ფაქტი დაფიქსირდა და დაკავებულთა უმრავლესობა დაჯარიმებული და გათავისუფლებულია. ოსური მხარე ქართულ მხარეს მოუწოდებს საქართველოს ციხეებში მყოფი 26 ოსი ეროვნების მოქალაქის სასჯელებს გადახედოს. ზოგიერთ მათგანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მერაბ ჩიგოევმა ერგნეთში ბაზრობის გახსნის იდეაზეც ისაუბრა. ეს ინიციატივა დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ერთხელ უკვე გაახმაურა. ჩიგოევის აზრით, თავის დროზე ბაზრობის დახურვა დიდი სისულელე იყო და თუ ქართულ მხარესთან შეხების წერტილს იპოვის, ოსური მხარე ამ საკითხს ერგნეთის მომავალი შეხვედრებისთვის მოამზადებს.
ამ ინიციატივის შესახებ ქართულ მხარეს ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია. უტიაშვილის აზრით, ქართული პოზიცია ოსური მხარის წინადადების გაცნობის შემდეგ დაფიქსირდება.

ოსური მხარის ინიციატივა ერგნეთის ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე ცნობილია. ლია ჩლაჩიძის აზრით, ბაზრობის გახსნით არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, არამედ გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება.

ოსური მხარე ერგნეთის ბაზრობის საკითხზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც როკის გვირაბი სარემონტო სამუშაოებისთვის დაიკეტა. ცხინვალში ვარაუდობენ, რომ სავენტილაციო გვირაბის გრაფიკით მუშაობა დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში პროდუქციის დეფიციტს შექმნის, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს. ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში 25 მაისს გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG