Accessibility links

ცხინვალის საფეხბურთო კლუბი „ლიახვი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში თამაშობს. გუნდის ძირითად ბირთვს ცხინვალიდან გამოსული სპორტსმენები შეადგენენ. 90-იანი წლების კონფლიქტამდე ამავე სახელწოდების გუნდი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და მაშინდელი შემადგენლობაც შერეული იყო. პირველი ომის შემდეგ ეს გუნდი დაიშალა. მოგვიანებით თამარაშენში „ლიახვი“ კვლავ აღდგა. ამ გუნდშიც, წინამორბედის მსგავსად, ქართველებთან ერთად ოსი ფეხბურთელები თამაშობდნენ. თამარაშენის „ლიახვმა“ არსებობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შეწყვიტა. რამდენიმე თვის წინ კი ცხინვალის „ლიახვი“ ისევ აღდგა და ცხინვალელი სპორტსმენები ისევ წამოვიდნენ აქ სათამაშოდ. ამ გუნდის აღდგენა გორის მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ ვახტანგაშვილის ინიციატივით მოხერხდა. თვითონ ცხინვალელია და ძველი კავშირები გამოიყენა, როცა გორის „დილაში“ ჯერ ერიკ გაბარაევი ჩამოიყვანა, მოგვიანებით კი, ერიკის დახმარებით, „ლიახვის“ შემადგენლობაში უკვე სხვა ოსი ფეხბურთელებიც აღმოჩნდნენ.

„ლიახვის“ კლუბის განაცხადში 13 ეთნიკურად ოსი ფეხბურთელია. აქედან 8 ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. კაპიტანი ვალერი ჯელიევი აცხადებს, რომ გუნდში მეგობრული განწყობაა და მაღალი მიზნისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. „ლიახვს“ წელსვე რეგიონალური ლიგიდან პირველ ლიგაში გადასვლა აქვს დაგეგმილი და წაუგებლად ასპარეზობს.

გორის ცენტრალურ სტადიონზე ამ გუნდმა ამხანაგური შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობისა და ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდ „თბილისთან“. პირველ ტაიმში „თბილისის“ კაპიტანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. თბილისის კარს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იცავდა, რომელსაც პირველ ტაიმში არაერთი სეივი ეკუთვნის. დაცვის კარგი თამაში კი ვიცე-პრემიერის კახი კალაძის დამსახურებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე ტაიმში „ლიახვის“ მაისური მოირგო და საკუთარი მთავრობის კარში სამი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ - ოთხით ოთხი - დასრულდა. თამაშს ტრიბუნიდან თვალს ადევნებდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, ეს მეგობრული თამაში უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთი, რადგან ნდობის აღდგენის პროცესი დაიწყო და ეს უკვე თვალშისაცემია. მისი თქმით, ცხინვალიდან არა მარტო ფეხბურთის სათამაშოდ, არამედ ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად და დასასვენებლადაც ჩამოდიან.

მატჩის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, საფეხბურთო თვალსაზრისით, მთავრობა იდეალურ ფორმაში არ არის და ამ მიმართულებით სამუშაოა აქვთ. რაც შეეხება ცხინვალის „ლიახვს“, მისი თქმით, ამ გუნდის არსებობა უკვე ადასტურებს, რომ ოსებსა და აფხაზებთან მტრობა კი არა, ძმობა და ტკივილიანი წარსულის დავიწყება გვინდა.

ცხინვალის „ლიახვი“ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს გორში გამართავს ხოლმე. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ცხინვალში რამდენიმე ნიჭიერ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს და ახლო მომავალში მათი დამატებაც იგეგმება.

XS
SM
MD
LG