Accessibility links

logo-print

„Taming The Dragon“ (დრაკონის მოთვინიერება) - ასე ჰქვია ჯგუფ „Mehliana“-ს სადებიუტო ალბომს, რომელსაც ჯერ კიდევ გამოსვლამდე დიდი ინტერესით ელოდნენ კრიტიკოსები, გამოცემის შემდეგ კი 2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე ნოვაციურ და მნიშვნელოვან ჯაზურ ნამუშევრად დაახასიათეს. „Mehliana“ ბევრისთვის უცნობი ჯგუფი გახლდათ და მის მიმართ გამოხატული ამგვარი მძაფრი ყურადღება გაკვირვებას იწვევდა, თუმცა ყველაფერს ნათელი მისმა შემადგენლობამ მოჰფინა. აქვე იმასაც ვიტყვი, Mehliana უფრო პროექტი გახლავთ, ვიდრე ჯგუფი-პროექტი, რომელიც ორი მუსიკოსის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. სახელწოდებაც მათი გვარების ნაწილების გაერთიანებით დაერქვა. საუბარია ამერიკელ პიანისტზე ბრელდ მელდაუსა და დრამერ მარკ ჯულიანაზე.

მარკ ჯულიანა ნიუ-ჯერსელი კომპოზიტორი და დრამერია. მის პირველ ტრიოს Heernt ერქვა, სადაც ავანგარდული პერკუსიული ექსპერიმენტები ისეთი ინტსრუმენტების დახმარებით ტარდებოდა, როგორიცაა: კაჰონი, დარბუკა, ჯემბე და სთილდრამი. მუსიკოსის ნოვატორული აზროვნება უყურადღებოდ არ დარჩენილა. ებრაელმა კონტრაბასისტმა ავიშაი კოენმა საკუთარ ბენდში აიყვანა და დღემდე ჯგუფის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ დრამერად ითვლება. თუმცა მარკის მოღვაწეობა ამით არ შემოიფარგლება. არტისტს სხვადასხვა სტილისა თუ მიმართულების ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან, მაგალითად, დაფერ იუსეფი, ბობი მაკფერინი, ბასისტი და მომღერალი მეშელ დე გეოჩელო, დევიდ ბოუვი და მრავალი სხვა. არტისტის საშემსრულებლო ხელწერა ჯაზური სტილისა და თანამედროვე როკმუსიკის ტენდენციების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს - მარტივად რომ ვთქვა, იმ ორ მთავარ სივრცეში ტრიალებს, სადაც ყველაზე აქტიურად ვითარდება დრამზე დაკვრის ხელოვნება.

მარკისგან განსხვავებით, დუეტის მეორე წევრს, ბრედ მელდაუს, მუსიკალური სამყარო უკეთ იცნობს. ბერკლის მუსიკალური კოლეჯის დასრულების შემდეგ პირველი ნაბიჯები ცნობილი ამერიკელი საქსოფონისტის ჯოშუა რედმანის კვარტეტში გადადგა, 90-იან წლებში სოლო კარიერა დაიწყო და საკუთარი ტრიოც შექმნა, რომელიც 21-ე საუკუნის საფორტეპიანო ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენად იქცა. თუმცა ბრედ მელდაუს საკუთარი თავი ჟანრობრივ ჩარჩოში არ მოუქცევია: ასრულებდა ევროპელი კლასიკოსების თხზულებებს, თანამშრომლობდა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ სიმფონიურ ორკესტრთან, ქმნიდა მუსიკას სტენლი კუბრიკის ფილმებისათვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია მის მიერ ჯაზურ ყაიდაზე მოქცეული “ბითზლისა” და „რედიოჰედის“ ნაწარმოებებიც, რომლებმაც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო იმპროვიზატორის სახელი დაუმკვიდრეს. 2011 წელს მისი მოსმენის საშუალება ქართველ მსმენელსაც ჰქონდა, როცა არტისტმა სოლო კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართა.

ჰოდა, ალბომი Taming The Dragon ბრედ მელდაუს კიდევ ერთი ექსპერიმენტია ახალი სივრცეების ასათვისებლად. პიანისტი„Fender Rhodes“-ის ელექტროპიანინოსა და ანალოგურ სინთეზატორზე უკრავს, ტემბრალური მრავალფეროვნებით გამორჩეული ფრაზებით მეტყველებს და საოცარ აკუსტიკურ ჟღერადობას ქმნის, დრამერი მარკ ჯულიანა კი მძლავრი, ენერგიული პოსტბოპური აქცენტებით პასუხობს. დისკზე წარმოდგენილი მასალა ბევრმა ჯაზ-ავანგარდად მონათლა, თუმცა ის, როგორც თავად პიანისტმა განმარტა, როკმუსიკალური მოტივების ელექტრიფიცირებული იმპროვიზაციებია.

საინტერესოა ისიც, რომ თხზულებაში Sleeping Giant ბრედ მელდაუს მიერ შესრულებული სოლო „გრემის“ 57-ე დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო ჯაზური სოლოს“ ნომინაციაზეა წარდგენილი.

XS
SM
MD
LG