Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხანძრე-მაშველები დაზღვევასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ


მეხანძრე-მაშველების საგანგებო ბრიფინგი
მეხანძრე-მაშველების საგანგებო ბრიფინგი
30 იანვარს, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, საქართველოს მეხანძრე-მაშველებმა გაერთიანებული პროფკავშირების ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართეს. დასაქმებულთათვის ექვსთვიანის ნაცვლად უვადო სამუშაო კონტრაქტის გაფორმება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა, ხელფასების გაზრდა, საპრემიო სისტემის გამჭვირვალობა და დამატებითი სოციალური შეღავათები - ასეთი მოთხოვნები აქვს დაახლოებით 80-მდე მეხანძრე-მაშველს, რომლებმაც ახლახან პროფესიული კავშირიც დააფუძნეს და საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა გადაწყვიტეს.

მეხანძრე-მაშველების ხელფასი დღეს 560 ლარია. ამ ეტაპზე მათ არა აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა და არ სარგებლობენ სოციალური შეღავათებით. მათი თქმით, ეს სარისკო და დაძაბული პროფესია საქართველოში სათანადოდ დაფასებული არ არის. საკუთარი უფლებების დასაცავად მათ პროფკავშირი ჩამოაყალიბეს, 30 იანვარს კი ხელმძღვანელობას სოციალური დიალოგისაკენ მოუწოდეს.
ხელფასი აქამდე იყო 420 ლარი. წარმოიდგინეთ, ეს ფული რაში უნდა ეყოთ ადამიანებს - გზის ფულად, საკვების ფულად, დალაგების თუ რის? ამას ისიც ემატება, რომ თითქმის ყველას აქვს ბანკის დავალიანება...
ლევან როსტომაშვილი


”წლის დასაწყისში, თბილისის მერის განცხადებით, მერიის სამსახურებში თანამშრომლებს ხელფასები 20%-ით უნდა მომატებოდათ. სინამდვილეში ჩვენთან ხელფასები მხოლოდ 16-17 %-ით გაიზარდა. მეხანძრე-მაშველებს არ გვაქვს არანაირი სოციალური შეღავათი - ეს მაშინ, როცა ჩვენი სამსახური მილიონნახევრიან ქალაქს ემსახურება. არ გვაქვს სიცოცხლის და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა. სწორედ ამიტომ გვინდა ამ პრობლემების მოგვარების მიზნით დავიწყოთ მოლაპარაკება ჩვენს დამსაქმებელთან”, - განაცხადა მეხანძრე-მაშველების ახლად დაფუძნებული პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ. მისი მოადგილე, საგანგებო ცვლის უფროსი ლევან როსტომაშვილი ამბობს, რომ თითქმის ყველა თანამშრომელს აქვს დავალიანება ბანკში. განსაკუთრებით უჭირთ რეგიონებიდან ჩამოსულ თანამშრომლებს:

”ბევრი ჩვენი თანამშრომელი რაიონიდანაა ჩამოსული. ხელფასი აქამდე იყო 420 ლარი. წარმოიდგინეთ, ეს ფული რაში უნდა ეყოთ ადამიანებს - გზის ფულად, საკვების ფულად, დალაგების თუ რის? ამას ისიც ემატება, რომ თითქმის ყველას აქვს ბანკის დავალიანება. კიდევ კარგი, სამუშაო დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა, თორემ დაზღვევის არქონის ფონზე რა უნდა ექნა, როგორ ემკურნალა, არ ვიცი. ამ პროფესიას უცხოეთის ქვეყნებში განსაკუთრებულად აფასებენ, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა”.

დაბალ ხელფასს და არარსებულ დაზღვევას ემატება მოკლევადიანი კონტრაქტების პრობლემაც, გვეუბნება გრიგოლ რცხილაძე. მისი თქმით, მეხანძრე-მაშველებისათვის, რომლებიც წლებია ამ სამსახურში მუშაობენ, შეურაცხმყოფელია ყოველ ჯერზე სამთვიანი კონტრაქტების გაფორმება. მისი თქმით, კონრაქტები უვადო უნდა იყოს.
სულ დაძაბული ხარ, სულ სტრესში. ყოველ წუთს შეიძლება დაშავდე... თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა რამდენიმე ბიჭი დაშავდა, მაგრამ დაზღვევა ვერ გამოიყენეს, მხოლოდ რაღაც გადაუდებელს უფინანსებდა...
ბესიკ გოგრიჭიანი


არის ისეთი დღეებიც, როდესაც მეხანძრე-მაშველებს 17-18 საათს უწევთ მუშაობა. სამუშაო დღე დაძაბული და სტრესულია.ყოფილა შემთხვევები, იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბესიკ გოგრიჭიანი, როდესაც მუშაობის დროს დაშავებულ მის კოლეგებს დაზღვევა, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, არაფერში გამოსდგომიათ:

”ძალიან სარისკო სამსახურია მართლა. ცეცხლი, თოკზე ჩასვლა, დაზარალებულის გამოყვანა... სულ დაძაბული ხარ, სულ სტრესში. ყოველ წუთს შეიძლება დაშავდე... თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა რამდენიმე ბიჭი დაშავდა, მაგრამ დაზღვევა ვერ გამოიყენეს, მხოლოდ რაღაც გადაუდებელს უფინანსებდა“.

მეხანძრე-მაშველების პრობლემების შესახებ ცნობილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ გიორგაძისათვის. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი ნაწილი უახლოეს მომავალში გადაწყდება - ეს ეხება მეხანძრე-მაშველების დაზღვევას.

თემურ გიორგაძე
თემურ გიორგაძე
”მართლაც, იყო გამოსასწორებელი ნიუანსები. ხელფასები გაეზარდათ, მაგრამ 10-12 ლარი ნაკლები აიღეს და ეს მოგვარდება. რაც შეეხება დაზღვევას, თებერვლიდან ყველას დავაზღვევთ ერთწლიანი დაზღვევით, საკმაოდ კარგი სადაზღვევო პირობებით”.

ხელფასი კი მოიმატებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად სამსახურის დაფინანსება გაიზრდება. ამ ეტაპზე მეხანძრეების ხელფასების 50%-იანი გაზრდა არარეალურია. მეხანძრე-მაშველთა პროფკავშირში ჯერჯერობით 80 ადამიანია გაწევრიანებული. სულ კი, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის ინფორმაციით, სააგენტოს 960 თანამშრომელი ჰყავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG