Accessibility links

logo-print

ვაშლისა და მეხილეობის დარგის ხელშემწყობი ღონისძიებები


ავტორი: ირინა გურული

ხელისუფლება დაზიანებული არასტანდარტული ხილის, კერძოდ კი, ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას და ამ გზით გლეხებისა და გადამამუშავებელი წარმოების დახმარებას გეგმავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს.

აღნიშნული ღონისძიება ხილის გადამუშავების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს - ხილის გადამამუშავებელი კომპანიები არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ; მათ ასევე საშუალება ექნებათ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი და ამ კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში, თუ ხილის გადამამუშავებელი კომპანია მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 10 თეთრად შეისყიდის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის სუბსიდიას მიიღებს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული ინიციატივის მიზანია მრავალწლიანი ნარგავების პოპულარიზაცია. სწორედ ამ უკანასკნელ სფეროში გააჩნია საქართველოს კონკურენტული უპირატესობა. უკანასკნელი სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, მრავალწლიან ნარგავებს მთლიანად მიწის ფონდის 11,93 პროცენტი უკავია. ხეხილის განაწილებას რაც შეეხება, თხილის შემდეგ ბაღებში ყველაზე დიდი 22,2 პროცენტი სწორედ ვაშლს უკავია. 2013 წელს წარმოებული ხილის 31 პროცენტი იყო ვაშლი - სულ 68 ათასი ტონა. საქართველოში პრაქტიკულად აუთვისებელია ხეხილის გადამუშავების შესაძლებლობები, ამ მხრივ ვაშლის გადამუშავებას შემოსავლების გენერირების დიდი პოტენციალი აქვს.

2013 წელს მთლიანი წარმოების ერთ პროცენტზე ნაკლები ვაშლი, მსხალი და კომში გავიდა ექსპორტზე, კერძოდ, სულ 722 ტონა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 392 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნები იყო სომხეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი და რუსეთი. რაც შეეხება გადამუშავებულ ხილს, კერძოდ, ხილისა და ბოსნტეულის წვენებს და ჯემებს, 2013 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე 8 მილიონამდე ღირებულების პროდუქცია გავიდა, უმეტესად, აშშ-ში, გერმანიასა და რუსეთში.

პირველადი და გადამამუშავებელი წარმოების შემაფერხებელი არაერთი ფაქტორი არსებობს, მათ შორის, მიწის ფრაგმენტაცია, ინფრასტრუქტურული სირთულეები, გრძელვადიან კრედიტზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით მნიშვნელოვნად გაიზარდა დარგის დაკრედიტების ხარისხი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ, მაგალითად, მეექვსე კომპონენტის ფარგლებში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის სესხის ჯამური მოცულობაა მაქსიმუმ 10 მილიონი ლარი, ხოლო სესხის ვადა მაქსიმუმ 6 თვე, რაც საკმაოდ მოკლე პერიოდია.

ერთჯერადი სუბსიდირების პროგრამა, ცხადია, მრავალწლიანი ნარგავების განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს, თუმცა გარკვეულ სტიმულად გამოდგება როგორც გადამამუშავებელი მრეწველობისთვის, ისე გლეხებისთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზებით წელს ვაშლის მოსავალი დაუზიანდა.

XS
SM
MD
LG