Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული არ ვიცოდი, მაგრამ პირველად ქართული ფონტი გავაკეთე...“


მაიკლ ევერსონი
მაიკლ ევერსონი

უნივერსალურ კოდთა სისტემა და საქართველოს ადგილი „გუგლის“ რუკაზე... პროგრამისტები ამბობენ, რომ დღეს „გუგლის“ ბაზარი საქართველოსთვის საკმარისად ღია არ არის. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა გაიხსნას - ამ იდეითა და მოწოდებით გაერთიანდნენ 2016 წლის „გუგლის“ დეველოპერების ფესტივალის მონაწილენი. „დევფესტი“ „გუგლის“ ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შეიძლება გაიმართოს. ფესტივალის მასპინძელი უკვე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქალაქი იყო და, საერთო ჯამში, მან 30 000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. საქართველოში ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა ტექნოპარკის ტერიტორიაზე. ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაციები: “GDG თბილისი”, “GBG თბილისი” და „ჯეოლაბი“.

გადმოწერა

რატომ არის მნიშვნელოვანი ე. წ. „უნიკოდში“ მთავრული ასოების დამატება და რატომ ვერ გახდა საქართველო „გუგლისთვის“ საინტერესო ქვეყანა?

მასშტაბურობითა და ორგანიზების ხარისხით წლევანდელი „დევფესტი“, მართლაც, გამორჩეული იყო - სტუმრებს შეეძლოთ პარალელურ რეჟიმში მოესმინათ ღია ლექციები როგორც ტექნიკური, ასევე ბიზნესის მიმართულებით. მოწყობილი იყო „ქოუდლაბი“, სადაც დეველოპერებს შეეძლოთ დაეწერათ კოდები და შეექმნათ მარტივი აპლიკაციები, ასევე „Expo“ სივრცეში გასცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მსგავსი ღონისძიებებით „გუგლის“ რუკაზე ადგილი უკვე დაიმკვიდრა, „გუგლის“ ბაზარი საქართველოსთვის მაინც არ არის ღია. როგორც „ჯეოლაბის“ ტექნიკურმა დირექტორმა და ფესტივალის ერთ-ერთმა ორანიზატორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა, გვითხრა, “დევფესტის“ მიზანი სწორედ საქართველოსადმი „გუგლის“ ინტერესის გაზრდაა:

გიორგი ვახტანგიშვილი
გიორგი ვახტანგიშვილი

„სიტუაცია არის შემდეგი: „გუგლისთვის“ არ არის საინტერესო ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნები, რადგან ბაზარი არის პატარა და „გუგლი“ ცდილობს გვერდი აგვიაროს, თუმცა ასეთი წამოწყებები, როგორებიც არის “GDG თბილისი”, “GBG თბილისი”, “დევფესტი”, რომელიც დღეს ტარდება, ეს არის „გუგლთან“ დაახლოებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი. ზუსტად ასეთ ღონისძიებებზე შეგვიძლია წამოვჭრათ ისეთი თემები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ხელს უშლის ციფრულ სამყაროში, თუნდაც ის, რომ „გუგლის“ ბაზარი არ არის ღია და ჩვენ არ შეგვიძლია ოფიციალურად ვიყიდოთ აპლიკაციები. ზუსტად მსგავს თემებზე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ ‘გუგლთან’“.

წლევანდელი “დევფესტის” მთავარი თემა უნივერსალურ კოდთა სისტემაში, ანუ „უნიკოდში“, მთავრული ასოების დამატების საკითხის წინ წამოწევაა, ამ პრობლემასთან დაკავშირებით ირლანდიიდან საგანგებოდ მოიწვიეს მაიკლ ევერსონი, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული შრიფტის საერთაშორისო სტანდარტებში ჩასმა და „უნიკოდის“ სისტემაში ინტეგრაცია.

„’დევფესტს’ ყოველ წელს აქვს მთავარი თემა, რომლის გარშემოც იკრიბება ხალხი. გასულ წელს ეს თემა იყო ჰაკატონი, წელს მთავარი თემატიკა არის ქართული მთავრული ასოების „უნიკოდში“ დამატება. უკვე დაახლოებით ერთი წელია „უნიკოდთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქართული მთავრული ასოებისთვის გამოიყოს ადგილი „უნიკოდის“ საერთო სისტემაში. წელს ჩამოსულია მაიკლ ევერსონი, რომელიც 1999 წლიდან ქართული ასოების ინტეგრირებას ცდილობს „უნიკოდის“ სისტემაში. ძველი ქართული ხუცური სიმბოლოები და ასევე ლარის სიმბოლოც „უნიკოდში“ მისი ინტეგრირებულია. ის ისაუბრებს ქართული მთავრული ასოების „უნიკოდში“ ჩამატებასთან დაკავშირებით“, ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

ფესტივალი მობილური აპლიკაციების სააგენტო “Pixplicity-ის“ დამაარსებელმა, ჰოლანდიელმა პოლ ლამერთსმა გახსნა. იგი რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს Google-ის დეველოპერებისა და ჰოლანდიის ანდროიდის მომხმარებელთა ჯგუფს. პოლმა ილაპარაკა იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ანდროიდის აპლიკაციის შექმნისთვის და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ანდროიდ დეველოპერი. პოლმა კოდლაბში ახალგაზრდა ანდროიდ დეველოპერებთან ერთად ვოქრშოპიც გამართა:

პოლ ლამერთსი
პოლ ლამერთსი

„ძალიან მომწონს „დევფესტი“ მისი საზოგადოებრივი დატვირთვის გამო. ორგანიზატორები არ მუშაობენ ფინანსური მოგებისთვის, რაც ღონისძიებას საშუალებას აძლევს კონცენტრირდეს შინაარსზე. დღეს ეს კარგად დავინახეთ. ყურადღება გამახვილებული იყო მაღალი ხარისხის მასალაზე. ძალიან მომეწონა ლექციებიც, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ქართულად იყო და ვერაფერი გავიგე (იცინის). ასევე ჩავატარე „ქოუდლაბი“, რომელსაც ბევრი მოტივირებული სტუდენტი დაესწრო. ის, რომ დასწრება უფასოა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასწრების შესაძლებლობა ყველას აქვს, განსაკუთრებით სტუდენტებს და, საერთოდ, ყველას, ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიებით. ამიტომ ხალხი, ვინც ესწრება ღონისძიებას, მართლა მონდომებულია, რომ რამე ახალი გაიგოს და ისწავლოს“.

პოლის ლექციის შემდეგ ფესტივალის სტუმრები მთავარ დარბაზებში, ანუ „Conference Room”-სა და „EPSON room“-ში, გადანაწილდნენ, სადაც ტექნოლოგიებისა და ბიზნესის თემაზე საუბარში ქართველი გამომსვლელები იყვნენ ჩართული. „დევფესტის“ მთავარი სტუმრის, მაიკლ ევერსონის, ლექციამდე, რომელიც ქართული სიმბოლოების „უნიკოდში“ დამატებას ეხებოდა, ფონტების ინჟინერმა აკაკი რაზმაძემ ქრონოლოგიურად განიხილა ქართული სიმბოლოების ისტორია „უნიკოდის“ სისტემაში ინტეგრაციამდე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრული ფონტი არ არის, უბრალოდ, ზომაში გაზრდილი მხედრული ასოები, არამედ არის დამოუკიდებელი სიმბოლოები და მათი „უნიკოდის“ სისტემაში ინტეგრაცია აუცილებელია.

მაიკლ ევერსონის ლექციამ დამსწრე საზოგადოება ისევ „Conference Room”-ში გააერთიანა. მაიკლმა ისაუბრა „უნიკოდის“ სისტემაზე, ქართულ სიმბოლოებსა და „უნიკოდში“მათი დამატების ამბავზე.

რადიო თავისუფლების კითხვას, თუ რატომ დაინტერესდა ქართული სიმბოლოებით, მაიკლ ევერსონმა ასე უპასუხა:

„1996 წელს მაკინტოში მქონდა, რომელზეც შესაძლებელი იყო ბითმეპ ფონტების შექმნა. პირველი ფონტი, რომელიც მე გავაკეთე, ქართული იყო... რატომ? წარმოდგენა არ მაქვს, ქართული საერთოდ არ ვიცოდი... არც ახლა ვიცი. უბრალოდ, სიმბოლოების ფორმები მომეწონა, ძალიან ადვილი და გასაგები იყო... ეს იყო ჩემ მიერ შექმნილი პირველი ბიტმეპ ფონტი, საერთოდ. ასე გავიგე საქართველოს შესახებ. შემდეგი ქართული ფონტები 1997-98 წლებში გავაკეთე. ეს ფონტები კიდევ შენახული მაქვს“...

წლევანდელ „დევფესტზე“ აქტიურობდნენ ქალი გამომსვლელები. სოფიო გაჩეჩილაძის ლექცია სტარტაპის წამოწყების დროს გუნდური მუშაობის მნიშვნელობას ეხებოდა, პროგრამისტმა სალომე ვახტანგაძემ კი, რომელიც ფესტივალის ბოლო გამომსვლელი იყო, „მეფრედიუსზე“ ილაპარაკა:

სალომე ვახტანგაძე
სალომე ვახტანგაძე

„როდესაც „გუგლს“ უწევდა ძალიან ბევრ მონაცემთან მუშაობა, შექმნეს „მეფრედიუსი“, რომელიც არის დიდი მონაცემების დამუშავების ერთ-ერთი პროტოტიპი, მას პროგრამისტები ხშირად იყენებენ. როგორც აღმოჩნდა, „მეფრედიუსის“ დახმარებით ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ერთი და იმავე მიდგომით ამოიხსნას“.

„დევფესტს“ ესწრებოდა ანდროიდის დეველოპერი, საბა გოგოლიძე, რომელმაც ფესტივალზე მიღებული გამოცდილებების შესახებ ისაუბრა:

„’დევფესტზე’ ძირითადად წარმოდგენილი იყო რჩევები დეველოპერებისთვის, თუ როგორ უნდა გახდე წარმატებული დეველოპერი; ასევე, როგორ უნდა დაიწყო შენი აპლიკაცია ან ბიზნესი, რომელიც გახდება წარმატებული. ასეთი ივენთები აუცილებელია, რადგან „გუგლიც“ და, ზოგადად, უცხოური კომპანიები ამას უყურებენ საქართველოში და შემდეგ წყვეტენ, გახსნან თუ არა თავისი ბაზარი, და სწორედ ასეთი ღონისძიებები დაეხმარება უცხოურ კომპანიებს, რომ მიაქციონ ყურადღება ამ საკითხს და საქართველოსთვის გახსნან თავიანთი ბაზარი“.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფესტივალის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ქართველი გამომსვლელების ლექციები. წლევანდელმა „დევფესტმა“, ჯამში, თორმეტი გამომსვლელი გააერთიანა. 2016 წლის „დევფესტი“, ორგანიზატორების თქმით, დამსწრეთა რაოდენობითაც გამორჩეული იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG