Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია „მაესტრო“ მაუწყებლობას განაგრძობს და მასთან ერთად, ტესტურ რეჟიმში, "ტვ 11"-ის სიხშირეზე მუშაობს „მაესტრო-24“. ფართო საზოგადოების გარდა, აღნიშნული ტელეკომპანიები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდნენ: მათ კომისიისგან მიიღეს წერილები, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ფუნქციონირების ფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მარეგულირებელ კომისიას აცნობონ.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ილია კიკაბიძეს, ტელეკომპანია “მაესტროს“ დირექტორს, მისივე 5 თებერვლით დათარიღებული წერილის პასუხად მიმართავს. 5 თებერვლის წერილში ილია კიკაბიძე კომისიას სთხოვდა ცნობად მიეღო ის ფაქტი, რომ “მაესტრო-24” მაუწყებლობას იწყებდა. შესაბამისად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შპს ტელეკომპანია “მაესტროსგან“ მოითხოვს დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები: ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიას წარუდგინოს მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, კომისიას აცნობოს ვებგვერდის მისამართი, საჯაროდ გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე და სხვა.

ილია კიკაბიძე მზადაა უახლოეს მომავალში გაუგზავნოს მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. აქვე იგი განმარტავს, რომ „მაესტრო 24“-ის ეთერში გაშვებას რამდენიმე თვეა აპირებს:

“აგვისტოს დასაწყისში გავიარე ავტორიზაცია და მას შემდეგ ყოველდღე ვაპირებდი და გუშინ იყო ის დღე, როდესაც ჩავრთე „მაესტრო-24“. უკვე რაც გადის სიგნალი, ეგ ჩვეულებრივად ერთი კომპიუტერია და დავხვეწავთ ტექნიკურად. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ვეცდები, რომ დიდი კონკურენცია გავუწიო ყველა არხს“.

ხატია ყურაშვილი

ხატია ყურაშვილი

„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია კიკაბიძე, ამჟამად დაფარვის ზონების გაფართოებაზე მუშაობს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წერილში კი სტუდია „მაესტროსადმი“, რომლის საკონტროლო პაკეტს, 55 პროცენტს, მომღერალი გია გაჩეჩილაძე ფლობს, ნათქვამია, რომ ვინაიდან ამ ეტაპზე სამაუწყებლო არხ ტვ-11-ის მაუწყებლობა არ ხორციელდება, სამი დღის ვადაში სტუდია „მაესტრომ“ კომისიას უნდა აცნობოს, შეწყვიტა თუ არა ავტორიზაციის ფარგლებში მიღებული სპეციალიზებული მაუწყებლობა. წერილში განმარტებულია, რომ თუ ავტორიზებული პირი მაუწყებლობას წყვეტს, ან საქმიანობის მოდიფიცირება აქვს გადაწყვეტილი, იგი ვალდებულია კომისიას 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და სტუდია „მაესტროს“ მარეგულირებელმა კომისიამ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიმართა:

“ამ ეტაპზე მარეგულირებელმა კომისიამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განმარტებითი წერილები გაგზავნა ორივე კომპანიაში, განუმარტა მათ კანონით გათვალისწინებული მოვალეობები; ამავე დროს, გამოითხოვა გარკვეული ინფორმაცია. სწორედ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი სხვა საკითხებზე, ანუ რეალურად რა ვითარებაა კანონის დაცვასთან მიმართებაში“.

ირაკლი კორძახია კი, სტუდია „მაესტროს“ საკონტროლო, 55- პროცენტიანი, წილის მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატი, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ კანონი დაირღვა და, ამას გარდა, "ტვ 11"-ის სიხშირეზე ახალი არხის ჩართვა „მაესტროს“ გაკოტრებისკენ მიმართული ნაბიჯია:

“ტვ 11" არის „მაესტროსი“. „მაესტროს“ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება საკაბელო ოპერატორებთან, ვისი მეშვეობითაც "ტვ11"-ის ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს. გამოდის, რომ უკანონოდ შეწყვიტეს ეს ხელშეკრულება და გაუშვეს ბაჩო კიკაბიძის რაღაც ტელევიზიის სიგნალი. ჯერ ერთი, ეს კომპანიის, „მაესტროს“, საწინააღმდეგო მოქმედებაა, ამისთვის მინიმუმ საჭირო იყო მეურვის თანხმობა. გარდა ამისა, დარღვეულია მაუწყებლობის შესახებ კანონი იმის გამო, რომ წინასწარ ერთი კვირით ადრე არ გააფრთხილეს მარეგულირებელი“.

მე აუცილებლად გავასაჯაროვებ გარკვეულ მიმოწერას, მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია მტკიცებულებებთან ერთად, როგორ იგეგმებოდა ეს სქემა, რაც მიმდინარეობს დღეს მაესტროში...

მარეგულირებელი კომისია კომპანიებისგან მოთხოვნილ დოკუმენტაციას ელოდება, თავად კომპანიები კი საჯარო სამეწარმეო რეესტრში აუცილებელი პროცედურების დასრულებას ელიან. ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ გაასაჯაროვებს მიმოწერას, რომელიც „მაესტროში“ მიმდინარე პროცესების დაგეგმილ სქემას გამოააშკარავებს:

“მე აუცილებლად გავასაჯაროვებ გარკვეულ მიმოწერას, მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია მტკიცებულებებთან ერთად, როგორ იგეგმებოდა ეს სქემა, რაც მიმდინარეობს დღეს მაესტროში. მე მაქვს, მერწმუნეთ, ამის მტკიცებულება, მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ამ ყველაფერს აუცილებლად გავასაჯაროვებ“.

ბაია გადაბაძის თანახმად, ამ დღეებში თბილისში ჩამოვა არხის ერთ-ერთი მეწილე, მაკა ასათიანი. კონფლიქტი კი პარტნიორებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2 თებერვალს საჯარო რეესტრში მეწილეთა ცვლილება აისახა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი, 55 პროცენტით, გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ გახდა. მან ორი თანამფლობელისგან, გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან, 15-15-პროცენტიანი წილი შეიძინა თანხით, რომელიც, მისივე განმარტებით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესის მმართველმა და ტელეკომპანია „იმედის“ მმართველმა ირაკლი რუხაძემ ასესხა. პარტნიორთა კრებაზე კი 4 თებერვალს თანამდებობიდან გადააყენეს არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე და ახალ დირექტორად გიორგი გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე, დაინიშნა. ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები ცვლილებების შემდეგ აღარ გამოჩენილან ტელეკომპანია „მაესტროში“, რომელსაც, ბაია გადაბაძის განკარგულებით, საგანგებო რეჟიმში იცავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG