Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეოთხედ ბრალდებული გიგი უგულავა


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს "სამხურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის" ბრალდება წაუყენეს. ბრალდება უკავშირდება "სიტი პარკსა" და თბილისის მერიას შორის 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კომპანიის სასარგებლოდ გაფორმებული ხელშეკრულებით ბიუჯეტმა 1 086 718 ლარის ოდენობის ზარალი ნახა. გიგი უგულავას განცხადებით, ბრალდების მთავარი მოწმეა კობა ბექაური და თავად ბრალდება - აბსურდული.

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დღის 12 საათზე მივიდა. დაკითხვიდან 3 საათის შემდეგ გამოსულმა განაცხადა, რომ ბრალდება აბსურდულია და, წინა დაკითხვებისგან განსხვავებით, პროცედურულადაც გაუმართავი. მისი თქმით, ეს არის „პოლიტიკურად მომაკვდავი დავით ნარმანიას გადარჩენის მცდელობა“ და ყველანაირი ხელშეშლა, რომ მან, უგულავამ, საქართველო არ დატოვის, ვინაიდან, როგორც დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ამ დღეებში დაგეგმილი ჰქონდა სიტყვით გამოსვლა ევროსაბჭოს რეგიონთა ასამბლეაზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დარღვევებზე უნდა ელაპარაკა:

„მე უკვე მეხუთედ ვარ აქ და ტომები მომყვება ხოლმე და ეს ტომებიც არ გადმოგვცეს. აბსულუტურად მოუმზადებელია. რა უნდათ, თვითონ არ იციან. შიშს და წერას ჰყავს აყვანილი ეს მთავრობა და მთავარი დამავიწყდა მეთქვა, მთავარი მოწმე, იცით, ვინ არის? აბა, გამოიცანით? - კობა ბექაური. და რომ გავიგე ბექაურია, ერთი 5 წუთი ვფიქრობდი, საერთოდ რა კავშირშია ამ საქმესთან, ჯოზეფ კეი, კობა ბექაური... ანუ საქართველოში სელექციური მართლმსაჯულება კი არ არის, უკვე ცინიკური მართლმსაჯულებაა“.

გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ. თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სიტი პარკს" მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი დააზუსტეს, რომ გიგი უგულავას ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა. კერძოდ, 2007 წლის 7 დეკემბერს შპს "სიტი პარკსა" და ქ. თბილისის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ,,პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარის გაცემის შესახებ", რომლის თანახმად, თბილისში პარკირების მომსახურების გაწევა გადავიდა ექსკლუზიურად შპს "სიტი პარკზე", რომლიდანაც მიღებული შემოსავლის (ჯარიმების) 60%-ს მიიღებდა ქ. თბილისის მთავრობა, ხოლო 40%-ს შპს "სიტი პარკი". მოგვიანებით „გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ. თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სიტი პარკს" მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში:

„გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ. თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სიტი პარკს" მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში. კერძოდ, გიორგი უგულავამ შპს ,,სიტი პარკის" სასარგებლოდ 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემული ბრძანების დანართში განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზეც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 40%, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა შპს ,,სიტი პარკის" ანგარიშზე.

ამავდროულად, გიორგი უგულავას გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მერიასა და შპს ,,სიტი პარკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2011 წლის 06 აპრილს შევიდა ცვლილება N 3, რის საფუძველზე კვლავ კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესი, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის შპს ,,სიტი პარკი" თბილისში საქმიანობით სოლიდურ მოგებას იღებდა და სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა კომპანიისათვის რაიმე დამატებითი შეღავათის დაწესების აუცილებლობა, შპს "სიტი პარკმა" ხსენებული ცვლილებით თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული ჯარიმიდან დამატებით მიიღო 3 ლარი, 40% წარიმართა კომპანიის ანგარიშზე.

შეუძლებელია თბილისის მერს წაუყენო ბრალი სამართლებრივი დოკუმენტის კანონშეუსაბამოდ გამოცემასთან, მაშინ როცა მასზე სამართლებრივი საბოლოო დასკვნა გაცემული აქვს იუსტიციის სამინისტროს...
ირაკლი აბესაძე

ამდენად, ქ. თბილისის მერმა, გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სიტი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ, მთლიანობაში, გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარი“.

ბრალის დამტიცების შემთხვევაში გიგი უგულავას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელის. თუმცა თბილისის მერის მადგილე ირაკლი აბესაძე, რომელიც წლების განმავლობაში მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდების უზუსტობაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, შეუძლებელია გიგი უგულავას წაუყენონ ბრალი იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს აქვს საბოლოო სამართლებრივი დასკვნა გაცემული:

„შეუძლებელია თბილისის მერს წაუყენო ბრალი სამართლებრივი დოკუმენტის კანონშეუსაბამოდ გამოცემასთან, მაშინ როცა მასზე სამართლებრივი საბოლოო დასკვნა გაცემული აქვს იუსტიციის სამინისტროს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ, სამწუხაროდ, არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება, ბატონი დავით ნარმანიასა და „ქართული ოცნების“ ნაცვლად, დაიწყო კვლავ საგამოძიებო ორგანოებმა“.

მორატორიუმი, რა თქმა უნდა, არ არის იმუნიტეტი. მორატორიუმი, რომელიც პრემიერმა გამოაცხადა, არის საშუალება იმისა, რომ პოლიტიკურ ლიდერს, კანდიდატს თუ აქტივისტს მიეცეს თავისუფალი კამპანიის საშუალება...
თეა წულუკიანი

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გიგი უგულავასათვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და ამის გაპროტესტებას მთავრობის კანცელარიასთან აქციითაც აპირებენ. აქციის სახელწოდება იქნება „ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მთავრობას მორატორიუმის დარღვევაშიც ადანაშაულებენ, იმ მორატორიუმისა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადდა პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში. სერგო რატიანის თქმით:

„ხელისუფლებამ განაახლა პოლიტიკური რეპრესიები, მან არაფრად ჩააგდო თავის მიერ გამოცხადებული მორატორიუმიც კი. ამიტომ ჩვენ უნდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური რეპრესიებით ის ვერ გადაფარავს წარუმატებელ პოლიტიკას“.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მორატორიუმის დარღვევად არ მიიჩნევს გიგი უგუალავას დაკითხვაზე დაბარებას, თუმცა მაინც აპირებს ეს საკითხი განიხილოს 1 ივნისს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომლის თავმჯდომარეც თავად გახლავთ:

„მორატორიუმი, რა თქმა უნდა, არ არის იმუნიტეტი. მორატორიუმი, რომელიც პრემიერმა გამოაცხადა, არის საშუალება იმისა, რომ პოლიტიკურ ლიდერს, კანდიდატს თუ აქტივისტს მიეცეს თავისუფალი კამპანიის საშუალება. თუ უგულავა მიბრძანდებოდა საზღვარგარეთ, მე არ მგონია, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო კამპანიისთვის მიდიოდა. ამიტომ ეს საკითხები არის განსახილველი და გამოსარკვევი“.

დღის ბოლოს საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „სიტი პარკმაც“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარიმებიდან ამოღებული თანხა ჯერ ბიუჯეტში ირიცხება და შემდგომ 40% ბრუნდება კომპანიის ანგარიშზე, 60% კი რჩება ბიუჯეტს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ ვრცელდება პარკირების თანხებთან დაკავშირებული სხვადასხვა კალკულაციები. კომპანია „სიტი პარკი“ აღნიშნავს, რომ მითითებული ციფრები არათუ არ შეესაბამება რეალობას, არამედ კავშირშიც კი არ არის მასთან და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ქალაქ თბილისში პარკირებასთან დაკავშირებული ყველა გადახდა ხორციელდება ელექტრონულად, რაც უზრუნველყოფს მის სრულ გამჭვირვალობას“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG