Accessibility links

logo-print

დაამძიმებს თუ არა მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ბრალდებებს აუდიტის სამსახურის დასკვნა


ვანი მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლოზე

ვანი მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლოზე

4 ივლისს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში დიდი ოდენობით უკანონო შემოწირულების მიღების საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კიდევ ერთხელ წამოსწია. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ 2012 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმების პროგრამის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება 21837 პირს დაუდო, რომლებიც პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ. აუდიტის სამსახურის ანგარიში შესასწავლად უკან, პროკურატურაში, დაბრუნდა.

პროკურატურიდან მიღებული მასალების შესწავლის შემდეგ აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასაქმების პროგრამისათვის გამიზნული საბიუჯეტო სახსრები, კანონდარღვევით, თავისი პარტიული მიზნებისათვის გამოიყენა. ამ გზით მიღებული უკანონო შემოწირულების ოდენობამ კი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, 5 240 880 ლარი შეადგინა:

„2012 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ, საქართველოს მთავრობის დასაქმების პროგრამის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებები დაუდო 21 837 პირს, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები განახორციელეს. დადგინდა, რომ ამ პირთა სია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა შეადგინეს და მასში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტები და მხარდამჭერები შეიყვანეს. ამ ადამიანებმა არაფერი იცოდნენ დასაქმების პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი საქმიანობის თაობაზე. ეს ცხადყოფს, რომ დასაქმების პროგრამით გათვალისწინებული მიზნები აბსოლუტურად უგულებელყოფილი იყო, საბიუჯეტო სახსრები კი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ იყო მიმართული“.

საქმე, რომელზეც ვანო მერაბიშვილი და მე ვართ ბრალდებულები, სასამართლოში სწორედ ახლა იხილება. ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, როდესაც მათ ჰქონდათ საშუალება გამოძიების ეტაპზევე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიეწოდებინათ პროკურატურისათვის, დღეს ჩემ მიერ აღქმულია როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევა, რაც არღვევს ვანო მერაბიშვილისა და ჩემს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს...
ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2012 წელს, აღნიშნულ პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და რომელიც ვანო მერაბიშვილთან ერთად კორუფციული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობისთვის მაისში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს შეფარდების შემდეგ გათავისუფლდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა - არც ის და არც ვანო მერაბიშვილი დანაშაულს არ აღიარებენ და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ისინი საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებენ. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის განცხადებას, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მისი და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და, რაც მთავარია, ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეს არის ზეწოლა სასამართლოზე, რადგან, მისი შეფასებით, დღეს ყველაფერი სასამართლო დარბაზში უნდა ითქვას:

„საქმე, რომელზეც ვანო მერაბიშვილი და მე ვართ ბრალდებულები, სასამართლოში სწორედ ახლა იხილება. ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, როდესაც მათ ჰქონდათ საშუალება გამოძიების ეტაპზევე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიეწოდებინათ პროკურატურისათვის, დღეს ჩემ მიერ აღქმულია როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევა, რაც არღვევს ვანო მერაბიშვილისა და ჩემს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს და აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც სწორედ თავისუფალი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას შეეხება. ამიტომაც მე ამ განცხადებას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად და ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აღვიქვამ“.

ადამიანების დასაქმებაში უკანონოს ვერაფერს ხედავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი, თუმცა ისიც აღნიშნავს, რომ თუ ეს ამბავი საარჩევნო პროცესს ებმის, მაშინ ფაქტი ბოლომდე უნდა იქნეს გამოძიებული:

კარგია, რომ ამაზე თავად აუდიტის სამსახური ალაპარაკდა და ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს - პროკურატურამ საქმე ბოლომდე შეისწავლოს...
„მე მგონია, რომ ადამიანების დასაქმება ისეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა ( და ბუნებრივია, რომ 9 წლის განმავლობაში სასწაული ვერ მოხდებოდა და არაფრისგან იდეალური ვითარება ვერ შეიქმნებოდა), ნებისმიერი ნაბიჯი დასაქმების კუთხით კარგი და აუცილებელიც კი იყო. თუ ეს ამბავი ებმის საარჩევნო პროცესს, მაშინ ეს ფაქტი გამოსაკვლევია და დასადგენი - მათ შორის, თქვენი, მედიის მიერ და, იმედია, რომ პასუხი გაეცემა ყველაფერს“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახური ხელისუფლების შეცვლამდე მუდმივად ერთი პარტიის - „ქართული ოცნების“ -დისკრედიტაციით იყო დაკავებული. პარალელურად, მისი თქმით, არ კონტროლდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ წასული ფინანსები:

„კარგია, რომ ამაზე თავად აუდიტის სამსახური ალაპარაკდა და ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს - პროკურატურამ საქმე ბოლომდე შეისწავლოს, ხოლო იმ პირებმა, რომლებიც უკანონო გზებით აფინანსებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, პასუხი აგონ“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძეც შენიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ეს არ ყოფილა დასაქმების პროგრამებისათვის განკუთვნილი ფინანსების არამიზნობრივად გამოყენების ერთადერთი შემთხევვა და საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

4 ივლისს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებული "ამნისტიის აქტი" აუდიტის სამსახურს ადმინისტრაციული საქმის წარმოებას უკრძალავს, ხოლო რადგან საქმეში იკვეთება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევის ნიშნები, აღნიშნულ ანგარიშს დამატებითი შესწავლისთვის აუდიტის სამსახური პროკურატურას გადაუგზავნის.
XS
SM
MD
LG