Accessibility links

„უკანასკნელი წლების ყველაზე რეზონანსულ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე“ მოსალოდნელია ბრალი წარედგინოთ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს - ასეთ განცხადებას აკეთებენ პროკურატურაში. სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ განაახლა. ამავე გამოძიების ფარგლებში ბრალი დაუმძიმდა წინასწარ პატიმრობაში სხვა ბრალდებებით მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისადმი წარდგენილ ბრალდებებში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ბრალი ამ ეტაპზე რიგით მეოთხეა და ის კიდევ უფრო ამძიმებს მისდამი წარდგენილ სამ სხვა ბრალდებას, რომელიც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და პარტიის ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებასა და, აგრეთვე, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას შეეხება. პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ბრალი ედება 2006 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დეტალების მიჩქმალვაში, თავისი მეუღლისა და ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულის დაფარვის მიზნით.

გავიხსენოთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობას წინ უსწრებდა შელაპარაკება თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში. გავრცელებული ცნობებით, სანდრო გირგვლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის ნაცნობს, რომელიც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან ერთად მაგიდასთან იჯდა; მან უცენზურო სიტყვებით მიმართა იმავე მაგიდასთან მსხდომ იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს.

ხელმეორე გამოძიებით პროკურატურამ დაადგინა, რომ სწორედ სუფრის ერთ-ერთი წევრის, იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დათა ახალაიას მითითებით, სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. იმავე დღეს ოქროყანის სასაფლაოსთან აღმოაჩინეს სანდრო გირგვლიანის ცხედარი, რომელსაც ძალადობის კვალი ეტყობოდა. ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი ვანო მერაბიშვილის გარდა სხვა მონაწილე პირებსაც წარედგინებათ:

„არაერთი პირი მიეცემა პასუხისგებაში. ახალაია, რასაკვირველია, მიეცემა პასუხისგებაში მთელი რიგი მუხლებით ამ დანაშაულთან დაკავშირებით. შემდეგ მიეცემიან პასუხისგებაში ის პირები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ ყოფნასთან დაკავშირებით ფიგურირებდნენ და სჩადიოდნენ მთელ რიგ კანონდარღვევებს იმიტომ, რომ იმ დაკავებული 4 პირისთვის შეექმნათ კომფორტული გარემო, რათა მათ არ ეგრძნოთ, რომ სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.

წარდგენილ ბრალდებაში ბატონი მერაბიშვილი თავს არ ცნობს დამნაშავედ. რაც შეეხება საქმის მასალებს, ვეცნობით. შესაბამისად, ვნახავთ იმ ბრალდებებს, რომლებითაც ბრალდება აპელირებს. შესაბამისად, წარვადგენთ ჩვენს არგუმენტებს უკვე აღმკვეთ ღონისძიებაზე...
მაია მწარიაშვილი გულისხმობს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულ პირებს, რომლებსაც ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, შემდეგ კი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს და რომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვაც, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, ვანო მერაბიშვილმა ითავა. ამ პირთა გათავისუფლებას პროკურატურა ტენდენციურად მიიჩნევს. ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიების პროცესში დარღვევები არსებობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. თავად წინასწარ პატიმრობაში მყოფი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, როგორც მისი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, ბრალს არ აღიარებს:

„წარდგენილ ბრალდებაში ბატონი მერაბიშვილი თავს არ ცნობს დამნაშავედ. რაც შეეხება საქმის მასალებს, ვეცნობით. შესაბამისად, ვნახავთ იმ ბრალდებებს, რომლებითაც ბრალდება აპელირებს. შესაბამისად, წარვადგენთ ჩვენს არგუმენტებს უკვე აღმკვეთ ღონისძიებაზე. ერთ-ერთ მოწმედ ბრალდებას ჰყავს მოხსენიებული ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და მიაჩნია მერაბიშვილს, რომ იგი არ იქნება ობიექტური იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არის დაინტერესებული პირი და იქნება აუცილებლად მიკერძოებული მისი ჩვენება“.

პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების - მათ შორის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას - პასუხისგებაში მიცემა მოსთხოვა. უწყების ინფორმაციით, მერაბიშვილი ბურჯანაძის მოთხოვნას, ჩადენილი დანაშაულის ყველა მონაწილე პასუხისგებაში მიცემულიყო, არ დაეთანხა იმ მოტივით, რომ „ასეთ შემთხვევაში მას თავად მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება", - ნათქვამია ივანე მერაბიშვილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, მერაბიშვილის დაცვის მხარის განცხადებები საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობას ემსახურება, თუმცა პოლიტიკური შინაარსი გირგვლიანის საქმეს მუდმივად სდევდა - წლების განმავლობაში ოპოზიცია ამ საქმეს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი მმართველობის ნათელ მაგალითს უწოდებდა. სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებშიც შედიოდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სწორედ იმაზე აპელირებენ, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნა იყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების დილის ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძეც საუბრობდა:
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ ამ სიტყვებით ამბობს, რომ ის შეძრულია იმ სისტემური პრობლემით, რაც მან ამ საქმის შესწავლის დროს დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების სამინისტროს, სასამართლოების, პრეზიდენტის, იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ქმედებები მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე მიჩქმალულიყო, როგორმე დამალულიყო, სათანადოდ არ გამოძიებულიყო ეს საქმე და, ცხადია, ეს წარმოაჩენდა იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არსებობდა საქართველოში“.
XS
SM
MD
LG