Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილის მორიგი სასჯელი


თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა შინაგან საქმეთა ყოფილ მინიტსტრს, ვანო მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ერეკლე კოდუას, და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს, რომლებმაც, განაჩენის მიხედვით, დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმას 2005 წლის 14 ივლისს.

მერაბიშვილის მორიგი სასჯელი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:15 0:00
გადმოწერა

ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ 2005 წლის 14 ივლისს თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თავდამსხმელებმა დაბლოკეს დეპუტატის ავტომანქანა, რის შემდეგაც, ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს მიწაზე და იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ვალერი გელაშვილმა მიიღო ქალა-ტვინის ძლიერი ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირისა და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა. რადიო თავისუფლების არქივში ინახება ვალერი გელაშვილის ხმის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი თავდასხმას უკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებას:

„მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ეს შეურაცხყოფად, რომ მე არ დავუთმე და მოვთხოე რეზიდენციის ტერიტორიის სანაცვლოდ თანხა. ასევე ჩემზე თავდასხმა მიზნად ისახავდა ხალხის დაშინებას - ბიზნესმენების, დეპუტატების დაშინებას, რომ ვინც ჭკვიანად არ მოიქცევა, უარეს დღეში ჩავარდებაო“.

გამოძიების თანახმად, რომელიც 2014 წელს დაიწყო, თავდასხმა განახორციელეს იმჟამინდელი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, რომლებიც, პროკურორ კოკა კაციტაძის მტკიცებით, დანაშაულის ორგანიზატორების, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის, მითითებით მოქმედებდნენ. სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ იმჟამინდელი პრეზიდენტი გაზეთ „რეზონანსში“ 2005 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებულმა სტატიამ განარისხა. საუბარია ვალერი გელაშვილის სტატიაზე, სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“, რომელშიც დეპუტატი გამოთქვამდა უკმაყოფილებას პრეზიდენტის მიმართ, რომ მას წაართვეს ქონება და ფული არ გადაუხადეს. გამოძიების თანახმად, ამ სტატიაში იყო შეურაცხმყოფელი ფორმით საუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პირადი ცხოვრების შესახებ.

„2015 წლის 14 ივლისს, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა პირებმა, სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებმა, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ბლოკირება მოახდინეს და თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს. ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეცრაზმის მებრძოლებმა ვალერი გელაშვილი გადმოიყვანეს მანქანიდან და სასტიკად სცემეს იარაღის კონდახით“.

ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ თათბირზე, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, სააკაშვილმა უშუალოდ მას დაავალა, რომ ანგარიშსწორება მოეხდინათ გელაშვილზე და ამ დროს ივანე მერაბიშვილი მას აქეზებდა და აგულიანებდა, რომ ეს არავის არ უნდა შერჩენოდა...
არჩილ ტყეშელაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად ვანო მერაბიშვილს მიუსაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი - 9-9- წლიანი პატიმრობა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო ბრალმდებელმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ დამაჯერებლად ჩათვალა ბრალდების მთავარი მოწმეების, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის, ჩვენებები:

„ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ თათბირზე, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, სააკაშვილმა უშუალოდ მას დაავალა, რომ ანგარიშსწორება მოეხდინათ გელაშვილზე და ამ დროს ივანე მერაბიშვილი მას აქეზებდა და აგულიანებდა, რომ ეს არავის არ უნდა შერჩენოდა. ასევე საქმეში არის სპეცრაზმის ჩვენება, რომელიც პირდაპირ ამხელს ივანე მერაბიშვილს დანაშაულის ორგანიზებაში. საუბარია იმ პირზე, რომელიც ხელმძღვანელობდა თავდასხმას“.

არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, თავდასხმაში მონაწილე სპეცრაზმის ხელმძღვანელ ვახტანგ ზუხბაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, რადგანაც მან ითანამშრომლა გამოძიებასთან. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ვალერი გელაშვილმაც თქვა, რომ კმაყოფილია როგორც პროკურატურის მუშაობით, ასევე სასამართლოს განაჩენით:

„ძირითადი ვინც იყვნენ შემსრულებელი და ბრძანების გამცემი - ეს იყო სააკაშვილი, მერაბიშვილი, კოდუა და სირაძე. დანარჩენი შემსრულებლები მოქმედებდნენ მათი დავალებით ისე, რომ, ალბათ, არ იცოდნენ, ვისზე ახდენდნენ თავდასხმას“.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილო დატოვა განსასჯელთა ადვოკატები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს პოლიტიკური მოსაზრებებით დევნიან. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის, თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური ოპონენტების ჩვენებას. ერთიც და მეორეც ღიად აფიქსირებდა იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გაუშვებდა შანსს, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებზე შური ეძიათ. ჩვენ ვიღებთ ამ ფარსში მონაწილეობას იმის გამო, რომ გვქონდეს ის სამართლებრივი პროცედურები დაცული, რომლებიც აუცილებელია“.

განსასჯელთა ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მათი თქმით, პატიმრობის საბოლოო ვადას განსაზღვრავს სასამართლო ყველა პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლე გადაწყვეტს, შეკრებს სასჯელებს თუ შთანთქმის პრინციპს გამოიყენებს. ვანო მერაბიშვილს უკვე მისჯლი აქვს პატიმრობა რამდენიმე საქმეზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG