Accessibility links

logo-print
ბოლო ხანს ხელოვნებაში სოციალური თემატიკისა თუ ამბოხის მოთხოვნილებაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. გასაგები მიზეზების გამო, სოციალურ ქსელებში მუსიკალური ენით გამოხატული პროტესტის არაერთი მაგალითიც გაიხსენეს: სემ კუკის, ნინა სიმოუნის, ჯოან ბაესის, ჯეელობისდროინდელი ბობ დილანის, ბობ მარლის, „მარილზე გასული კენედების“, სისტემაზე გულაყრილი „რეიჯების“, გილ-სკოტ ჰერონის, „ფიერლ ჯემისა“ თუ სხვათა სიმღერები. მოგეხსენებათ, რომ დასავლურ კულტურაში მათი არჩევანი დიდია და ყველა მუსიკოსიც თავისას ჩიოდა - რასობრივი სეგრეგაციით დაწყებული, სოციალური უსამართლობით დამთავრებული. მართალია, ბევრი მათგანის არტისტულმა ამბოხმა ბოროტების სამუდამოდ დამარცხება ვერ მოახერხა, მაგრამ ზოგს გაუმარჯვია კიდეც - სამოქალაქო ომი შეუჩერებია.

დღევანდელ სიუჟეტში ერთ ასეთ მუსიკოსს გავიხსენებ - მერსედეს სოსას. როგორც იტყვიან, ანდების მთების შვილი გახლდათ, დედით ფრანგი, მამით კი ინდიელთა ტომის, აიმარების შთამომავალი. შავტუხა გოგო იყო და მოფერებით „ლა ნეგრას“ ეძახდნენ. არგენტინამ სამოციანი წლების დასაწყისში გაიცნო, როცა 15 წლის გოგონამ ქვეყნის ერთ-ერთ რადიოსადგურზე გამართულ მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში უფროსი თაობის გამოცდილი მომღერლები მონაწილეობდნენ, მსმენელი „ლა ნეგრას“ ექსპრესიულობამ და უჩვეულოდ ლამაზმა ტემბრმა მოხიბლა - ერთი ნახვით არა, მაგრამ ერთი მოსმენით კი ნამდვილად შეიყვარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სამუდამოდ.



„ლა ნეგრას“ პირველი ალბომი მალევე, 1962 წელს, გამოიცა, რომლის წყალობითაც არგენტინაში ფოლკ-მუსიკის სრულიად ახალი მიმართულება, ე.წ. „nueva cancion“, ანუ „ახალი სიმღერა“, დაიბადა. უფრო სწორად, ჩილედან გადმოინაცვლა, სადაც უმწვავეს სოციალურ თემებზე მხატვარი და ფოლკლორისტი ვიოლეტა პარა რა ხანია მღეროდა. ლათინოამერიკულ ქვეყნებში გაუთავებელი ხუნტებით, დიქტატურებით, სისხლიანი რეპრესიებით გაწამებული ხალხისათვის მაშინაც არავის სცხელოდა, მათი უფლებები დაუნდობლად ილახებოდა. მერსედეს სოსა კი, ფაქტობრივად, პირველი არტისტი აღმოჩნდა, რომელიც მათ გამოესარჩლა, გაბედა და ათასობით დათრგუნვილ არგენტინელს მომავლის იმედი გაუჩინა, სიამაყისა და ღირსების გრძნობა გაუღვიძა. კონცერტებზე შავი ან წითელი პონჩოთი იმოსებოდა, ჩვევა ჰქონდა - სიმღერებს თვალდახუჭული ასრულებდა ხოლმე და, ულამაზესი კონტრალტოს პატრონი, შამანურ ტრანსში აგდებდა მსმენელს. მღეროდა ამხანაგ ჩე გევარაზე, პინოჩეტის მიერ უმოწყალოდ ნაწამებ ვიქტორ ხარაზე, მექსიკელ რევოლუციონერ პანჩო ვილიაზე, სიმონ ბოლივარზე, ვიოლეტა პარაზე და, რაც მთავარია, უბრალო ხალხის ჭირსა თუ ვარამზე.



1976 წელს გენერალ ხორხე ვიდელას ხუნტამ არგენტინის პრეზიდენტი იზაბელ პერონი დაამხო. სიკვდილის ესკადრონების ხუთწლიანი მეცადინეობის შედეგად, 30 ათასამდე ადამიანი დაიხვრიტა ან უკვალოდ გაქრა. „არასწორად მოაზროვნეებს“ ღამღამობით სახლებში უცვიოდნენ და ოჯახიანად აპატიმრებდნენ, ზოგს აწამებდნენ, ზოგსაც ვერტმფრენებიდან ყრიდნენ, ქალებსა და ბავშვებს ცოცხლად მარხავდნენ. მოკლედ, არგენტინას იმ წლებში ნამდვილად არ ემღერებოდა, თუმცა „ლა ნეგრა“ კონცერტებს მაინც მართავდა და სიცოცხლის რისკის ფასად სცენიდან ებრძოდა ძალადობას. მისი სიმღერა გასცდა უბრალო მელოდიას, მან წინააღმდეგობისა თუ ტირანიისგან განმათავისუფლებელი ფუნქცია შეიძინა, თავად მომღერალი კი მილიონებისთვის სულიერ ლიდერად, ხოლო მთავრობისათვის „საშიშ ელემენტად“ იქცა. ჰოდა, 1979 წელს ბუენოს-აირესის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ მარ-დე-პლატაში გამართულ კონცერტზე მერსედესი სცენაზევე დააპატიმრეს. ისიც სხვებივით გააქრეს. რამდენიმე კვირის მანძილზე არავინ უწყოდა, თუ რა ბედი ეწია. საერთაშორისო თანამეგობრობამ მაშინ ივარგა და მუსიკოსის ვიდელას ჯურღმულებიდან დახსნა რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც მოახერხა. თუმცა თავისუფლების საზღაური დუმილი გახლდათ - „არასწორი“ რეპერტუარისათვის თითი დაუქნიეს და სიმღერა სამუდამოდ აუკრძალეს. მერსედეს სოსა იძულებული გახდა სამშობლოდან წასულიყო. ჯერ ესპანეთს შეაფარა თავი, შემდეგ კი პარიზმა მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. სამშობლოში მხოლოდ 1982 წელს, ფოლკლენდის ომში ხუნტის მარცხის შემდეგ დაბრუნდა.



„ლა ნეგრა“ 2009 წლის 18 სექტემბერს ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. იქაური პარლამენტის - ეროვნული კონგრესის - შენობიდან გამოასვენეს. ათასობით კაცმა დაიტირა - პრეზიდენტ კრისტინა კირშნერით დაწყებული, დიეგო მარადონათი დამთავრებული. ამ უკანასკნელს უთქვამს, ლათინურ ამერიკაში არავინ გვეცილება ტანგოს ცეკვაში, კორტასარისა თუ ბორხესის „არგენტინელობაში“, მერსედეს სოსა კი თანაბრად „მშობლიური“იყო როგორც რიგითი არგენტინელისათვის, ისე ურუგვაელისა თუ ჩილელისთვის, პერუელისა თუ პარაგვაელისათვის. ამიტომაც ეძახდნენ „ლათინური ამერიკის ხმასო.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG