Accessibility links

logo-print
გორის რაიონის სოფელ მერეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების ჩასვლას შეხლა-შემოხლა და ჩხუბი მოჰყვა. ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალებიც არიან.

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია მხარდამჭერებთან ერთად სოფელში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაისმა შეძახილები: „რუსეთის აგენტო“, წადი!

კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა მოაწყეს. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტად აქტიურობდა გორის სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე, რომელსაც მთელი სამსახური მერეთში ჰყავდა მობილიზებული. გარდა ამისა, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებას მეზობელი სოფლებიდანაც ჰყავდა მოყვანილი მხარდამჭერი სპორტსმენები, რომლებიც ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ და ქალებს და ახალგაზრდებს ურტყამდნენ. კოალიციის წარმომადგენელ სოსო ვახტანგაშვილის თქმით, უკვე დროა საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში, რადგან ხელისუფლებას ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს:

დაპირისპირება მერეთში

დაპირისპირება მერეთში

„არ დაინდეს არც ქალები, არ დაინდეს არც მოხუცები, რამდენიმე საკმაოდ სერიოზულადაა ნაცემი. ახლაც, ამწუთას, ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა ჩამოგვყავს გორის საავადმყოფოში. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის თხოვნა და უკვე მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომ ცოტა უფრო ქმედითად ჩაერიონ ამ კონფლიქტებში, ვინაიდან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს ხელისუფლებას ეს ყოველივე. ამის თავიდან ასაცილებლად შეუძლია საუკეთესო არბიტრის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეასრულონ.“

ჩხუბში და შეხლა-შემოხლაში ჟურნალისტებიც დაზარალდნენ, ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტის ნოდარ სხირტლაძის თქმით, მას და მის ოპერატორს აგრესიულად ექცეოდნენ და ხელს ურტყამდნენ:

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას ამ ინციდენტში, რომელზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია არც ერთ აქტივისტს მსგავს დავალებას არ აძლევს. საერთოდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ...

„ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. რამდენჯერმე ჩემს ოპერატორს დაარტყეს, მეც მომხვდა ხელი. გვეუბნებოდნენ, გაეთრიეთ, ნუ იღებთო, და გვაგინებდნენ. ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ესენი არიან სოფელ დიცის მცხოვრებლები და ყოფილი სპორტსმენები. ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს ადგილობრივებმა და „ქართული ოცნების“ წევრებმა.“

"ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან ჩაიშალა, რადგან, პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, ირაკლი ალასანიამ და ბიძინა ივანიშვილმა მერეთი დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ამ ინციდენტთან „ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი არა აქვს. ჩინჩილაკაშვილი მომხდარ ინციდენტს გმობს და აცხადებს, რომ ყველა პარტიას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება უნდა მიეცეს:

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას ამ ინციდენტში, რომელზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია არც ერთ აქტივისტს მსგავს დავალებას არ აძლევს. საერთოდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და თავიდან ბოლომდე ვგმობთ ჩვენ, ვინაიდან ყველა პარტიას აქვს უფლება და უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოსახლეობასთან მივიდეს და თავისი სამოქმედო გეგმა გააცნოს და წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს.“

აღსანიშნავია, რომ სოფელი მერეთი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს, სოფლიდან დაახლოებით 200 მეტრში რუსული საგუშაგოა განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ქართული პოლიცია მუდმივად პატრულირებს, ინციდენტის ადგილზე დღეს არ გამოჩენილან. ეს სოფელი კიდევ იმით გახდა ცნობილი, რომ ცოტა ხნის წინ იქ ირაკლი ალასანიას მომხრე სამი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG