Accessibility links

logo-print

ინფორმაციას ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2014 წლის 1 აგვისტოდან, 7 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ ადამიანთა უმრავლესობამ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნული გარემოება „სამართლიან არჩევნებს“ აფიქრებინებს, რომ საჯარო მოხელეების მიმართ პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა.

იმ ადამიანთა შორის, რომელთაც დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძოდ კი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ მიმართეს, არის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსი ირაკლი კვარაცხელია. იგი გვიყვება, რომ 18 აგვისტოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ დაიბარეს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, რომ ვინაიდან მათი პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის, სამსახურიდან უნდა წავიდეს - თანაც, პირადი განცხადების საფუძველზე:

“ამაზე მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ამის შემდეგ დაიწყო მუდმივი ზეწოლა სხვადასხვა სახით. მაგალითად, იყო მძიმე საუბარი ყვირილით: მე თურმე სხვა თანამშრომლებსაც მოვუწოდებდი, რომ არ დაეწერათ განცხადებები. შეგნებულად მირეკავდნენ საღამოს 8 საათზე, რომ მოვსულიყავი სამსახურში და რომ არ მოვედი, შემდეგ მოხსენებითი ბარათი დამაწერინეს ამასთან დაკავშირებით და გადააგზავნეს მერიის შიდა მონიტორინგის და აუდიტის სამსახურში. და,ზოგადად, ეს შიდა მონიტორინგის და აუდიტის სამსახური სურთ, რომ გამოიყენონ ჩემზე ზეწოლისთვის“.

ირაკლი კვარაცხელია ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ სატელევიზიო კომენტარი გააკეთა, მერიის შიდა მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურში რატომღაც მისი საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეების „საჩივრების“ რაოდენობამ იმატა. ირაკლი კვარაცხელია საჩივრებს გაეცნო და ახლა, ადამიანის უფლებების დამცველებთან ერთად, სასამართლო სარჩელების მომზადებითაა დაკავებული იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა, მისი თქმით, ცრუ ბრალდებებიც მერიის შიდა მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურში მოხვდა.

მათ მიმართ ხდებოდა ზეწოლა, თანამდებობის, ასე რომ ვთქვათ, ნებაყოფლობით დატოვების შესახებ, თუმცა სთხოვდნენ, რომ დაეწერათ პირადი განცხადება - ის, რომ მერიაში ახალი გუნდი მოვიდა და ისინი, ვინც ძველი გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ, უნდა დაეტოვებინათ სამსახური...

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტის ხელმძღვანელი ნინო ხითარიშვილი ამბობს, რომ ირაკლი კვარაცხელიას მსგავსი პრობლემებით ორგანიზაციას რამდენიმე ადამიანმა მიმართა. პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ ადამიანთა რაოდენობა, მთლიანობაში, 155-დან 115-ია. გათავისუფლებულებს შორის კი არიან როგორც მაღალი თანამდებობის პირები, ისე რიგითი თანამშრომლები, სპეციალისტები, წამყვანი სპეციალისტები და სხვა. ნინო ხითარიშვილი აღნიშნავს, რომ გათავისუფლებული მოქალაქეები ძირითადად პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობენ:

“მათ მიმართ ხდებოდა ზეწოლა, თანამდებობის, ასე რომ ვთქვათ, ნებაყოფლობით დატოვების შესახებ, თუმცა სთხოვდნენ, რომ დაეწერათ პირადი განცხადება - ის, რომ მერიაში ახალი გუნდი მოვიდა და ისინი, ვინც ძველი გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ, უნდა დაეტოვებინათ სამსახური. დიდუბის რაიონში, გამგეობაში, ერთ-ერთი პირი საუბრობდა ასეთ ზეწოლაზე, ზეწოლა იყო ზედამხედველობის სამსახურში. ჩვენ პირად საუბარში განგვიცხადა ორმა სპეციალისტმა, რომ სთხოვდნენ დაეწერათ განცხადება, თუ არადა, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საგამოძიებო ორგანოები მოსთხოვდნენ მათი საქმიანობის შესწავლას“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება თბილისის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ფაქტების გაცნობით იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში, რიგ შემთხვევებში, საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება, ანუ ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონს არღვევენ. კერძოდ კი, სისხლის სამართლის 169-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე“.

თუ არაკვალიფიციურია ადამიანი, უნდა დაუმტკიცო იმ ადამიანს, რომ არაკვალიფიციურია და, შესაბამისად, უნდა გაათავისუფლო სამსახურიდან ისე, რომ ჩაუწერო კონკრეტული მიზეზი, რატომ ათავისუფლებ და არ უნდა აიძულო, რომ მან თვითონ დაწეროს განცხადება...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ, შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ყველა იმ საქმის გამოძიება, რომელიც დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს. რაც შეეხება საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას ეგრეთ წოდებული დაბალი კვალიფიკაციის მიზეზით:

“თუ არაკვალიფიციურია ადამიანი, უნდა დაუმტკიცო იმ ადამიანს, რომ არაკვალიფიციურია და, შესაბამისად, უნდა გაათავისუფლო სამსახურიდან ისე, რომ ჩაუწერო კონკრეტული მიზეზი, რატომ ათავისუფლებ და არ უნდა აიძულო, რომ მან თვითონ დაწეროს განცხადება. ანუ ეს არის პრობლემური, ჩვენი აზრით, თორემ არაკვალიფიციური რომ უნდა გაუშვა სამსახურიდან, ამაზე არავინ დავობს. უბრალოდ, აი, ეს ფორმა, რომ ზეწოლის შედეგად აწერინებდნენ განცხადებას, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ კანონის დარღვევას წარმოადგენს“.

ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიიდან საჯარო მოხელეების დათხოვნის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 12 სექტემბერს პირადად შეხვდნენ თბილისის მერს, დავით ნარმანიას. მერმა კატეგორიულად გამორიცხა მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირთა მსგავსი ქმედებები. მერის განცხადებით, ცალკეული მოხელეები თავს არიდებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ან არაჯეროვნად ასრულებენ მას. მერის თანახმად, სწორედ ეს ხდება მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე დავით ნარმანია მათ ყველა ფაქტის გადამოწმებას დაჰპირდა.

25 სექტემბერს კი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი გამოეხმაურა:

“არავის არ დავმუქრებივართ, ბატონო, არანაირი იძულება არ ყოფილა, განცხადება დაწერეთო. მერიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ნაწილმა თანამშრომლებისა მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, რომ მათ სურვილი არ ჰქონდათ ჩვენთან მუშაობის; ნაწილმა ჩათვალა, რომ იმ რეჟიმს ვერ აეწყობოდა, რომლის დანერგვაც ჩვენ დავიწყეთ; ზოგმა სცადა, რომ შეესრულებინა დავალებები, მაგრამ ელემენტარულად არ გამოუვიდა კომპეტენციის ნაკლებობის გამო“.

ალექსანდრე მარგიშვილის თანახმად, სწორედ ამ მიზეზით დარჩა თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი უმუშევრად. თბილისის ვიცე-მერი ამას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს და აზუსტებს, რომ თუ არა მერიის ხელმძღვანელ პირთა შეცვლა, სამსახურს ერთდროულად 155 ადამიანი არ დაკარგავდა.

XS
SM
MD
LG