Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიის საპრივატიზაციო პოლიტიკა საკრებულოს ჩაურევლად


თბილისის მერიის შენობა "სააკაძის" მოედანზე
თბილისის მერიის შენობა "სააკაძის" მოედანზე

თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილები პირველი მოსმენით დაამტკიცა პარლამენტის სამმა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე. კანონპროექტში ცვლილებები მხოლოდთბილისის მერიის უფლებამოსილებების გაზრდას შეეხება ქონების განკარგვის, აუქციონზე საპრივატიზაციო ნუსხისა და გრანტის მიღების თვალსაზრისით, ისე, რომ გადაწყვეტილებები არ შეათანხმოს საკრებულოსთან. კანონპროექტით გათვალისწინებულმა ცვლილებებმა თვითმმართველობის სფეროს ექსპერტებს და ოპოზიციას კითხვის ნიშნები დაუტოვა, თუ რა კითხვები ჩნდება ცვილილებებთან მიმართებით, ნინო ხარაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

თვითმმართველობის კოდექსში ცვილილებების ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების მიზნად თბილისის მერიისთვის ხელისშემშლელი მექნიზმების გარეშე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას და ამ თვალსაზრით მერიის ხუთი ახალი ფუნქციით აღჭურვას, რომლითაც საკრებულოს როლი მცირდება, მთავარ ინსტრუმენტად ასახელებს.

„ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ აუქციონის წესით ქონების განკარგვას, ყველა სხვა განკარგვის წესში საკრებულო არის ჩართული. ეს შეეხება პირდაპირი განკარგვის წესს და ეს პრივილეგია მხოლოდ მთავრობას ჰქონდა, რომ პირდაპირი განკარგვა განეხორციელებინა ჩვენი ცვლილებით. ვფიქრობთ, რომ თბილისის მერიას ასეთი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს“.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების სანაცვლოდ, ინვესტორი ხშირად ითხოვს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემას. ზემოაღნიშნული პროცედურა გაამარტივებს დედაქალაქში ინვესტიციების მოზიდვას, გარდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა. პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელი გახდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა), რაც საშუალებას იძლევა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებისგან შესაბამისი უძრავი ქონების გამოსყიდვა განხორციელდეს ექსპროპრიაციის პროცედურის გარეშე“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ეს საფუძვლები დაასახელა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კანონპროექტის უმთვარეს მიზნად სამი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

ძალიან ცუდია, რომ არც სააუქციონო პირობები, კონკრეტული ქონების ჩამონათვალი, მათი ღირებულება, სხვა სააუქციონო პირობები, ისე როგორც შემდგომში მათი შეცვლა, საკრებულოსთან არ შეთანხმდება...
ირაკლი აბესაძე

„თუ რატომ ესაჭიროება დღეს მუნიციპალიტეტს პირდაპირი განკარგვა, ამ წუთში ორი საინვესტიციო პროექტია, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტს უნდა გადმოეცეს ერთ შემთხვევაში ხუთი ათასი კვადრატული მეტრი ბინები, ხოლო მეორე შემთხვევაში ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, თუ რა პროპორციის ბინები უნდა გადმოეცეს, და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ასეთი პირდაპირი განკარგვის წესები არ გვექნება, ჩვენ ვერ განვახორციელებთ ასეთ პროექტებს“.

ნაციონალური მოძრაობის როგორც საპარლამენტო, ისე თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი დეპუტატებიც მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიას გამარტივებული წესით, ანუ საკრებულოს ჩაურევლად, საპრივატიზაციო პროცესების განხორციელება კერძო ინტერესებისთვის სჭირდება. საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე სწორედ ამ მიზეზს ასახელებს:

„ძალიან ცუდია, რომ არც სააუქციონო პირობები, კონკრეტული ქონების ჩამონათვალი, მათი ღირებულება, სხვა სააუქციონო პირობები, ისე როგორც შემდგომში მათი შეცვლა, საკრებულოსთან არ შეთანხმდება. ეს, რა თქმა უნდა, ნარმანიას მერობის პირობებში, როდესაც ძალიან საეჭვო კორუფციული გარიგებები იდება თბილისის მერიაში, ზრდის იმის ეჭვს და იმის შესაძლებლობას თბილისის მერიისთვის, რომ მათთან დაახლოებულ პირებზე მორგებული, ზოგ შემთხვევაში უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ უფრო თავისუფლად, ვიდრე ამას შეძლებდნენ საკრებულოში მათი განხილვით“.

ამ კანონპროექტში, რაც ჩემს ეჭვს იწვევს, არის ის, რომ საუბარია მხოლოდ თბილისის კუთხით და არა დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ანუ ეს კანონპროექტი რის აღმოფხვრასაც ისახავს მიზნად, არ არის მხოლოდ თბილისის პრობლემა...
კონსტანტინე კანდელაკი

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტის, კონსტანტინე კანდელაკის თქმით, ზოგადად, ქვეყანაში სუსტი მერის ინსტიტუტია, რომლის გაძლიერებაც თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვილილებით უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ამ ცვლილებით მერის უფლებამოსილების გაზრდა ქონების პრივატიზაციის თემაზე მოდის და მაშინ, როცა, ეს საკითხი საქართველოს ყველა რეგიონისთვის საერთოა, ცვლილებებირატომღაც მხოლოდ თბილისს უნდა შეეეხოს,რაც კონსტანტინე კანდელაკს ეჭვებს უჩენს.

„ამ კანონპროექტში, რაც ჩემს ეჭვს იწვევს, არის ის, რომ საუბარია მხოლოდ თბილისის კუთხით და არა დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ანუ ეს კანონპროექტი რის აღმოფხვრასაც ისახავს მიზნად, არ არის მხოლოდ თბილისის პრობლემა, ეს არის ყველა მუნიციპალიტეტის პრობლება, და რატომ მარტო თბილისი, რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ხომ არ არის? სამწუხაროდ, ეს ეჭვები ჩნდება და ამ ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ ეს კანონპროექტი მომზადების ეტაპზე არ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი“.

თუმცა, კონსტანტინე კანდელაკი კანონში ცვილილებას თბილისის მერიისთვის გრანტების მოპოვებისმიმართულებით პოზიტიურს უწოდებს. სწორედ ამ საკითხზე დასვა აქცენტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

„აქ საუბარია სესხის აღების პროცესში მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებაზე, ჩვენ შეიძლება კაპიტალურ პროექტებზე დაგვჭირდეს სესხი ან ავტობუსების შესყიდვაზე და სხვა“.

თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებისამი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცეს, კანონპროექტი პარლამენტისსესიაზე განსახილველად უახლოეს მომავალში გავა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG