Accessibility links

logo-print

გადავიტანოთ თუ არ გადავიტანოთ ველოსიპედი


მშენებარე მუსიკალური ცენტრი რიყეზე

მშენებარე მუსიკალური ცენტრი რიყეზე

თბილისის მერია რიყის განვითარების პროექტის გადახედვას გეგმავს. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ისაუბრა რიყეზე აშენებულ ე.წ. მილებზე ანუ მუსიკალურ ცენტრზე, შუშის ხიდზე და ვარდების მოედანზე დამონტაჟებულ ველოსიპედზე, რომელიც თბილისის მერის აზრით, გარეუბანში უნდა გადაიტანონ:

„ასეთი უსახური და გაურკვეველი წარმომავლობის ძეგლი, რომელსაც შეიძლება ძეგლი ვერ დავარქვა, სხვაგან დავდგათ. შესაძლებელია, ის დაიდგას სადმე გარეუბანში. მე, პირადად, ცხრაწლიანი მმართველობის სიმბოლოს გადავიტანდი, რომ დამთვალიერებელს ჰქონდეს საშუალება ნახოს, როგორი მიდგომები იყო ძეგლებთან და, ზოგადად, არქიტექტურასთან დაკავშირებით და მას პატარა ისტორიასაც წავაწერდი“.

„თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელ ცირა ელისაშვილის თქმით, თბილისში იმდენი პრობლემაა, რომ სწორი არ იქნებოდა თავისი მოღვაწეობა მერს ძეგლების გადატანით დაეწყო:

ცირა ელისაშვილი

ცირა ელისაშვილი

„ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ობიექტები უკვე შემდგარი ფაქტია. ასევე შემდგარი ფაქტია ძველი თბილისის პრობლემები. მე შემიძლია მისამართებიც გითხრათ შენობების, რომლებიც ან დღეს დაინგრევა, ან ხვალ. ის თანხა, რაც ოდიოზური მუსიკალური ცენტრისა და შუშის ხიდის გადატანას დასჭირდება, ძალიან წაადგებოდა შენობებს (დიუმას ქ. N 13, ასათიანის ქ. N 18, ყავლაშვილის ქ. N 9). მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და არა გადაწყვეტილება, რადგან ამ ნაბიჯით საქმიანობის დაწყება სწორი არ იქნება“.

რადიო თავისუფლებამ აზრის გამოთქმა თბილისის მცხოვრებლებსაც სთხოვა. მათი მხრიდან ახლად არჩეული მერის განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

„და, საერთოდ, ის ველოსიპედი რა საჭირო იყო ქალაქის ცენტრში, გამაგებინეთ ერთი“.

„არ ვემხრობი ძეგლების გადატანას. მისაღებია, რაც არის“.

„ნამდვილად გადასატანია ველოსიპედი. რიყეზეც ის რაღაც უცნაური რომ არის და არაფერში არგია ქართველ ხალხს, გადასატანია“.

„მე მომწონს. გადატანა ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. იყოს, სადაც არის“.

„მაგით ბევრი არაფერი იცვლება, მაგრამ, საერთოდ, სირცხვილია, რომ ასეთი „შედევრი“ დგას ცენტრში. იმდენი პრობლემაა ქვეყანაში, რომ ეგ უკვე მეათეხარისხოვანია. პირველ პრობლემად მიმაჩნია ეკოლოგია. უმძიმესი, საშინელი მდგომარეობაა. ხეები იჭრება ვაკის პარკში, ასათიანზე და პარკები ვიღაცის ბიზნესინტერესებს ეწირება. ამას უნდა მიექცეს ყურადღება და პარალელურად იმ ჯართსაც თუ აიღებენ, ამაში ცუდი არაფერი არ არის“.

უამრავი პრობლემის ჩამოთვლა შეიძლება და ამ ფონზე მეეჭვება, რომ ძეგლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ამდენ ყურადღებას იმსახურებდეს და ღირდეს ამაზე ჩვენი ქალაქის რესურსების დახარჯვა...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე მიიჩნევს, რომ ძეგლების გადატანა თბილისისთვის საერთოდ არ არის აქტუალური. გაცილებით უფრო პრიორიტეტულია ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ქალაქის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის, მწვანე ზოლების შენარჩუნება და ასე შემდეგ:

„უამრავი პრობლემის ჩამოთვლა შეიძლება და ამ ფონზე მეეჭვება, რომ ძეგლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ამდენ ყურადღებას იმსახურებდეს და ღირდეს ამაზე ჩვენი ქალაქის რესურსების დახარჯვა“.

ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ თუკი ქალაქის მერიას წინა მთავრობის შეცდომების გამოსწორება სურს, ეს მისასალმებელია, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს წინა მთავრობისგან დატოვებული სხვა შეცდომებიც, რომელთა მოგვარება გაცილებით უფრო პრიორიტეტული იქნებოდა“.

XS
SM
MD
LG