Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტიამ თავის მშობლიურ მხარეში, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, მარცხი განიცადა ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში. მერკელი ჩინეთში იყო, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, როცა არჩევნები ჩატარდა. ის იქვე გამოვიდა თვითკრიტიკით, როცა შეიტყო, რომ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მისმა პარტიამ, კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, მარცხი განიცადა. კანცლერის პარტიამ ხმის უფლების მქონეთა 19 პროცენტი მიიმხრო. არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ბევრისთვის მოულოდნელად, ქრისტიან-დემოკრატებს გაუსწრო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც ხმა მისცა 20-მა პროცენტმა. მერკელმა თქვა, რომ ამ მარცხს ის მიგრანტთა საკითხში გერმანიის მთავრობის პოლიტიკასთან აკავშირებს.

„მე ვარ ამ პარტიის თავმჯდომარე, მე ვარ კანცლერი. ხალხის თვალში ამ ორ რამეს ერთმანეთისგან ვერ გავყოფთ და ამიტომ, ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი, რაც მოხდაო“, თქვა მერკელმა. „უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ წუთში ბევრ ადამიანს არასაკმარისი ნდობა აქვს ჩვენი შესაძლებლობის მიმართ, მოვაგვაროთ ეს საკითხები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გავაკეთეთ ლტოლვილთა რაოდენობის შემცირების, ასევე მათი ინტეგრაციის, რეგიონებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ახლა ჩვენი ამოცანაა კვლავ მოვიპოვოთ ნდობა, რასაც, ჩემი ღრმა რწმენით, მივაღწევთ, თუ ვაჩვენებთ, რომ ამ პრობლემებს ვაგვარებთ“.

პარტია, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შედარებით ახალგაზრდაა. მისმა გამარჯვებამ გაახარა მონათესავე პარტიები საფრანგეთსა თუ ავსტრიაში. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ამ პოპულისტურმა თუ ნაციონალ-კონსერვატიულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მოახერხეს ბევრი პასიური ამომრჩევლის, ადრე რომ საარჩევნო უბანში არ მიდიოდნენ, კვლავ პოლიტიკისკენ მობრუნება. ახლა ასეთი ამომრჩევლები რადიკალურ რიტორიკას აჰყვნენ და ფიქრობენ, რომ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ. ამ პარტიათა შორის უმეტესობა ევროსკეპტიკური განწყობილებისა იყო და ახლა ლტოლვილთა კრიზისმა მათ სულზე მიუსწრო, მით უმეტეს, გერმანიაში, სადაც მთავრობის პოლიტიკა, როგორც ცნობილია, მიგრანტთა საკითხში ლიბერალურია. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმა მისცა თითქმის 170 ათასმა ადამიანმა. ეს არ არის დიდი რიცხვი, ფართო მასშტაბით თუ შევხედავთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს მხარე, მეკლენბურგ-წინა პომერანია, გერმანიის მეცხრე მიწაა, რომლის პარლამენტშიც ანტიემიგრანტული პარტიის დეპუტატები სხედან. გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე“ გვაფრთხილებდა ამ დღეებში: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ჯერ კიდევ სხვა არაფერია, თუ არა პროტესტის გამომხატველი პარტია, მაგრამ წლების წინ ამასვე ამბობდნენ საფრანგეთის „ნაციონალურ ფრონტსა“ და ავსტრიის „თავისუფალ პარტიაზეცო“.

„აღიარებული პარტიები მხარდაჭერას კარგავენ, რადგან მათ სულ უფრო ხშირად შეჰყავთ შეცდომაში ხალხი. ჩვენ თავშესაფრის მინიჭების გამო კი არ გვაქვს კრიზისი, არამედ არალეგალური მიგრანტების გამო. ევროს კრიზისი იმის გამო გვაქვს, რომ გერმანიის მთავრობა უგულებელყოფს ფაქტს: ევროპული პროექტი მოკვდა. უკეთესად საქმე არც ქვეყნის შიგნითაა. პოლიცია უსახსრობის გამო პარალიზებულია. გვჯერა, რომ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა ღია საზღვრებით შეიძლება, მაგრამ თავისუფლება ანარქიაში ერევათ. და რაც შეეხება ოჯახისა და განათლების სფეროში პოლიტიკას, ხშირად არ გვაქვს საჭირო სახსრები იმისათვის, რომ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას წინ წაიყვანდა, კერძოდ, მეტი ბავშვები, უკეთესი საოჯახო პოლიტიკა და განათლება“, თქვა ფრაუკე პეტრიმ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარემ.

ითქვა, რომ არჩევნებში გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტიაა. მისმა გენერალურმა მდივანმა, ზიგმარ გაბრიელმა, პირველად დაიჭირა თავი მერკელისგან შორს და განაცხადა, ბევრი დრო დაკარგა პარტიამ ლტოლვილთა საკითხის მოგვარებაშიო. გამარჯვების შემდეგ რეგიონში პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ერვინ ზელერინგმა განაცხადა, კოალიციის შესაქმნელად ვილაპარაკებთ ქრისტიან- დემოკრატებთან , „მემარცხენეებთან“ და „მწვანეებთანაცო“. ვერც ერთ პარტიას ვერ გამოვრიცხავთ შესაძლებელი პარტნიორების სიიდანო, თქვა მან. რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორენც კაფიერმა, რომელიც, ამავე დროს, მთავარი კანდიდატი იყო არჩევნებში, თავი იმართლა, მიღწეულს ხალხმა ყურადღება არ მიაქცია, საერთო ფედერალურმა პოლიტიკამ გადაფარა ყველა საკითხიო. და ეს პრობლემა, მისი თქმით, ლტოლვილთა თემა იყო. საერთოდ, არჩევნების შედეგს დიდი ძვრები ჯერ არ მოჰყოლია. მხოლოდ მემარცხენეებმა, რომელთა პარტიამ 13 პროცენტი მოიპოვა და ხუთი პროცენტით გააუარესა ხუთი წლის წინანდელი შედეგი, გადააყენეს საქმეთა მწარმოებელი და საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი. გამარჯვებულ სოციალ-დემოკრატებს მეკლენბურგ-წინა პომერანიის 71-მანდატიან პარლამენტში 26 ადგილი ეკუთვნით. 18 და 16 მანდატი აქვთ, შესაბამისად, „ალტერნატივას გერმანიისთვის“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“. მემარცხენეთა მანდატების რაოდენობა 11-ია. დაბოლოს, ყველაზე მეტად დამარცხებული მეკლენბურგ-წინა პომერანიის ადგილობრივ არჩევნებში „მწვანეთა პარტიაა“. ამომრჩეველთა აქტიურობამ 51 პროცენტს გადააჭარბა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG