Accessibility links

მერკელის კრიტიკა და „მისტრალზე“ უარი რუსეთს


ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი

ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი

გერმანიის კანცლერი რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს, ხოლო საფრანგეთი უარს ეუბნება „მისტრალის“ ტიპის სამხედრო ხომალდის გადაცემაზე. ეს ცნობები, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებთან ერთად, ცხადყოფს დასავლეთის კვლავაც მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინაში კრემლის პოლიტიკის მიმართ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 26 ნოემბერს პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში გამოსვლისას, მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის მიმართ მოსკოვის პოლიტიკა.

„რუსეთის მოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის მშვიდობიან მოწყობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს“.

ბუნდესტაგში ტაში მოჰყვა მერკელის ამ შეფასებას, ისევე როგორც განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა ყირიმის ანექსიას და რუსეთის მოქმედებას აღმოსავლეთ უკრაინაში. ვერაფერი ამართლებს ყირიმის ანექსიასო, თქვა ანგელა მერკელმა და ასევე გაუმართლებელი უწოდა რუსეთის პირდაპირ ან ირიბ ჩარევას აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკსა და ლუგანსკში. ამასთან, კანცლერი ვერ ხედავს პრობლემის სწრაფად მოგვარების გზას. მისი აზრით, კრიზისის დასაძლევად საჭიროა მოთმინება და ხანგრძლივი ძალისხმევა. და სანამ შეტაკებები გრძელდება, მინსკში 5 სექტემბერს ხელმოწერილი ზავის მიუხედავად, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, მერკელის აზრით, აუცილებელი რჩება, ისევე როგორც აუცილებელია უკრაინისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა.

უკრაინისათვის მხარდაჭერის აუცილებლობაზე 26 ნოემბერს ისაუბრა ევროპაში ნატოს ჯარების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმაც. როგორც მან კიევში ვიზიტისას განაცხადა, უკრაინის სუვერენიტეტს უშუალო საფრთხე ემუქრება რუსეთისაგან და აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის მხარდაჭერა ამ რთულ პრობლემასთან გასამკლავებლად.

რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცნობა გავრცელდა 25 ნოემბერს. ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის, განცხადება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ამჟამინდელი ვითარება პარიზს არ აძლევს შესაძლებლობას, მოსკოვს გადასცეს „მისტრალის“ ტიპის ხომალდი.

„მისტრალის“ შემთხვევაში საქმე ეხება, როგორც ცნობილია, საფრანგეთის სადესანტო ხომალდ-ვერტმფრენმზიდს და რუსეთთან საფრანგეთის შეთანხმება ითვალისწინებს მოსკოვისთვის ორი ასეთი ხომალდის გადაცემას. პირველი ხომალდი, „ვლადივოსტოკი“, რუსეთს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში უნდა მიეღო.

პარიზის გადაწყვეტილებაზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმაც ისაუბრა ვარშავაში სამშაბათს ვიზიტისას, პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: „მინდოდა, აქ პირადად ვყოფილიყავი, რათა თავდაცვის მინისტრისთვის მეცნობებინა საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიღებული აღმოსავლეთ უკრაინაში ამჟამინდელი ვითარების საფუძველზე, - ამ საკითხზე შემდგომი ცნობის გავრცელებამდე გადაიდოს განხილვა განცხადებისა, რომელიც ეხება BPC-ის ტიპის პირველი საბრძოლო ხომალდის ექსპორტის ნებართვას“.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას და, ზოგადად, პარიზის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს რუსეთის „მისტრალის“ ტიპის ხომალდის გადაცემა, დადებითი რეაქცია მოჰყვა ვარშავაში. აი, რა თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტომაშ შემონიაკმა: „დიდი კმაყოფილებით მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადყოფს: საფრანგეთს სურს აჩვენოს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დასავლეთის ფასეულობები და მიუღებელია ის, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება“.

პოლონელი მინისტრისაგან განსხვავებით, რეაქცია მწვავე და უარყოფითია რუსეთში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პარიზს აფრთხილებს, რომ ძვირად დაუჯდება რუსეთისთვის დაპირებულ ხომალდებზე უარის თქმა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იური ბორისოვმა განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიაში, საფრანგეთს მოუწევს რუსეთს აუნაზღაუროს ზარალი და დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი თანხა.

რუსეთმა 2010 წელს შეუკვეთა საფრანგეთს „მისტრალის“ ტიპის ორი ხომალდი. კონტრაქტი 1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პარიზს დიდი არჩევანი არა აქვს: თუ რუსეთს საბოლოოდ ეტყვის უარს ხომალდებზე, დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევს. მათი სხვისთვის მიყიდვა კი გამორიცხულია, რადგან ხომალდების აღჭურვილობას მიეკუთვნება გასაიდუმლოებული რუსული ტექნოლოგიაც.

მეორე მხრივ, დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ საფრანგეთს, ნუ გადასცემს ვერტმფრენმზიდებს რუსეთს, მეზობელ ქვეყანაში მისი მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG