Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორი: აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლომ მუშაობა უნდა გააგრძელოს


გორი დაბომბვის დროს. 2008 წლის აგვისტო.
გორი დაბომბვის დროს. 2008 წლის აგვისტო.

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გააგრძელოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საბოლოოდ გაემიჯნა ჰააგის სასამართლოს წესდებას (რომის სტატუტს). ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი არცთუ მცირე პრობლემად მიიჩნევენ რუსეთის გადაწყვეტილებას აღარ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან და ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

„სავარაუდო ომის დანაშაულებს ადგილი ჰქონდა საქართველოში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი და აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი გამოძიების საწარმოებლად... და ჰააგის სასამართლომ უნდა გააგრძელოს გამოძიება და გამოძებნოს გზები შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, გამოსაკვლევად და მოწმეებთან სამუშაოდ“ - ნათქვამია “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში და აქვეა მოწოდება, რომ, რუსეთის არაკონსტრუქციული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და რომის სტატუტის წევრმა ქვეყნებმა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე წნეხის დემონსტრირებას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან ერთად ახლახან იმყოფებოდა ჰააგაში, რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე. ეს ღონისძიება დროში ზუსტად დაემთხვა რუსეთის ქმედებას. როგორც თამარ ავალიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მაინც რჩება გამოძიების გაგრძელებისა და დაგვირგვინების იმედი:

„ჩვენ გვჯერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსი, რომ ის ალტერნატიულ მექანიზმებს გამოიყენებს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, გაგრძელდეს გამოძიება და, მეორე მხრივ, შესაბამისად აღსრულდეს მიღებული გადაწყვეტილება. ჰააგაში ყოფნისას, ჩვენ დავუსვით საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას ეს შეკითხვა და მან გვითხრა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ამისთვის... ჯერ ჩვენ არ ვართ ინფორმირებული და არც ვიქნებით ინფორმირებული, თუ რა მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს გამოიყენებს სასამართლო... მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ერთადერთი მექანიზმია იმისთვის, რომ გამოიძიოს ომის დანაშაულები“.

სასამართლოს მუშაობის ასეთი მეთოდები ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. სასამართლო სულ უფრო ხშირად ემხრობა მოძალადეებს. ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით მაშინაც, როცა მიღებულ იქნა გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით...
მარია ზახაროვა

მართალია, რუსეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება (რომის სტატუტი) არ ჰქონდა რატიფიცირებული და მხოლოდ ხელმოწერა მას ისედაც არაფერს ავალდებულებდა, მაგრამ გამოძიებასთან მოსკოვის თანამშრომლობის შანსი მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც 16 ნოემბერს პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა რუსეთის სურვილი, უკან გამოეწვია სტატუტზე დასმული ხელმოწერაც.

რუსეთის ეს ნაბიჯი ჰააგის ტრიბუნალის მხრიდან უკრაინით დაინტერესებას მოჰყვა, თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვის მოთმინების ფიალის ავსებაში დიდი როლი ითამაშა საქართველოს საკითხმაც. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა რამდენიმე დღის წინ, სისხლის სამართლის სასამართლო ფაქტებს აყალბებს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომზე ლაპარაკობს და ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად არ მიიჩნევს. ჰააგის ტრიბუნალის მუშაობის უსამართლო მეთოდებზე ლაპარაკისას მარია ზახაროვა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსაც ახსენებს:

„სასამართლოს მუშაობის ასეთი მეთოდები ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. სასამართლო სულ უფრო ხშირად ემხრობა მოძალადეებს. ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით მაშინაც, როცა მიღებულ იქნა გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით... ამ სიტუაციაში აშკარაა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობა ხელს ვერ შეუწყობს უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირებას, რაც მას არც მსოფლიოს სხვა რომელიმე ქვეყანაში გაუკეთებია. როგორც ჩანს, ამ ორგანოს აქტიურობა ემსახურება იმ საზოგადოების, ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებული ისედაც რთული პრობლემების კიდევ უფრო გამწვავებას, რომლებიც კრიზისის დაძლევას ცდილობდნენ“.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საბოლოოდ უარი თქვა ჰააგის სასამართლოზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწიათ არაერთი განმარტების გაკეთება იმაზე, რომ რუსეთის ეს სვლა ბევრს ვერაფერს ცვლის. სწორედ ამაზე ლაპარაკობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილიც:

რუსეთს არ ჰქონდა რატიფიცირებული რომის სტატუტი, მიერთებული არ გახლდათ და როგორც ადრე, ასევე მომავალში ეს ხელს ვერ შეუშლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესს... წინასასამართლო პროცესზე უკვე იქნა აღნიშნული, რომ ეს გამოძიება მათ შორის მოიცავს, დადგენის შემთხვევაში, რუსეთის პასუხისმგებლობას“.

მართალია, უკვე ძალიან მცირეა შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ითანამშრომლებს ჰააგის სასამართლოსთან, რაც სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, მაგრამ მესამე სექტორში მაინც სჯერათ, რომ, ადგილობრივი და საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, პროცესი ადეკვატურად წარიმართება და აუცილებლად დაისჯებიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG