Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება


ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს 300 თანამშრომელი დღეს დილით ისევ გაიფიცა. მოგვიანებით მოლაპარაკებები გაიმართა კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და გაფიცული მაღაროელების წარმომადგენლებს შორის, თუმცა მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ.
შეიძლება ხელფასი 40%-ით ვერ გავზარდოთ, მაგრამ გავზრდით 5%-ით, მეორე თვეში კიდევ 5%-ით. უცებ ვერ გავზრდით, იმიტომ რომ შემოსავლები არა გვაქვს და ასე უცებ ფულს საიდან მოვიტანთ?..

კომპანია „საქნახშირის“ ტექნიკური დირექტორის, ზაზა გორდეზიანის, განცხადებით, გაფიცული მაღაროელების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შედეგად, შეთანხმება მიღწეულ იქნა და მაღაროელთა მესამე ჯგუფი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ზაზა გორდეზიანის თქმით, შეიქმნება მაღაროელთა ინტერესების წარმომდგენი საბჭო, რომელიც თვალს მიადევნებს მოლაპარაკების შედეგების აღსრულებას:

”თუ არ შესრულდა ის პირობები, რომლებიც მოლაპარაკებაზე დაისვა,თუ ვერ დავაკმაყოფილებთ, მერე შეუძლიათ ისევ გაიფიცონ და დააყენონ მოთხოვნები. შეიძლება ხელფასი 40%-ით ვერ გავზარდოთ, მაგრამ გავზრდით 5%-ით, მეორე თვეში კიდევ 5%-ით. უცებ ვერ გავზრდით, იმიტომ რომ შემოსავლები არა გვაქვს და ასე უცებ ფულს საიდან მოვიტანთ?..”
ჩვენ მოვითხოვთ ხელფასების ინდექსაციას ბოლო სამი წლის განმავლობაში, ლარის გაუფასურების მიხედვით...

როგორც დღის განმავლობაში გაფიცული მაღაროელები აცხადებდნენ, 31 იანვარს კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებისას, სხვა საკითხებთან ერთად, ხელფასების გაზრდის საკითხიც დაისვა და როცა, 24-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს, მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მინდელის სახელობის მაღაროს მეორე უბნის სამთო ოსტატი გიორგი ბაბუხადია მაღაროელთა გაფიცვის მიზეზებზე ლაპარაკობს:

”დღეს, 2 თებერვალს, პირველი ცვლა უნდა ჩასულიყო მინდელის სახელობის მაღაროში, მაგრამ უარი განაცხადა მუშაობის შესრულებაზე. პარალელურად, 12 საათზე, მეორე ცვლა უნდა ჩასულიყო, მაგრამ ამ ცვლის წევრებმაც მუშაობაზე უარი განაცხადეს და ბიჭების გვერდით დადგნენ. ჩვენ მოვითხოვთ ხელფასების ინდექსაციას ბოლო სამი წლის განმავლობაში, ლარის გაუფასურების მიხედვით”.

მაღაროელთა მოთხოვნებში ხელფასების ინდექსაციასთან ერთად კიდევ რამდენიმე მოთხოვნაცაა: ობიექტურად იქნეს გამოძიებული 22 იანვარს მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზები, წლის განმავლობაში 9 დაღუპული მაღაროელის ოჯახს მიეცეს კომპენსაცია და არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს უსაფრთხოების თვალსაზრისით.
თუ რომელიმე ჩვენი მოთხოვნა არის მაღაროში არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამო, მე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა გაფიცვა, მზად ვარ პასუხი ვაგო ყველაფერზე...

”საქნახშირის” ტექნიკური დირექტორი ზაზა გორდეზიანი აცხადებს, რომ ამ მოთხოვნების შესრულება დაწყებულია, კომპანია უახლოეს მომავალში შეიძენს მანქანა-დანადგარებს, რაც თანამშრომელთა სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს; მათ სპეცტანსაცმელიც დაურიგდათ... მაგრამ გორდეზიანი მაღაროელთა მოთხოვნების გამძაფრებაში გაერთიანებულ პროფკავშირებს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, პროფკავშირი ”ტვინს ურევს მაღაროელებს”, რათა უფრო მეტი წევრი მიიღოს და მეტი საწევრო გადასახადებით შემოსავლები გაიზარდოს. ამ ბრალდებას გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აბსურდულს უწოდებს:

”თუ რომელიმე ჩვენი მოთხოვნა არის მაღაროში არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამო, მე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა გაფიცვა, მზად ვარ პასუხი ვაგო ყველაფერზე. მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენდამი არის განუზომლად დიდი და ეს მიმანიშნებს, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად”.
გაერთიანებული პროფკავშირების თვამჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

კომპანია „საქნახშირი“ აცხადებს, რომ თუ მაღაროელთა გაფიცვა გაგრძელდა, შესაძლოა მაღაროს კონსერვაციის საკითხიც დადგეს, რითაც არა მარტო კომპანია იზარალებს, არამედ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც მოპოვებულ ქვანახშირზე არიან დამოკიდებული, და თავად მაღაროელებიც, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩებიან:

”ზარალი მიადგება მთელ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენს ნახშირზე მუშაობს ყველა ცემენტის საწარმო საქართველოში, კირის საწარმო და კიდევ ძალიან ბევრი ინდივიდუალური საწარმო. წელიწადში ჩვენ 350 ათას ტონა ნახშირს ვაწარმოებთ და ეს ნახშირი რომ შეიცვალოს გაზით, ძალიან ძვირი დაუჯდებათ და ამიტომ მხოლოდ ჩვენ არ გავჩერდებით, ამით პრობლემა ბევრს შეექმნება”.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელ თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, მაღაროელთა გაფიცვა ხვალიდან ისევ განახლდება:
ჩვენი მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული და ხვალ, ზეგ, მაზეგ ჩვენი გაფიცვა გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება...

”10 საათზე დაიწყო აქცია, 5 საათზე დამთავრდა და ხვალ, 11 საათზე, ისევ განახლდება. მაღაროები გაჩერებულია და ნახშირწარმოება არ მიმდინარეობს.”

რადიო თავისუფლება რამდენიმე წუთს ესაუბრა ერთ-ერთ გაფიცულ მაღაროელს, თემურ დოლაბერიძეს, რომელმაც განაცხადა, გაფიცვა ხვალ ისევ განახლდებაო:

”ჩვენი მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული და ხვალ, ზეგ, მაზეგ ჩვენი გაფიცვა გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG