Accessibility links

ტყიბულში უკვე მეექვსე დღეა უშედეგოდ გრძელდება მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშების გაფიცვა. ისინი ხელმძღვანელობისგან ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მეექვსე დღეა ჩიხშია შესული მოლაპარაკებები - მმართველი კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომპანია მაღაროელების მოთხოვნებს ვერ დაკმაყოფილებს. მოლაპარაკების პროცესი წინ ვერ წასწია ვერც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის, ადგილზე ჩასვლამ. უსაფრთხოების სამსახურისა და ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამშრომლების გარდა გაფიცულია ყველა მეშახტე. მათი მოთხოვნები უცვლელია.

ტყიბულელი რუსლან ბუცხრიკიძე ძიძიგურის შახტში წმენდითი სანგრების მუშაა. დღეს ის გაფიცულთა შორისაა და ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. აი, როგორია მისი სამსახური, როგორ იწყება მისი დილა:

„400 მეტრის სიღრმეზე ჩავდივართ მიწაში. ლიფტი რომ წარმოიდგინოთ, რომელიც მიწაში ჩადის, ეგრე. მერე 3,5-4 კილომეტრი მივდივართ გვირაბში. მერე იმ ადგილას შევდივართ, სადაც ნახშირი მოიპოვება. ყველაზე რთული მდგომარეობა მანდ არის: მტვერია, ნახშირი გაზებს გამოყოფს, რომელსაც მუშები შეისუნთქავენ. ადამიანებს მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ - ჰაერის ჩაქუჩებით, წერაქვებით, ბურღავენ და აფეთქებენ, მერე იმ წამლის გამონაბოლქვს ვსუნთქავთ, ბოლომდე იქაურობის განიავება შეუძლებელია, მაინც ხვდება ადამიანის ორგანიზმში. რომ გამოვდივართ, მარტო კბილები გვიჩანს თეთრი. ადამიანის ფორმა აღარ გვაქვს ხოლმე და ისეთი შავები გამოვდივართ, ხანდახან ერთმანეთის ცნობა გვიჭირს“.

ასეთი სამუშაო კვირაში ოთხი დღეა, დღეში 6 საათი, ანაზღაურება კი, მაქსიმუმ, 750-800 ლარია.

„ამ ფულის ნახევარზე მეტი ბანკებს მიაქვს. ასეა ყველა, ყველა! აქ არის სამშვილიანი, ოთხშვილიანი ოჯახები. ზოგს ავადმყოფი დედ-მამა ჰყავს. დოლარი რა მდგომარეობაშია და ქვეყანაში როგორი ინფლაციაა, ყველამ იცის. პურის ფულად არ კმარა ეს თანხა, რომ „შახტიორმა“ საჭმელი ჭამოს და მერე მუშაობა შეძლოს“, - ჩივის რუსლან ბუცხრიკიძე და უკვე მეექვსე დღეა სხვა მეშახტეების გვერდით დგას. აქცია არ შეწყდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, მოთხოვნები კი, ხელფასის მომატების გარდა, შემდეგია:

„ჩვენი ყველა მოთხოვნის შესახებ „ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ ყველაფერი იცის. ხელფასის გაზრდა - ეს პირველია. მაგას გარდა, აი, მაგალითად, ძიძიგურის შახტაში რკინის კარია დაყენებული, ბოქლომები ადევს, ყოველ ჩასვლა-ამოსვლაზე უნდა ვეხვეწოთ, რომ კარი გაგვიღონ. ხან ცუდად ხდება ადამიანი, ისედაც ერთი სული გვაქვს იქიდან დროზე გამოვაღწიოთ. მოსაგვარებელია სანიტარული პირობები აბანოებში. ელმავლის მოვალეობას ადამიანები ასრულებენ, წარმოგიდგენიათ? ტექნიკის მაგივრად, ადამიანები აწვებიან და აგორებენ ტონიან ვაგონებს“...

მეშახტეებთან ამ დრომდე ხელისუფლებიდან მხოლოდ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე იყო მისული, თუმცა ის მუშებს ვერაფერს დაჰპირდა. უშედეგოდ დასრულდა მისი შეხვედრა "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ ჩხეიძესთანაც. ელისო ჩაფიძემ ტყიბულელი მეშახტეების პრობლემაზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც ილაპარაკა და თანაგუნდელებს - მათ შორის, გიორგი ვოლსკისა და გიორგი ჟორჟოლიანს - მასთან ერთად ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეების მოსმენა სთხოვა. ჩაფიძემ განაცხადა, რომ მათი ხელისუფლების მოსვლიდან 4 წლის შემდეგ ტყიბულის მაღაროში ვითარება გაუარესდა:

„ტყიბულელები ხშირად მსაყვედურობენ, რატომ არ ვხვდები ხშირად მეშახტეებს. იმიტომ, რომ მე მათთვის სათქმელი არაფერი მაქვს, ვერაფერს ვპირდები. სულ ბოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განვიხიბლე, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ მეშახტეებს საკრებულოში ელაპარაკათ პრობლემებზე და ამის გამო მათ სამსახურები დაკარგეს. ამიტომ მე არასოდეს არ დავაყენებ ჩემს პოლიტიკურ ინტერესებს მეშახტეების ინტერესებზე წინ, რადგან ამ შახტაში ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრია დაღუპული“.

ელისო ჩაფიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონმა ავტომატურად გააუქმა 1999 წლის კანონის ვერსია, რომლითაც ტყიბულელ მეშახტეებს მცირე შეღავათები ეკუთვნოდათ. ამიტომ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი მიმართავს პარლამენტს, რომ პირველ აპრილამდე, სანამ ჯერ კიდევ არის დრო, გადაიხედოს კანონი და შეცვალოს დამოკიდებულება ამ მძიმე შრომაში მყოფი ხალხის მიმართ.

„საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ მეშახტეებს ურჩია სამუშაოს დაბრუნებოდნენ, რადგან, მათი სიტყვებით, შახტის გაჩერებით „დაზარალდებოდა როგორც კომპანია, ისე მთლიანად რაიონი“. „გვითხრეს, ხელფასს ვერ მოგიმატებთ და, თუ გაფიცვა გინდათ, გაიფიცეთო“, - ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე.

რადიო თავისუფლება შეკითხვების დასასმელად დაუკავშირდა ვახტანგ ჩხეიძესაც, მაგრამ მან გვითხრა, რომ „უკვე ჩაცმული იყო, შახტაში მიდიოდა და ვერ დაგველაპარაკებოდა“.

რაც შეეხება აქციის მიმდინარეობას, როგორც აქტივისტმა გიორგი სოფრომაძემ გვითხრა, მეშახტეები სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვენ ასევე ბიულეტენის 100 %-ით განაღდებას, შვებულების 100 %-ით და გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. ახლა მთავარია, ამბობს გიორგი, ტყიბულელებს მხარდაჭერა სხვა ქალაქებმაც გამოუცხადონ და, რაც მთავარია, ყურადღება იგრძნონ თბილისიდან:

„მყარ პოზიციაზე დგანან მეშახტეები, ბოლომდე ბრძოლას გეგმავენ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ეს ხალხი დღეს ელის, არის სოლიდარობა საქართველოს სხვა ქალაქებიდან და სოლიდარობა თბილისიდან“.

მეშახტეების გაფიცვის ინიციატორი არ ყოფილა პროფკავშირი, ამიტომ ის მოლაპარაკებების პროცესში ჩართული არ არის, თუმცა, როგორც თამაზ დოლაბერიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი მხარს უჭერენ ტყიბულის მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნებს, რადგან, მისი შეფასებით, გაფიცვა კომპანიის ხელმძღვანელობის დაუდევრობის ბრალია. თუმცა პრობლემა ის არის, რომ პროფკავშირი მაღაროს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებში ვერ ერთვება. მოვლენების განვითარების შესახებ დოლაბერიძის პროგნოზი არც ისე ოპტიმისტურია:

„კომპანია ამბობს, ხელფასებს ვერ გავზრდიო და ასეა სიტუაცია გაჭედილი ჩიხში. დღეს, სიმართლე გითხრათ, ვერც ვხედავ გამოსავალს, რამ შეიძლება ეს ვითარება დაარეგულიროს“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს და მეშახტეებმა გაფიცვა არ შეწყვიტეს, მით უმეტეს, რომ ტყიბულში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ შახტებშია დასაქმებული? სკოლებსა და ბაღებში დადიან მეშახტეების შვილები, მაღაზიასა თუ ბაზარში იხარჯება მეშახტეების ხელფასი. ჩვენ გვსურდა ეს შეკითხვა „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობისთვის დაგვესვა, მაგრამ რადგან მათ კომენტარზე უარი გვითხრეს, ამ შეკითხვას ისევ მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძის სიტყვებით ვუპასუხებთ:

„თუ ჩვენ ხელფასი არ გვექნა და ეს გაფიცვა კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ქალაქი დაბრუნდება 90-იან წლებში, როცა ხალხს შიოდა და პური ენატრებოდა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG