Accessibility links

logo-print

საქართველოში არსებული ციხესიმაგრეები - ის, რაც მიუხედავად ბრძოლებისა და ნგრევისა, დღემდე შემონახულია. რა განსხვავებაა მათ შორის? სად აშენებდნენ და როგორ იყენებდნენ ციხეებს ადრე? რა ელით უკვე დღეს?

არქიტექტურის ისტორიკოსი გიორგი ჭანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში რამდენიმე ასეული ისტორიული ციხეა: ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე-კოშკები და ასე შემდეგ.

ფუნქციური თვალსაზრისით, ყველაზე მასშტაბური ციხე-ქალაქებია: ციხე-გოჯი, თელავის ციხე, გორის ციხე-ქალაქი, სამშვილდე და ასე შემდეგ. უფრო გვიან, შაუსაუკუნეებში, ციხე-გალავნებს აგებდნენ. მაგალითად: მუხრანის ციხე-გალავანი, ყვარლის, სიღნაღის... გარდა ამისა, არის ციხესიმაგრეებიც: თმოგვის, აწყურის. ციხესიმაგრეებიდან ზოგი სახელმწიფო მნიშვნელობის იყო, ზოგიც - ფეოდალების აშენებული და უფრო ლოკალური. ასევე, არსებობდა მცირე ზომის ციხეები:

„გარდა ამისა, არსებობს მცირე ციხე-კოშკებიც, სულ რაღაც 10-15 მეტრი სიგრძე-სიგანის. იქ ფეოდალი ცხოვრობდა და ციხედ იყო გადაკეთებული. ევროპაში დიდი შატოებია, მაგრამ აქ ასეთს ვერ გააკეთებდნენ, ყოველ ოც წელიწადში მტერი დაანგრევდა. ამიტომ ციხე- დარბაზებში ცხოვრობდნენ“.

გიორგი ჭანიშვილის თქმით, თავდაპირველდ ციხეიმაგრეებს მთის წვერზე, მიუდგომელ ადგილას აგებდნენ, ასევე ხერთვისებში, რაც ორი მდინარის შესართავს ნიშნავს. ასეთ ადგილას აშენებული ციხე ორი მხრიდან ბუნებრივად იყო დაცული. ციხესიმაგრეებს აშენებდნენ ასევე სტრატეგიულ ადგილებში, კერძოდ, გადასასვლელ გზებზე. სამშენებლო მასალა ძირითადად ქვა იყო, იშვიათად - ხე. მაგალითად, არაბების ბატონობის პერიოდში თბილისს ხის გალავანი ჰქონდა.

ციხის შიგნით კიბე კეთდებოდა (დიდ ციხეებში - ქვის კიბე). იყო სარბენი ბილიკები, რომლის მეშვეობითაც ჯარისკაცები ერთმანეთს ქვას, კუპრს, ადუღებულ წყალს და ისრებს აწვდიდნენ.

ამასთან, გიორგი ჭანიშვილი ამბობს, რომ სანამ ცეცხლსასროლ იარაღს გამოიგონებდნენ, მნიშვნელოვანი იყო კედლის სისქე. მაგალითად, სამშვილდის კედელსსიგანე ექვსი მეტრი ჰქონდა.

„ზემოდან ტყავი ჰქონდათ გადაფარებული, ადუღებული წყალი რომ არ დასხმოდათ. ასე მიიტანდნენ დასანგრევ მანქანას გალავანთან. ქვევით ჯარისკაცები საძირკველს ანგრევდნენ, ქვებს ნელ-ნელა იღებდნენ, მერე შიგ ცეცხლს ანთებდნენ. ასევე, არსებობდა კუთხის მოსანგრევი მანქანები. ამიტომ იყო საჭირო განიერი კედლები აეშენებინათ“.

რაბათი

რაბათი

2012 წელს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, სრულიად შემთხვევით, არქეოლოგებმა თბილისის გალავნის ნაწილი აღმოაჩინეს, რომლის სიგრძე 110 მეტრი იყო. გალავანს ისტორიკოსები მე-11–მე-13 საუკუნეებს მიაკუთვნებენ. აღმოჩენილია ასევე ხუთი კოშკი, მათ შორის - ორი დიდი გოდოლი. არქეოლოგმა მერაბ ძნელაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ როცა რუსეთმა საქართველო დაიპყრო, თბილისის მთელი საფორტიფიკაციო სისტემის განადგურება სურდა. შესაბამისად, კოშკები და გალავანიც დაანგრიეს. ეს გალავანი ერთ დროს მთელ მაშინდელ თბილის ეკრა გარსს:

„ღობავდა მთელ დედაქალაქს, თავისი ციხე-კოშკებით, თავისი გალავნითა და თავისი შესასვლელით, რომელიც ითვლებოდა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შესასვლელად, დიღმის კარად“.

შარშან, ივლისში, ხელისუფლებამ ისტორიული ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტების პრეზენტაცია გამართა: პროექტი შეეხო მუცოს, დართლოს, ვარძიას და ჩაჟაშს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მზადაა პროექტებთან დაკავშირებით პროფესიონალებისგან არგუმენტირებული შენიშვნები მოისმინოს:

„ყველა პროექტი, რაც კი მიმდინარეობს, არა მარტო ციხე-გოჯის, არამედ მუცოს, ჩაჟაშის, ვარძიის პროექტები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვუსმინოთ, თუ ვინმეს რამე შენიშვნა აქვს“.

არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძე ამბობს, რომ ზოგადად ციხეებს ნაკლები ყურადღება ექცევა. ამის მიზეზად, პირველ რიგში, უფულობა სახელდება. მისივე თქმით, თუ ტაძრებს სამღვდელოების სახით პატრონი ჰყავს, ციხეებზე იმასვე ვერ ვიტყვით. თუმცა, მეორე მხრივ, ამან ეს ძეგლები დაიცვა უხეში ჩარევისაგან. ამის მაგალითად მერაბ ბოჭოიძეს მოჰყავს ჯერ თბილისი და შემდეგ ახალციხის ციხე:

„მე ვიტყოდი, რომ რაღაც დადებითიც შეიძლება ამაში მოიძებნოს. როდესაც ნაკლებად ერევიან, შეცდომებიც ნაკლებადაა. ქალაქთან დაკავშირებით უამრავი შეცდომა გვაქვს დაშვებული და ბევრი რამე გაფუჭდა. ასევე ეკლესია-მონასტრების მხრივაც ბევრი არასწორი ჩარევა იყო. ციხეები კი მეტ-ნაკლებად დაცული აღმოჩნდა ამ მხრივ, თუ არ ჩავთვლით რაბათის ციხეს, რომელზეც ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის, რომ ეს არის რესტავრაცია ან კოსერვაცია. ვერც უცხოელი იტყვის ამას და ვერც აქაური“.

მაინც რამდენი ციხე გვაქვს საქართველოში? კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ორი ციხე ახლაც კი იპოვეს სამეგრელოს სოფლებში. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა კეთდება ამ ციხეების შესანარჩუნებლად:

„ბებრისციხე, ფაქტობრივად, ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში იყო. დღეს მისი მდგომარეობა სტაბილურია. აწყურის ციხის ცენტრალური ნაწილის ისტორიული ღრმული ძეგლს კატასტროფულ საფრთხეს უქმნიდა. ჩაუტარდა კონსერვაცია, საშიშროება მოიხსნა, თუმცა კონსერვაცია გრძელდება. ხერთვისის ციხის ყველაზე რთული არქიტექტორული უბნები გამაგრებულია. ასევე, შატილში ყველაზე კრიტიკული კოშკები თითქმის გამაგრებულია და საშიშროება მოხსნილია“.

მისივე თქმით, ის ძეგლები, რომლებზეც ადრე თითქოს ხელი არ მიუწვდებოდათ, ახლა აღმოჩნდა, რომ მათი შეკეთება შესაძლებელია და ამით სახელმწიფოც არის დაინტერესებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG