Accessibility links

logo-print

მუნიციპალური ტრანსპორტი გაფიცვის გზას ადგას


მეტროპოლიტენის 30-მდე თანამშრომელმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოთხოვა

მეტროპოლიტენის 30-მდე თანამშრომელმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოთხოვა

მეტროპოლიტენის თანამშრომლები თბილისის მერიასა და ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართვას უგზავნიან, პარალელურად კი მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. გაფიცვის მიზეზად ისინი არაადეკვატურ სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასებს ასახელებენ. საინტერესოა, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის მერია ხელფასების გაზრდის მოთხოვნას და შედგება თუ არა მძღოლებსა და თბილისის მერიას შორის დიალოგი.

შავ პიჯაკსა და ლურჯ პერანგში ჩაცმული მემანქანე თეიმურაზ მჭედლიძე თავისუფლების მოედანზე დგას. მის გვერდით დგას მეტროპოლიტენის მემანქანეთა უნიფორმაში ჩაცმული კიდევ 30-მდე თანამშრომელი. მეტროპოლიტენიდან მათი ამოსვლისა და თავისუფლების მოედანზე შეკრების მიზეზი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა გახდა. თეიმურაზი 24 წელია მემანქანედ მუშაობს. ამბობს, რომ ხელფასი, რომელსაც ის იღებს, ოჯახის სარჩენად არ ყოფნის. სწორედ ამიტომ ის და მისი თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და ღამის საათებში მუშაობისათვის დანამატებს მოითხოვენ:

”ბანკის ვალები მაქვს. ეს ვალებიც იძულებული ვიყავი ამეღო. ხელფასი რომ არ მყოფნიდა, ოჯახი რამით ხომ უნდა მერჩინა? დროებითი გამოსავალი ბანკში ვნახე. მემანქანის ხელფასი საშუალოდ 800- 850 ლარია, მაგრამ იმდენად მძიმე და მავნე პირობებში გვიწევს მუშაობა, რომ ეს ხელფასი ზღვაში წვეთია. ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რადიომაგნიტური გამოსხივება. ისეთი მტვერია, რომ ცოტა ხნით რომ ჩამობრძანდეთ გვირაბში და მერე ხელი დაიბანოთ, სულ შავი წყალი გაგივათ ხელებიდან. ამ ყველაფერს კი ჩვენ ვსუნთქავთ”, - ამბობს თეიმურაზი.
მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიას, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მეტროპოლიტენის პროფესიულ კავშირსა და კომპანიის ხელმძვანელობას შორის შეთანხმების მიღწევა ...

ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს მეტროსადგურ „ისნის“ დამლაგებელი ლალიც. მისი ხელფასი 200 ლარს შეადგენს. ყოველ მესამე დღეს 12 საათის განმავლობაში ალაგებს მეტროსადგურის ვესტიბიულს, ბაქანს, ოთახებს...

ხელფასების გაზრდა არ არის ერთადერთი მოთხოვნა მეტროპოლიტენის 2600 თანამშრომლისა. მიმართვა, რომელიც მათ 29 ოქტომბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს გაუგზავნეს და რომელიც 6 ნოემბერს უკვე თბილისის საკრებულოსა და მერიაშიც შეიტანეს, 12 მოთხოვნისაგან შედგება. დროებითი ხელშეკრულებების გაუქმება, მემანქანეებისა და სხვა წამყვანი სპეციალისტებისათვის კლასის და თანრიგის აღდგენა, მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე თანამშრომელთათვის ხელფასზე დანამატის გაცემა, უსაფრთხოების პირობების შექმნა, ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის შეცვლა - ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბესიკ ხარატიშვილმა, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს გააცნო:

”თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ხელმძღვანელობა რეაგირების გარეშე ტოვებდა მუშა-მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნებს. მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიას, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მეტროპოლიტენის პროფესიულ კავშირსა და კომპანიის ხელმძვანელობას შორის შეთანხმების მიღწევა, რათა დაკმაყოფილდეს 12 პუნქტიან მოთხოვნათა პაკეტი”, - ამბობს ბესიკ ხარატიშვილი.


ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე კვირაში პერმანენტულმა გაფიცვებმა მოიცვა ქვეყანა. ხელფასების ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ერთმანეთის მიყოლებით გაიფიცნენ მაღაროელები, რკინიგზელები, ფოთის პორტის თანამშრომლები. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებში გაჩნდა აზრი, რომ გაფიცვებს შესაძლოა საბოტაჟის ხასიათიც ჰქონდეს. თუმცა, როგორც მეტროპოლიტენის თანამშრომლები 6 ნოემბერს აცხადებენ, ხელისუფლების შეცვლამ საზოგადოების შიშის სინდრომისგან გათავისუფლება გამოიწვია და ისინი ღიად ალაპარაკდნენ პრობლემებზე. მათივე თქმით, არჩევნების შემდეგ გაჩნდა შანსი, რომ მათი ხმა ხელისუფლებამდე მივა.
კიდევ ერთი მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია 6 ნოემბერს. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაფიცვას აპირებენ თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუკი თბილისის სატრანსპორტო კომპანია მძღოლებს ხელფასს არ გაუზრდის, ისინი, სავარაუდოდ, 12 ნოემბრისთვის მუშაობას შეაჩერებენ. მძღოლების საშუალო ხელფასი 500-დან 600 ლარამდე მერყეობს. 2 ნომერი ავტობუსის მძღოლმა რევაზ ნადირაძემ მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის, თუმცა ამბობს, რომ კოლეგების მოთხოვნებს ისიც აუცილებლად შეუერთდება:
მოთხოვნა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდება ...

”დილის 5 საათზე გამოვდივარ სახლიდან. რაში მყოფნის ჩემი ხელფასი? არაფერში. ხანდახან დღეში 17 საათიც კი ვმუშაობთ. თუ ყველა გაიფიცება, მეც შევუერთდები მათ. აბა, განზე ხომ არ გავდგები”, - ამბობს რეზო.

საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ამბობს, რომ მეტროპოლიტენისა და მუნიციპალური ავტობუსების სახელფასო ფონდი 45 მილიონ ლარს შეადგენს და, ამ მონაცემებით, დღესდღეობით მძღოლების ხელფასები ვერ გაიზრდება. თუმცა ის იქვე იმასაც ამატებს, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის და არა გაფიცვის გზით უნდა მოხერხდეს. თბილისის მერიას ტრანსპორტის პროფკავშირი დიალოგის მოთხოვნით 7 ნოემბერს მიმართავს.

”მოთხოვნა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდება”, -
ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თბილისის მერიის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე. მისი განმარტებით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს ხელფასი 17 პროცენტით გაეზარდათ. ამ დროისათვის კი სახელფასო ბიუჯეტი, რომელიც 45 მილიონ ლარს შეადგენს, ხელფასის გაზრდის საშუალებას აღარ იძლევა. რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, აკაკი ჯოხაძე ირწმუნება, რომ ამ მოტივით მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ის იმედოვნებს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების მიერ დაანონსებული გაფიცვა არ შედგება:

”ვხვდებით მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს. მიმდინარეობს განმარტებები. ყველა ის მოთხოვნა, რაც მძღოლებს ჩამოთვლილი ჰქონდათ 12 პუნქტიან მიმართვაში, განხილულია მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მიერ. დაითქვა კონკრეტული ვადები. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშობას და მე ვფიქრობ, გაფიცვა არ იქნება”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG