Accessibility links

logo-print

2015 წლის მარტში დაარსებული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. მომსახურების შესყიდვის მიზანია თბილისში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებისა ან/და ბიზნესსაქმიანობის დაწყების მსურველი ფიზიკური პირებისთვის, მენეჯმენტსა და მარკეტინგში შესაბამისი უნარ-ჩვევების გასაზრდელად, ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა.

„აღნიშნული ტრენინგები უფასო იქნება მონაწილეებისთვის და დაეხმარება მათ სამეწარმეო საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდება განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული 100 მონაწილე. ტრენინგების ჩატარება 2015 წლის დეკემბერში იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.

ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს, დღგ-ის გათვალისწინებით. წინადადებების მიღება 12 ნოემბერს დაიწყო და 16 ნოემბერს სრულდება.

„თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ 2015 წლის 9 მარტიდან დაფუძნდა და მეწარმეებისთვის კონკრეტულ პროექტებს შეიმუშავებს. ცენტრის დაფინანსება ორი მილიონი ლარით განისაზღვრა და მისი ფუნქცია ინვესტორების საქმიანობის წახალისება და კაპიტალდაბანდების განხორციელებასა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებაა.

მერიის ინიციატივამ მსგავსი ცენტრის შექმნის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არსებობდა აზრი, რომ მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით უკვე არის შექმნილი არაერთი უწყება, რომელთა საბიუჯეტო დაფინანსებაც საკმაოდ მაღალია. თავად თბილისის მერიის სამსახურშიც არსებობს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, რომლის ფუნქციებშიც სწორედ ინვესტიციების ხელშეწყობა და ინვესტორთა მხარდაჭერა შედის. რა თქმა უნდა, ცენტრალურ დონეზე შექმნილია „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, რომელსაც მსგავსი ფუნქციები აქვს და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარია. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, იმ უწყებათა ყოველწლიური საერთო დაფინანსება, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაა, დაახლოებით 225 მლნ ლარს შეადგენს.

მერიის ახალი ცენტრის შექმნის მიზნობრიობის დასაბუთებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობისა და ფინანსური მაჩვენებლების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე მარტის შემდგომ გამოცხადებული ტენდერი ერთადერთი ინიციატივაა, რომელიც საჯაროდ გახდა ცნობილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG