Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიკოსი ჰუბერტუს იანი იმის შესახებ, თუ რატომ აინტერესებს მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველო


ჰუბერტუს იანი
ჰუბერტუს იანი

გასულ კვირაში შემოგთავაზეთ რეპორტაჟები მიუნხენიდან, სადაც გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს შესახებ: „რეპრეზენტაცია და იდენტობები მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში“. მასზე თავი მოიყარეს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, თუმცა, უმეტესწილად, მაინც ისტორიკოსებმა. ისტორიკოსია კონფერენციის ინიციატორიც, ორგანიზატორი - გერმანელი პროფესორი ჰუბერტუს იანი, რომელიც, მრავალი წელია, კემბრიჯის უნივერსიტეტში მუშაობს. მიუნხენში კონფერენციაზე შესვენების დროს პროფესორ იანთან საუბრის შესაძლებლობა მომეცა. მას თავდაპირველად ვკითხე, რატომ შეარჩია კონფერენციისათვის მე-19 და მე-20 საუკუნე, ტრაგიკული ხანა საქართველოს ისტორიაში - სახელმწიფოებრიობის ორჯერ დაკარგვის ხანა.

ჰუბერტუს იანი: პრაქტიკული მიზეზია ის გარემოება, რომ ბევრი მეცნიერი მუშაობს ამ პერიოდზე და, რასაკვირველია, შეგვიძლია შუა საუკუნეებზე ვისაუბროთ, მაგრამ თემები სულ სხვაგვარი იქნებოდა. და კონფერენციის ერთ-ერთი იდეა იყო ისიც, რომ არ გაგვემეორებინა ფაქტები, რომლებიც ისედაც არის ცნობილი ანექსიის შესახებ, შემდეგ 1921 წლის ანექსიის შესახებ, არამედ კონცენტრირება მოგვეხდინა მექანიზმებზე, რომლებითაც ძალაუფლება ხორციელდებოდა, როგორ ხდებოდა მისი პრეზენტაცია და როგორ ახდენდა გავლენას ადამიანების იდენტობაზე. მაგალითად, მეოცე საუკუნეში ქართველს შეეძლო საკუთარი თავის მოხსენიება ქართველად ან საბჭოთა მოქალაქედ, ან, დავუშვათ, თბილისელად. ანუ არსებობდა სხვადასხვა შესაძლებლობა და ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა კუთხით მათ განხილვას.

რადიო თავისუფლება: ეს პერიოდია თქვენი კვლევის საგანი?

ჰუბერტუს იანი: ჩემი კვლევის საგანი, სინამდვილეში, უფრო ადრე იწყება. მე ჯერ რუსეთის ისტორიაზე ვმუშაობდი, შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე. ხოლო მე-19 საუკუნეში ჩემი თემაა რუსეთის იმპერია. ვიკვლევ იმას, თუ როგორ წარმოსახავდა იმპერია საკუთარ თავს პერიფერიაზე, სამხრეთის პერიფერიაზე, რა მექანიზმები არსებობდა, მაგალითად, მუზეუმებში, ძეგლების სახით, მეფის ვიზიტების სახით, როგორი იყო მათი ესთეტიკური მხარე.

რადიო თავისუფლება: საქართველოშიც, ხომ?

ჰუბერტუს იანი: სამხრეთ კავკასიაში, ანუ თბილისის, ქუთაისის გუბერნიებში. მოგვიანებით - ბაქოსა და ერევანშიც, მაგრამ ცენტრი ხომ თბილისში იყო და ამიტომ კონცენტრაცია, ბუნებრივია, საქართველოზეა.

რადიო თავისუფლება: მიუნხენში ამ თვეში, თებერვალში, იმართება ხოლმე ძალიან ცნობილი კონფერენცია - ის მსოფლიოში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. რა შეგიძლიათ გვითხრათ ჩვენ, ვინც ამ ვითარებაში ვცხოვრობთ, და, ცხადია, საკუთარ თავსაც, როგორც ისტორიკოსმა, რომელმაც იცის, წარსულში რა ხდებოდა. როგორ ამოვხსნათ, რა ხდება - როგორ შევხედოთ მომავალს?

ჰუბერტუს იანი: ეს სწორედაც რომ არასწორი შეკითხვაა ისტორიკოსისათვის, მაგრამ მაინც შევეცდები გიპასუხოთ... პირველ რიგში, როგორც თქვენ თვითონაც თქვით, ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ მე-19 და მე-20 საუკუნეებში. ახლა რაც მაშინებს, არის ის, რომ გერმანიის საზღვრებს გარეთ - საკუთრივ გერმანიაში, ცხადია, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ წარსული შეცდომების გასააზრებლად - ძალიან ცოტა გაკეთდა მე-20 საუკუნის ტრაგედიებიდან დასკვნების გამოსატანად. ეს ეხება, პირველ რიგში, დიდ სახელმწიფოებს - მაგალითად, რუსეთში არ მომხდარა ისტორიული შეცდომების გააზრება. ჯგუფი „მემორიალი“ შედარებით პატარა ორგანიზაციაა, თან გამუდმებით განიცდის ზეწოლას. ასევეა შეერთებულ შტატებში, ასევეა ბრიტანეთში.

ეს ქვეყნები გმირული ისტორიით ცხოვრობენ - ჩრდილოვან მხარეებს თითქოს არცკი უარსებია! კი, დეკოლონიზაციაზე ილაპარაკეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ვერ გაიგეს, რასაც ახლა „ბრექსიტი“ აჩვენებს. კვლავაც ოცნებობენ „დიდ ბრიტანეთზე“, ერთა თანამეგობრობაზე, დიად იმპერიაზე, რაც ეს ქვეყანა არ არის - მე საკუთარი გამოცდილებით, იქ ცხოვრების გამოც ვიცი. ინგლისში ისევე ცხოვრობ, როგორც, მაგალითად, გერმანიის ერთ-ერთ მხარეში, ასეთი შეგრძნება გაქვს. ყველაზე მთავარი, ისტორიიდან რაც უნდა ვისწავლოთ, ჩემი აზრით, არის ის, რომ ხალხს, როგორც, მაგალითად, დონალდ ტრამპია, უნდა შეეწინააღმდეგო, რადგან ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს მე-20 საუკუნის მიღწევებს. ეს უაღრესად სახიფათოა! რუსეთს რაც შეეხება, პუტინი, ყველამ ვიცით, ვინ არის, ვიცით, როგორ მოქმედებს, როგორ ფუნქციონირებს რუსეთი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რუსეთი შედარებით უფრო პროგნოზირებადია, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში ძალიან გაურკვეველი ვითარებაა, რომელიც უცებ შეიძლება გაუარესდეს.

რადიო თავისუფლება: რატომ მინდოდა, იცით, თქვენთვის, როგორც ისტორიკოსისათვის, მეკითხა, რამდენად სახიფათოა მდგომარეობა დღევანდელ მსოფლიოში? შეგიძლიათ ამის ამოცნობა, შეფასება, რახან წარსულში კარგად ერკვევით?

ჰუბერტუს იანი: დიდად არა ... იცით, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შეზღუდავენ დონალდ ტრამპს. ვფიქრობ, რომ საფრთხე ახლა გაზრდილია. 2008 წელს გორში ვიყავი, პირველი რუსული რაკეტები ჩემგან 200-მდე მეტრში ჩამოვარდა. ეს ძალიან უცნაური შეგრძნება იყო - აღარ მინდა, კიდევ გამოვცადო.

რადიო თავისუფლება: თქვენ გორი ახსენეთ. მიუნხენის ამ კონფერენციაზე სტალინია ერთ-ერთი დიდი თემა. მინდა ახლა გკითხოთ, როგორც გერმანელს... სტალინს ხშირად ადარებენ ჰიტლერს. ისინი ერთ დროს ცხოვრობდნენ, ორივე იყო მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი...ამ დროს, დღეს ვსაუბრობთ სტალინის მუზეუმზე, მაშინ როცა ასეთ რამეზე ჰიტლერის შესახებ საუბარი გერმანიაში ტაბუა! როგორია თქვენი შეფასება?

ჰუბერტუს იანი: ტაბუ გერმანიაში არის ის, რომ ჰიტლერისათვის პანთეონი, ერთგვარი ტაძარი აღიმართოს. მაგრამ რაც, რასაკვირველია, არსებობს, არის ძალიან ბევრი მუზეუმი, პროექტი, რომელიც ნაცისტური წარსულის გააზრებას ეთმობა. და იდეებს, რომლებზეც აქ ვისაუბრეთ სტალინის მუზეუმთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით მივყავართ - მაგალითად, ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ რაც თქვა, რომ სტალინის მუზეუმი უნდა შენარჩუნდეს, უნდა შეიქმნას მუზეუმის მუზეუმი - ეს ძალიან გონივრულია, უბრალოდ, სწორ კონტექსტში უნდა მოექცეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG