Accessibility links

ყუთებში ჩალაგებული პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, დაშვებული დროშები – ახალციხეში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. პარალელურად ადგილობრივები დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან. ქალაქის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ნებისმიერ მსურველს სურსათის, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა ყოველდღე შეუძლია.

ქალაქ ახალციხის მერმა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართა. ადმინისტრაციულ შენობაში შეგროვილი პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება მერიამ უზრუნველყო. გაიხსნა ანგარიშის ნომერი, სადაც თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი. გიორგი კოპაძის თქმით, დაზარალებულების დასახმარებლად თანხის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდანაც იგეგმება.

2012 წელსახალციხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქალაქის ქუჩები, სახლები, სარდაფები; 2013 წელს ქალაქ ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა; 2014 წელსადიგენის მუნიციპალიტეტში სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ნათესები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა; 2014 წელსვე ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე ოთისწყალი ადიდდა და ცენტრალური გზა დატბორა, განადგურდა მოსახლეობის ნაკვეთები, დაიხოცნენ შინაური ცხოველები; 2015 წელს ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში დაისეტყვა სოფლები, განადგურდა ნათესები, დაიხოცა შინაური ფრინველი; ღვარცოფის გამო ჩაიკეტა ცენტრალური მაგისტრალი.

ეს ბოლო 3 წელიწადში მომხდარი იმ სტიქიური მოვლენების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები ბოლო ხანებში გახშირდა. გარემოს ყველაზე დიდი ზიანი ადამიანების ხელით ადგება, ამბობენ სამცხე-ჯავახეთში და სტიქიური მოვლენების გახშირების მიზეზად მასობრივად გაჩეხილ ტყესა და დაბინძურებულ გარემოს ასახელებენ.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტიქიური მოვლენების გახშირების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაა. მათი თქმით, სამცხე-ჯავახეთში მეწყრული ზონების მატება და ძლიერი ქარი ტყის მასობრივი ჭრის შედეგია. რისკების შემცირებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიქიამ ადამიანის სიცოცხლე აღარ შეიწიროს, ამბობსგარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "აწყურის“ თავმჯდომარე ნანა ნათენაძე.

"ასეთი რისკების შემცირება თვითმმართველობების დონეზე პრიორიტეტი ერთი თუ არა, მეორე მაინც უნდა იყოს. მართალია, ეს მხოლოდ თვითმმართველობების კომპეტენცია არ არის, მაგრამ მსგავსი შედეგების ლიკვიდაციას თვითმმართველობა ახორციელებს. ამიტომ რაღაცნაირად უნდა შეუთავსოს“, - შენიშნავს კავკასიის გარემოსდაცვითი არსამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში თამუნა კაპანაძე.

2014 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში სარისკო ადგილები აღწერა. მონაცემების მიხედვით, რეგიონში 720-მდე მეწყრული ზონაა. სტიქიური, გლობალური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების რუკის მიხედვით კი, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბორჯომში, ადიგენსა და ახალციხეშია. სტიქიური მოვლენების უარყოფითი შედეგების ერთ-ერთ მიზეზად საზოგადოება არასწორი პროექტების განხორციელებასაც ასახელებს. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის პრევენციის მიზნით ქალაქში შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG