Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

42 მევენახე 2014 წელს ჩაბარებული ყურძნის საფასურს ითხოვს


რთველი კახეთში. 2015 წელი
რთველი კახეთში. 2015 წელი

საგარეჯოს სოფლებში მცხოვრები მევენახეები ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურებას უკვე მეორე წელია უშედეგოდ ელოდებიან. გლეხებმა ყურძენი „შპს ელიკას” ჩააბარეს, მაგრამ მევალემ ვალი ვერ გადაიხადა და შპს-ს მფლობელმა საქართველო დატოვა. დაზარალებულთა პრობლემით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაინტერესდა და შესაბამის უწყებებს პრობლემის მოგვარება დაავალა.

42 მევენახეს საგარეჯოს ოთხ სოფელში უკვე მეორე წელია ჩაბარებული ყურძნის საფასური არ მიუღია. დაზარალებულ მევენახეთა შორის არის სოფელ ბადიაურში მცხოვრები გენადი ჯავახიშვილი. ის ამბობს, რომ საფერავის ჯიშის ყურძენი ქარხანას 2014 წლის 4 ოქტომბერს ჩააბარა, მაგრამ ჩაბარებული მოსავლის საფასური დღემდე არ მიუღია. გენადი ჯავახიშვილს 5 000 ლარამდე აქვს მისაღები. ინფორმაცია საგარეჯოში ასეთი პრობლემის არსებობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გაახმიანა.

მათ შორის, ვინც ჩაბარებული ყურძნის საფასურის მიუღებლობით დაზარალდა, არის მარინა საბაშვილიც. სხვების მსგავსად, 2014 წელს ყურძენი მარინამაც ჩააბარა, 7 500 ლარზე მეტი ღირებულების, მაგრამ თანხა ჯერ კიდევ არ მიუღია. როგორც ირკვევა, მევენახეებმა ყურძენი ბიზნესმენ ელიზბარ დათუაშვილს ჩააბარეს, რომელიც ამჟამად საქართველოდან არის გასული და, ადგილობრივების თქმით, ვალის გადახდას არ აპირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ შემთხვევას ამაზრზენი უწოდა. ის მიიჩნევს, რომ ამ საკითხით ყველა შესაბამისი უწყება უნდა დაინტერესდეს და მკაცრი რეაგირებაც მოახდინოს.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პრემიერს პირობა მისცა, რომ უწყება მაქსიმალურად შეეცდება გამოსავალი იპოვოს.

42 დაზარალებული ოჯახის მევალე „შპს ელიკა” და მისი დირექტორი ელიზბარ დათუაშვილია. ირკვევა, რომ 2014 წლის რთველზე მას მუკუზნის ღვინის ქარხანა ჰქონდა დაქირავებული. ამ დროისთვის ქარხანაში „ელიკას“ წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან, ელიზბარ დათუაშვილი კი, ოჯახის ინფორმაციით, უკრაინაშია წასული.

როგორ და როდის გადაწყდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობის პრობლემა, უცნობია. მევენახეები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG