Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში მყოფი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ


რადიო თავისუფლებამ სოციალური ქსელით ალჟირიდან მიიღო შეტყობინება ქართველი მეზღვაურებისგან, რომლებიც იუწყებიან, რომ თითქმის 10 თვეა გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან გემზე, სახელწოდებით EOS-ი, რომლის ტვირთი დაპატიმრებულია და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი გემთმფლობელს, დამქირავებელსა და მყიდველს შორის.

მეზღვაურები აღნიშნავენ, რომ მათი სამუშაო კონტრაქტის ვადა ამოწურულია, მაგრამ სამშობლოში არ უშვებენ, გემთმფლობელმა კი მათთან კონტაქტი 3 თვეზე მეტია შეწყვიტა.

”გემზე არ არის დაცული უსაფრთხოების ელემენტარული ზომები. პროდუქტებით მომარაგება შეგვიწყვიტეს. ეკიპაჟის თითქმის ყველა წევრი დაავადებულია და იმყოფება ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. ინფორმირებულნი არიან საქართველოს საზღვაო დეპარტამენტი და საელჩო ესპანეთში, რომელთა მცდელობას ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებები ჯერჯერობით არ მოაქვს. მოგმართავთ, როგორც უსამართლობასთან მებრძოლ, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას, ჩვენი გასაჭირი ამცნოთ მთელ მსოფლიოს”, - ნათქვამია ჭოლა ჯაშის მიერ 10 მეზღვაურის სახელით რადიო თავისუფლებისთვის ალჟირიდან Facebook-ით გამოგზავნილ შეტყობინებაში.

ჩვენი რადიოს გარდა, მეზღვაურებს წერილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშიც გაუგზავნიათ. სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ნინო ხარაძე ამბობს, რომ წერილი 1 აპრილს მიიღეს, რის შემდეგაც სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე პირადად დაუკავშირდა მეზღვაურებსაც და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, ვითარების გარკვევა კომპეტენციის მიხედვით დაავალა ესპანეთში საქართველის საკონსულოს.

ნინო ხარაძის ცნობით, 10 მეზღვაური პორტუგალიის დროშით მცურავი გემის ეკიპაჟის წევრია და ამჟამად იმყოფება ჟენჟენის პორტში, რომლის ადმინისტრაცია ტვირთის გამო დაწყებული სასამართლო პროცესის დასრულებამდე მათ ნავსადგურის დატოვების უფლებას არ აძლევს.

”ველოდებით მოვლენების განვითარებას და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა დღეს ნინო ხარაძემ. მისივე ინფორმაციით, EOS-ზე მყოფ ქართველ მეზღვაურებს 3 თვეა ხელფასი არ მიუღიათ.

გემზე მყოფი ერთ-ერთი მეზღვაურის, გელა კიზირიას ნათესავმა, ერეკლე გუჯაბიძემ, რადიო თავისუფლებას დღეს უამბო, რომ ალჟირში მყოფი მეზღვაურები, რომლებთანაც ოჯახის წევრებს სატელეფონო კავშირი აქვთ, გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან.

”ერთადერთს ითხოვენ, რომ როგორმე დავაბრუნოთ საქართველოში”, - ამბობს ერეკლე გუჯაბიძე. მისი ცნობით, ბოლო ხანს გემს სამხედრო დაცვა მიუჩინეს და ამის გამო მეზღვაურები ბორტის დატოვებას იშვიათად ახერხებენ. შემდეგი სასამართლო პროცესი ალჟირში 12 მაისსაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG