Accessibility links

logo-print

რა კავშირი აქვს მღვდელს სანდრო გირგვლიანის საქმესთან?


გენერალური პროკურატურა

გენერალური პროკურატურა

ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს, წლების წინ სწორედ იმ ციხის უფროსი იყო, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ განთავსებული. როგორც მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა ამბობს, 12-საათიან დაკითხვაზე პროკურატურა მისგან ცრუ ჩვენების მიცემას იმის თაობაზე ითხოვდა, თითქოს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები ბაჩო ახალაიას მითითებით იმყოფებოდნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირები პრივილეგიებით რომ სარგებლობდნენ, ამას ადასტურებს მთავარი პროკურატურა, პატიმარ გია ალავიძის დაცვის მხარე კი ამის შესახებ ვიდეომასალაზე დაყრდნობით ლაპარაკობს.

მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა პროკურატურაში 13 აგვისტოს ერისკაცობის დროინდელ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. მაშინ ის თემურ ტაბაღუა იყო, ავჭალის კოლონიად წოდებული სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების უფროსად მუშაობდა და სწორედ მის საპატიმროში იხდიდნენ სასჯელს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები:

გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა. ვიდეოკადრებში, რომელიც პარასკევს, 16 აგვისტოს, ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა გაავრცელეს, ნიკოლოზ ტაბაღუა ამბობს, რომ დაკითხვა დილის 11 საათიდან ღამის 11 საათამდე მიმდინარეობდა:

”ისინი ჩემგან ითხოვდნენ არარსებული ფაქტების დადასტურებას, რაც უშუალოდ შეეხებოდა ბაჩო ახალაიას - რომ ბაჩო ახალაიას მიმართ ცრუ ჩვენებით მეთქვა რაღაცეები და დამედასტურებინა ის ფაქტები, რაც, საბოლოო ჯამში, ბაჩო ახალაიას დააზარალებდა, ასეთი ფაქტების აღწერა... ”

ავჭალის კოლონიის ყოფილი უფროსი და ამჟამად მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა ამბობს ასევე, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მოპოვების პროცესში დამაბნეველი შეკითხვებითა და ქმედებებით მასზე 4 პირი ზემოქმედებდა. იყო გასაგები მუქარაც:

”თუ არ მოხერხდებოდა ისეთი ფაქტების დადასტურება, რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ჩვენი თანამშრომლების, ციხის ყოფილი თანამშრომლების, 7 კაცის, დაპატიმრება, მათ შორის - ჩემიც. და დააკავებდნენ ყველას ერთად”.

თემურ ტაბაღუას დირექტორობის პერიოდში მსჯავრდებულები გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური იმყოფებოდნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ უკანონოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს...
ნიკოლოზ ტაბაღუას მონათხრობს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა. პარასკევს, გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ”გენერალური ინსპექცია განახორციელებს დაუყოვნებლივ სამსახურებრივ მოკვლევას და მოკვლევის შედეგებს განასაჯაროვებს”, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერში თავად ტაბაღუა არ აკონკრეტებს, თუ რა ფაქტების აღიარებას ითხოვდნენ მისგან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და ასევე არ ასახელებს, თუ რაში გამოიხატებოდა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა.

ამავე განცხადებაში მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ 2006-2011 წლებში სწორედ თემურ ტაბაღუა ხელმძღვანელობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულებას, სადაც სასჯელს იხდიდნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ 2006 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები.

”თემურ ტაბაღუას დირექტორობის პერიოდში მსჯავრდებულები გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური იმყოფებოდნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ უკანონოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნისას მათ საცხოვრებელ ოთახებში იმართებოდა ღრეობები, მსჯავრდებულები იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით. აღნიშნულ გარემოებათა დადგენის მიზნით თემურ ტაბაღუა არაერთხელ დაიკითხა მოწმის სახით ს. გირგვლიანის საქმის გამოძიბის ფარგლებში, ხოლო მისი უკანასკნელი დაკითხვა შედგა 2013 წლის 13 აგვისტოს”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, ”უკანასკნელი დაკითხვისას თ. ტაბაღუას არაფერი ახალი არ უთქვამს გამოძიებისათვის, რაც მას და ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე სხვა მოწმეებს მანამდე არაერთხელ დაუდასტურებიათ მათი დაკითხვისას”, ხოლო ”საგამოძიებო მოქმედებათა ამოწურვისთანავე ბრალდება მიიღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ“.

როდესაც მან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ის სასჯელს იხდიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელებთან ერთად, შემდეგ დაუკავშირდა ტელეკომპანია ”მაესტროს” და მათი ტექნიკური დახმარებით მოახერხა გადაეღო ის კადრები, როგორ ტოვებდნენ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებას...
შეუძლებელია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების პრივილეგირებული მდგომარეობის შესახებ არაფერი სცოდნოდა იმ დაწესებულების უფროსს, სადაც ისინი სასჯელს იხდიდნენ და ასევე შეუძლებელია, რომ საპატიმროს უფროსს ემოქმედა უფრო მაღალი თანამდებობის პირების მითითების გარეშე, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პატიმარ გია ალავიძის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ეკა ქობესაშვილი. მართალია, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უშუალოდ ავჭალის კოლონიის იმდროინდელი უფროსის მოქმედებებზე არასოდეს გაუმახვილებია ყურადღება, მაგრამ, ადვოკატ ქობესაშვილის თქმით, ყოფილი გამომძიებლის, გია ალავიძის მიერ ქრთამის აღების ბრალდებით პირველი პატიმრობის შემდეგ მოპოვებული მასალები აშკარად მეტყველებს გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა პრივილეგიებზე:

”როდესაც მან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ის სასჯელს იხდიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელებთან ერთად, შემდეგ დაუკავშირდა ტელეკომპანია ”მაესტროს” და მათი ტექნიკური დახმარებით მოახერხა გადაეღო ის კადრები, როგორ ტოვებდნენ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებას, როგორ ჩვეულებრივად გადაადგილდებოდნენ ისინი ქალაქის ტერიტორიაზე, როგორ მიდიოდნენ მათთან მაღალი თანამდებობის პირები სტუმრად, როგორ ჩვეულებრივად შედიოდა და გამოდიოდა ხალხი მათთან შესახვედრად... ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი პატიმრები და სხვა პატიმრებთან შედარებით აშკარად სარგებლობდნენ პრივილეგიებით... ეს კადრები გავიდა 2009 წლის 25 მაისს ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში.”

ამის შემდეგ გია ალავიძე სულ მალე, იმავე წლის აგვისტოში, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, დაკავების შესახებ 3 თვის მანძილზე ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. ეკა ქობესაშვილისთვის ცხადია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ნიშნით, ანგარიშსწორების მიზნით იქნა დაპატიმრებული. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას გია ალავიძისგან მკაცრად მოითხოვდნენ, რომ სასწრაფოდ წარმოედგინა დამატებითი ვიდეომასალები გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შესახებ, თუკი ის ამგვარ მასალებს ფლობდა. ალავიძეს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ამნისტიისა და შემდეგ უკვე ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებული აპელაციის შედეგად, მას სასჯელი საგრძნობლად შეუმცირდა.

”სულ, საბოლოო ჯამში, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უკვე აქვს მოხდილი და კანონის საფუძველზე მას უკვე ეკუთვნის პირობით-ვადამდე გათავისუფლება. ჩვენი თხოვნაც ეს იყო, რომ პირობით-ვადამდე გათავისუფლების საბჭომ და კომისიამ გულდასმით განიხილოს ეს საკითხი და მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების თაობაზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატს იმედი აქვს, რომ გია ალავიძის გათავისუფლება რამდენიმე კვირის ფარგლებში მოხერხდება და რომ, საქმის შესწავლის შემდეგ, შესაბამის დასკვნას ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტიც მოამზადებს. ამ ეტაპზე პატიმარ ალავიძის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა ის საპატიმროში მიმდინარე წლის თებერვალში მოინახულა.
XS
SM
MD
LG