Accessibility links

logo-print

რვა რელიგიურმა ორგანიზაციამ კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომლებითაც რელიგიური გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციული გარემო იქმნება. ლაპარაკია "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასა და საგადასახადო კოდექსზე, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის განსხვავებული საგადასახადო პირობები და გადასახადები მოქმედებს, მაშინ როცა იგივე საგადასახადო რეჟიმი არ ვრცელდება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე, რითაც, სარჩელის ავტორთა აზრით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლი.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმიდა სამების ეკლესია და ქრისტეს ეკლესია. როგორც რადიო თავისუფლებას ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ უთხრა, საკონსტიტუციო შეთანხმებისა და საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე სახის შეღავათით სარგებლობს:

„ერთი არის დღგ, მეორე - მოგების გადსახადი, რომლისგანაც გათავისუფლებულია, და მესამე - მიწის გადასახადი, რომელსაც ასევე არ იხდის. მსგავსი შეღავათები არ ვრცელდება არც ერთი სხვა რელიგიური გაერთიანებისათვის. ეს კი არღვევს თანასწორობის პრინციპს, რაც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით“.

მაგალითად, გარემონტება, რესტავრაცია, მოხატვა, სანთლები, რიტუალური დანიშნულების ნივთების შეძენა თუ იმპორტი, რელიგიური გაერთიანებები ისე იბეგრებიან, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაციები. გამონაკლისია მხოლოდ ერთი კონკრეტული რელიგიური თემი...

საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, თუმცა საქართველოში მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, თუ მეწარმე, მაგალითად, ამზადებს სანთელს საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად და ამზადებს ანალოგიური დანიშნულების ნივთს სხვა რელიგიური ორგანიზაციისათვის, ის მხოლოდ მეორე შემთხვევაში გადაიხდის მოგების გადასახადს, რაც მოგების 15 %-ს შეადგენს. თუ საპატრიარქო დაუკვეთს რელიგიური დანიშნულების მქონე უძრავი ნივთის სარემონტო სამუშაოებს, ის გადაიხდის მომსახურების ღირებულებას დღგ-ს გარეშე, ხოლო სხვა რელიგიური ორგანიზაცია, როგორც რუსუდან გოცირიძე ამბობს, იმავე ღირებულების გარდა, დამატებით ვალდებულია შემსრულებელს გადაუხადოს დღგ, რაც შეადგენს ღირებულების 18 %-ს:

„ისეთი საქმიანობის ანაზღაურება, როგორიც არის, მაგალითად, გარემონტება, რესტავრაცია, მოხატვა, სანთლები, რიტუალური დანიშნულების ნივთების შეძენა თუ იმპორტი, რელიგიური გაერთიანებები ისე იბეგრებიან, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაციები. გამონაკლისია მხოლოდ ერთი კონკრეტული რელიგიური თემი. ასე რომ, ჩვენი თხოვნაა და სარჩელის მთავარი აზრიც ესაა, რომ ხარვეზი, სადაც თანასწორობის პრინციპია დარღვეული, იქნეს აღმოფხვრილი“.

ამ სარჩელის მიზანი არის ის, რომ შეღავათები, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს დღეს, ასევე გავრცელდეს სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე და მათაც შეძლონ ამ შეღავათებით სარგებლობა...

გარდა ამისა, ყველა რელიგიური ორგანიზაცია, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსაგან, ვალდებულია ყოველი წლის 15 ნოემბრამდე გადაიხადოს მიწის გადასახადი, რაც მოსარჩელეთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის, ხელმძღვანელის ეკა ჭითანავას თქმით, ასევე დისკრიმინაციულია:

„შესაბამისად, ამ სარჩელის მიზანი არის ის, რომ შეღავათები, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს დღეს, ასევე გავრცელდეს სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე და მათაც შეძლონ ამ შეღავათებით სარგებლობა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ამ მოთხოვნას წლების განმავლობაში აყენებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია“.

და მართლაც, 2011 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში, სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, მიიღონ სათანადო ზომები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ფრაგმენტი სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშიდან:

მთავარია, რომ დაწყებულია საუბარი და მუშაობა. შესაბამისად, დიალოგის მზაობა არსებობს და ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება...

„გაგრძელდეს სხვა რელიგიური გაერთიანებების სამართლიანი და არადისკრიმინაციული კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა, საერთაშორისო გამოცდილებისა და არსებული განსხვავებული მოდელების გათვალისწინებით. აღმოიფხვრას უთანასწორო საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც სხვა რელიგიური გაერთიანებები მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული წესით იბეგრება“.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობილია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის, სადაც 12 ოქტომბერს ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომაზე სწორედაც რომ რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო საკითხების შესახებ იმსჯელეს.

„სახელმწიფოს მიერ იყო საუბარი ამ საკითხზე, გაკეთდა შეთავაზებაც და, საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომაზე, რომ ეს რელიგიური ორგანიზაციები მოემზადებიან, ჩამოყალიბდებიან ყველა მიმართულებით და ნოემბერ-დეკემბერში წარმოადგენენ თავიანთ დაზუსტებულ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავარია, რომ დაწყებულია საუბარი და მუშაობა. შესაბამისად, დიალოგის მზაობა არსებობს და ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება“, უთხრა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა რელიგიურმა ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელის მიღების შემთხვევაში, მოპასუხე საქართველოს პარლამენტი იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG